№ ას-898-2018 12 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ღ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ღ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „აქციონერი“) სს „ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“, „საზოგადოება“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ჩვეულებრივი აქციების 6.94707%-ის მესაკუთრეა.
2. 2014 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობითი მოთხოვნით მიმართა საზოგადოების დირექტორს, რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე. დღის წესრიგად მითითებული იყო საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმება. საზოგადოების დირექტორმა მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიემართა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის.
3. 2014 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობითი მოთხოვნით მიმართა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. მოსარჩელე ითხოვდა საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმების თაობაზე აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევას. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ მოსარჩელეს წერილობით უპასუხა, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა ფინანსური სახსრები აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევად.
4. მოსარჩელემ და სხვა აქციონერებმა მიმართეს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და განაცხადეს, რომ საერთო კრების გამართვისათვის საჭირო სახსრებს სრულად უზრუნველყოფდნენ თავად განმცხადებლები. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ კვლავ უგულებელყო განმცხადებლის მოთხოვნა და საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრება მაინც არ მოიწვია.
5. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაყენებულია საზოგადოების აქციონერთა ბოლო კრების გამართვიდან ერთი თვის გასვლის შემდგომ.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა ვალდებულება საზოგადოების ბოლო ექვსი წლის სპეციალური შემოწმების საკითხზე მოეწვია აქციონერთა რიგგარეშე კრება.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ დაუცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები. მოსარჩელეს და სხვა დაინტერესებულ პირებს კრების მოწვევის შესახებ საზოგადოებისგან უარის მიღების შემდგომ თავად უნდა მოეწვიათ რიგგარეშე კრება და ორჯერ კვორუმის არარსებობის შემთხვევაში თუ რიგგარეშე კრება ვერ შედგებოდა, ექნებოდათ უფლებამოსილება, მიემართათ სასამართლოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წესდებით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვის უფლებამოსილება, უპირატესობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა მიენიჭოს.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში გაემართა საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე კრება მოპასუხის ხარჯით, ხოლო მოპასუხის მიერ რიგგარეშე კრების მოწვევის ხარჯების უქონლობის შემთვევაში, მოსარჩელის ხარჯით, დღის წესრიგით: კომპანიის საქმიანობის ბოლო ექვსი წლის სპეციალური შემოწმება.
9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის, როგორც საზოგადოების 5%-ზე მეტი აქციების მესაკუთრის კონტროლისა და შემოწმების უფლება, რომელიც მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ენიჭება. ამ უფლების რეალიზაცია არ არის დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან რაიმე გარემოების არსებობა-არასებობაზე, მათ შორის, გაზეთში პუბლიკაციის, აქციონერთათვის დაზღვეული წერილების გაგზავნისა და ნოტარიუსისათვის გადასახდელი ფულადი სახსრების არსებობა-არარსებობაზე, რის გამოც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-33 პუნქტში მითითებული წინაპიროებების არსებობისას რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავადებულოა საზოგადოებისათვის.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-33 პუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ ნორმა განამტკიცებს სააქციო საზოგადოების აქციონერის ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანეს საშუალებას - მოითხოვოს საზოგადოების რიგგარეშე კრების მოწვევა ამავე ნორმით გათვალისწინებული პირობების დაცვით. აქციონერის ზემოაღნიშნული უფლება ასახულია საზოგადოების წესდების მეხუთე მუხლშიც.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი აქციების 6.94707%-ის მფლობელმა აქციონერმა არაერთხელ მიმართა საზოგადოებას წერილობით სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე და მიუთითა განსახილველი საკითხი - საზოგადოების ბოლო ექვსი წლის საქმიანობის შემოწმება; მიუხედავად მოსარჩელის მიმართვისა, მოპასუხეს არ მოუწვევია კრება, რასაც იმით ხსნის, რომ საზოგადოების ანგარიშებს ადევს ყადაღა და, სათანადო ფინანსების არსებობის შემთხვევაში, კრება აუცილებლად გაიმართება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დასახელებული არგუმენტით მოსარჩელის მოთხოვნის უგულებელყოფა. სასამართლომ მიუთითა, რომ აქციონერმა (სხვა აქციონერებთან ერთად) ამ მიზეზით კრების ჩატარებაზე უარის საპასუხოდ ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში მიმართა საზოგადოებას და გამოთქვა შესაბამისი ხარჯების გაღების მზადყოფნა. ამის მიუხედავად, კრება მაინც არ მოწვეულა, რამაც საბოლოოდ განაპირობა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
15. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევა შეუძლებელი იყო, რამდენადაც საზოგადოებას არ გააჩნდა ფინანსები და, ამასთანავე, ფინანსების არსებობის შემთხვევაშიც, აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ იკრიბებოდა სათანადო დამსწრეთა რაოდენობა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ერთი მუხლი, რაც არ არის საკმარისი, არამედ, გადაწყვეტილება სხვადასხვა ნორმის ანალიზის საფუძველზე უნდა გამოტანილიყო. კასატორის მითითებით, საჭირო იყო ფაქტობრივი გარემოებების უფრო ღრმა ანალიზი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-33 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად) უფლებამოსილი არიან, შეიტანონ დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა.
21. ამავე მუხლის მე-34 პუნქტის თანახმად, თუ ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (კრების ინიციატორები) მიმართავენ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნით და ამ კრების ერთადერთი საკითხი არის დირექტორის (დირექტორების), მათ შორის, იმ დირექტორის, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გადაყენების მოთხოვნა, მაშინ კრება ტარდება ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში არ იქნა მოწვეული რიგგარეშე კრება, მაშინ ამ კრების ჩატარების უფლება აქვთ კრების ინიციატორებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მიმართეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს შეუძლიათ ხელახლა მოიწვიონ კრება არა უადრეს პირველი კრების მოწვევიდან 20 დღისა. კრების ინიციატორები ხელახალ რიგგარეშე კრებას მოიწვევენ ამ პუნქტით დადგენილი წესით. ეს კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელიც საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) ავალებს რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში ჩატარებას.
22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-33 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა [ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება] აქციონერთა მმართველობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობის ერთგვარი საშუალებაა და მისი დაუსაბუთებელი შეზღუდვა გაუმართლებელია. აგრეთვე, იგი განამტკიცებს სააქციო საზოგადოების აქციონერთა ინტერესების დაცვას. სწორედ ამიტომ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სასამართლოს მხრიდან საწარმოსათვისათვის რიგგარეშე კრების ჩატარების დავალების პროცედურას.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები (სუსგ №ას-1063-1018-2014, 2015 წლის 8 აპრილი). სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მოსარჩელე საზოგადოების ჩვეულებრივი აქციების 6.94707% მესაკუთრეა, ასევე დასტურდება მისი მხრიდან რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოსათვის წერილობითი მიმართვის ფაქტიც, წერილში განსაზღვრული იყო დღის წესრიგი. ამასთან, მოსარჩელემ, როგორც საზოგადოების წესდებით იყო გათვალისწინებული, აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება მოითხოვა ბოლო აქციონერთა კრებიდან 1 თვის გასვლის შემდგომ. სამეთვალყურეო საბჭომ რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება გამოეყენებინა მისი, როგორც აქციონერის უფლება საწარმოს რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-34 პუნქტის წინაპირობები. საზოგადოების წესდების მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, ასევე, ითვალისწინებს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის წესებს. მითითებული მუხლების თანახმად, საზოგადოებას შესაძლოა სასამართლო წესით დაევალოს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევა. კომპანიის წესდებით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის პირდაპირი მიმართვის უფლებამოსილებაც.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. კასატორს სასამართლოში არ წარუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც წინამდებარე საქმეში გამორიცხავდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-33 და მე-34 პუნქტებით გათვალისწინებული წინაპიროებების არსებობას.
25. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე № ას-552-527-2016, 6 აპრილი, 2017 წელი, იმ ნაწილში, რომლითაც საზოგადოებას სასამართლო წესით დაევალა პარტნიორთა კრების მოწვევა); არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ სს „ს–ას“ (ს/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 9 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე