საქმე №ას-216-2019 2 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ი–ი, თ.ლ–ძე, მ.შ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისში, ….. მდებარე 45.50 კვ.მ. ბინა №51, ს/კ …… (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), 28.05.1998წ. №1088 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 18 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ე.ხ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „მარწმუნებელი“) სახელზე.
2. მოსარჩელეს, როგორც მარწმუნებელსა და ნ.ი–ს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „რწმუნებული“), როგორც რწმუნებულს შორის 2013 წლის 31 აგვისტოს სანოტარო წესით დაიდო დავალების ხელშეკრულება.
3. 31.08.2013წ. მინდობილობის საფუძველზე 2013 წლის 19 დეკემბერს რწმუნებულს, თ.ლ–ძესა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და მ.შ–ას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ზემოაღნიშნული სადავო უძრავი ქონება.
4. 2014 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით პირველ მოპასუხეს მიანიჭა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის (მათ შორის, სადავო უძრავი ქონების გასხვისების) უფლებამოსილება.
5. 11.04.2014წ. მინდობილობის საფუძველზე 2014 წლის 23 მაისს, ერთი მხრივ, რწმუნებულს, ხოლო, მეორე მხრივ, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის შესაბამისად 2014 წლის 30 მაისიდან სადავო უძრავი ქონება აღირიცხა პირველი და მეორე მოპასუხეების თანასაკუთრებად.
6. 2014 წლის 08 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა 31.08.2013წ. და 11.04.2014წ. მინდობილობების, 19.12.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 23.05.2014წ. ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე შეასრულა, რამაც რწმუნებულისათვის იმ უფლებამოსილების მინიჭება განაპირობა (მათ შორის, უძრავი ქონების გასხვისების უფლება), რაც მოსარჩელის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.10.2017წ. Nას-932-872-17 განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება და მოსარჩელის სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მინდობილობებისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან ერთად მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი მიკუთვნებითი მოთხოვნა.
8. მოსარჩელე დაბადებულია რუსეთში და საშუალო სკოლა რუსულად აქვს დამთავრებული. იგი 1962 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და იმავე წლიდან ცხოვრობს საქართველოში.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა 31.08.2013წ. და 11.04.2014წ. მინდობილობების, ასევე 19.12.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 23.05.2014წ. ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება.
10. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 31.08.2013წ. და 11.04.2014წ. სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობებიდან დგინდება, რომ ე.ხ–ს ეცნობა მინდობილობების შინაარსი, ასევე, განემარტა მათი არსი და თანმდევი შედეგები, რაც მოსარჩელემ ქართულ ენაზე განხორციელებული ხელმოწერით დაადასტურა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ნოტარიუსის თანდასწრებით ნების გამოვლენა მოხდა ორჯერ. ამასთან, სადავო მინდობილობები საჯარო აქტის ფორმით დამოწმდა, რაც ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის გარიგების შინაარსისა და მისი თანმდევი შედეგების განმარტებას გულისხმობს.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, ასევე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს ნოტარიუსის მხრიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევაზე, მას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, გააჩნდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სანოტარო აქტის გაფორმების დროს მან ნოტარიუსს ქართული ენის არცოდნის შესახებ აცნობა და თარჯიმნის მომსახურება მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. თუმცა, მოსარჩელე ასეთ გარემოებაზე არ მიუთითებს და არც შესაბამისი მტკიცება წარუდგენია სასამართლოსთვის.
17. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო მინდობილობების გაფორმებისას თარჯიმნის მონაწილეობის წინაპირობების არსებობა. სააპელაციო პალატის მითითებით, თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ იგი კარგად ფლობს სალაპარაკო ქართულ ენას. ამასთან, სადავო მინდობილობების შინაარსის გაცნობის ფაქტი მას ქართულ ენაზე განხორციელებული ხელმოწერით აქვს დადასტურებული.
18. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს მოსარჩელის მტკიცება, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება მესამე პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (მოსარჩელე არის პირველი მოპასუხის ბებია), რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც ნოტარიუსის თანდასწრებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნების იმგვარი წინდაუხედავი გამოვლენა, როდესაც პირი მინდობილობას ხელს აწერს ისე, რომ არ ეცნობა მის შინაარსს, შეცილების უფლებას გამორიცხავს. უფრო მეტიც, ნების ამგვარი გამოვლენა არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას.
20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. კასატორმა ნამდვილად გასცა მინდობილობები ბინის მართვასთან დაკავშირებით, თუმცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებასა და ნივთის გასხვისებაზე მას თანხმობა არ გამოუხატავს. დაინტერესებულმა პირებმა ისარგებლეს მოსარჩელის მხრიდან ქართულად წერა-კითხვის არცოდნით, მისთვის გასაგებ ენაზე არ განუმარტეს და არ წაუკითხეს სადავო მინდობილობების შინაარსი და მისი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერინეს სხვა შინაარსის რწმუნებულებებზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო რწმუნებულებები გაცემულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის დარღვევით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
21.2. ვინაიდან სესხისა და იპოთეკის, ასევე ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები საჭიროებდა კასატორის ნებართვას, რომელიც რწმუნებულს არ ჰქონდა, აღნიშნული ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც ნებართვის გარეშე დადებული გარიგებები.
21.3. კასატორი დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, რუსი ეროვნების მშობლების ოჯახში, რუსულ ენაზე დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო ქართული განათლება მიღებული არ აქვს. შესაბამისად, მან არ იცის ქართულად წერა-კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 1962 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქესთან და ცხოვრობს საქართველოში, საუბრობს ქართულ ენაზე.
21.4. სასამართლომ მინდობილობაზე ხელმომწერ პირს დააკისრა ენის ცოდნასთან დაკავშირებით ნოტარიუსის ინფორმირების ვალდებულება. ამასთან, მინდობილობაზე ქართულ ენაზე შესრულებული კასატორის ხელმოწერა, ფაქტობრივად, მიიჩნია ქართული ენის ცოდნად, მიუხედავად იმისა, რომ გარიგებაზე ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებისა და/ან გარიგების შინაარსის შედგენის პირდაპირი ვალდებულება კანონის თანახმად ნოტარიუსს ეკისრება და არა გარიგების მხარეს.
21.5. ნოტარიუსმა არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ, კასატორის იდენტიფიცირებასთან ერთად მას უნდა მოეხდინა იმისი შემოწმებაც, შეეძლო თუ არა კასატორს ქართულად წერა-კითხვა და ეს უკანასკნელი უნდა უზრუნველეყო თარჯიმნით. ნოტარიუსმა არ შეამოწმა კასატორის ნების ნამდვილობა, არ განუმარტა მას გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები.
21.6. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე მუხლები, ასევე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი; არასწორად განმარტა იმავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სადავო მინდობილობების გაფორმებისას ნოტარიუსმა იგი არ უზრუნველყო თარჯიმნის მომსახურებით, ასევე არ განუმარტა მინდობილობების შინაარსი და მათი სამართლებრივი შედეგები, რასაც შედეგად რწმუნებულისათვის იმგვარი უფლებამოსილებების მინიჭება მოჰყვა, რაც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა.
29. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.
30. იგივე შინაარსისაა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, სანოტარო აქტი (საჯარო აქტი) უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.
31. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.
33. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის გამო, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ნოტარიუსმა სანოტარო აქტზე ხელმოწერისას მარწმუნებელს სათანადოდ არ გააცნო სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოსარჩელე ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს, ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარე, რომელმაც არ იცის სანოტარო მოქმედების შესრულების ენა, თავად არის ვალდებული მიუთითოს ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ.
34. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 31.08.2013წ. და 11.04.2014წ. მინდობილობების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა სადავო სანოტარო აქტების შინაარსი და მათი სამართლებრივი შედეგები, რაც მან დაადასტურა ქართულ ენაზე განხორციელებული ხელმოწერით [31.08.2013წ. მინდობილობის ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მარწმუნებელს წააკითხა და განუმარტა მინდობილობის შინაარსი. მარწმუნებელმა განაცხადა, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავდა მის ნებას; 11.04.2014წ. მინდობილობის ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მარწმუნებელს მინდობილობის ტექსტი ხმამაღლა წაუკითხა და განუმარტა მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. მარწმუნებელმა თავადაც წაიკითხა და მოიწონა მინდობილობის შინაარსი]. სადავო მინდობილობები საჯარო აქტის ფორმით დაიდო. მოსარჩელეს ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მარწმუნებელი სანოტარო აქტზე ხელმოწერამდე გაეცნო მის შინაარსს და მიიღო ჯეროვანი განმარტებანი.
35. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს] მითითებით დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ანუ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი; №ას-1814-2018, 05 ივლისი, 2019 წელი; №ას-462-2019, 31 ივლისი, 2019 წელი).
36. მოსარჩელე იმის დასადასტურებლად, რომ სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ იგი დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, რუსი ეროვნების მშობლების ოჯახში და საშუალო სკოლა რუსულად აქვს დამთავრებული. თუმცა, აღნიშნული გარემოებები უტყუარად არ ადასტურებს, რომ სადავო მინდობილობების გაფორმებისას მოსარჩელე სათანადოდ არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 1962 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან, ცხოვრობს საქართველოში და, როგორც თავად განმარტავს, ქართველებთან ურთიერთობის შედეგად ისწავლა ქართულად საუბარი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სანოტარო აქტების შედგენისას მან ნოტარიუს განუცხადა ქართული ენის სათანადოდ არცოდნისა და თარჯიმნის საჭიროების შესახებ.
37. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ №ას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო მინდობილობების გაფორმებისას ქართული ენის სათანადოდ არ ცოდნისა და ამის შესახებ ნოტარიუსის ინფორმირების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ მას ნოტარიუსმა არ აცნობა აღნიშნული მინდობილობების შინაარსი და არ განუმარტა მათი სამართლებრივი შედეგები.
39. რაც შეეხება კასატორის შედავებას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა სადავო მინდობილობების კანონშეუსაბამობა, საფუძველს მოკლებულია აღნიშნული ხელშეკრულებების მართლზომიერებაზე მსჯელობა.
40. ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმების, მათი ანალიზისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სამართლის ნორმის არასწორ გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-586-551-2010, 11 ნოემბერი, 2010 წელი; საქმე №ას-1316-1254-2014, 19 თებერვალი, 2015 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.ხ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე