Facebook Twitter

საქმე №ას-129-2021 18 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.თ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.კ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ქ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.თ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

სს „ქ.კ–მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სს „ქ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ა.თ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ა.თ–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) შპს „ა.თ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან შპს „ა.თ–ის“ მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით შპს „ა.თ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით შპს „ა.თ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ც.დ–ს (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 99) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2021 წლის 22 აპრილს ჩაბარდა პირადად ადრესატს (ტ. 5, ს.ფ. 188).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 23 აპრილს და ამოიწურა 2021 წლის 29 აპრილს.

ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა.თ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური