საქმე №ა-301-შ-5-2021 21 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ლ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის, სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეთა ი.ხ–სა (მცხოვრები საბერძნეთში, სალონიკში) და ლ.გ–ს (მცხოვრები საბერძნეთში, სალონიკში) შორის 24.09.2014წ., საქართველოში, ქ. თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. 29.01.2021წ. ლ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.02.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021წ. განჩინებით ლ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის, სალონიკის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს N10357/2017 გადაწყვეტილება (განაცხადის N2795/22-2-2017), რომლითაც შეწყდა მეუღლეთა შორის 24.09.2014წ., საქართველოში, ქ. თბილისში რეგისტრირებული ქორწინება.
5. შუამდგომლობის ავტორმა მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მოწინააღმდეგე მხარის გვარის "ბ–ის" ნაცვლად "ხ–ის" მითითება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, ის ასევე უფლებამოსილია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
7. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში განმცხადებლის მეუღლის გვარი მითითებულია უსწოროდ, კერძოდ, "ბ–ი" - ნაცვლად "ხ–ისა". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განჩინების როგორც შესავალ, ისე აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში გვარი აღნიშნულია სწორად.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გასწორდეს დაშვებული უსწორობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და "ბ–ის" ნაცვლად მიეთითოს "ხ–ევი".
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე