Facebook Twitter

საქმე №ას-572-2019 24 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.თ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირები - ჯ.ა–ძე, ც.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 27 მარტს მ.ა–ძესა (შემდგომში - „მოვალე“ ან „მამკვიდრებელი“) და ა.თ–ძეს (შემდგომში − „მევალე“, „კრედიტორი“, „იპოთეკარი“ ან „მოპასუხე“) შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების თანახმად, მოვალემ მოპასუხის მიმართ აღიარა ვალი (40 000 აშშ დოლარი) და იკისრა ვალდებულების 2014 წლის 27 აპრილამდე შესრულება.

2. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ვალის დაბრუნების ვადის ავტომატურად ორი თვის ვადით გაგრძელების შესახებ, რა დროსაც ვალს დაერიცხებოდა ყოველთვიური სარგებელი 2.5 %-ის ოდენობით და პირგასამტეხლო 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალემ იკისრა აღიარებული ვალის იპოთეკით უზრუნველყოფის ვალდებულება; მოვალეს იპოთეკით უნდა დაეტვირთა ჯ.ა–ძისა და ც.ც–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

3. ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო ფორმით.

4. 2014 წლის 27 მარტს მოვალის მიერ აღიარებული ვალის უზრუნველსაყოფად ჯ.ა–ძემ იპოთეკით დატვირთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ......); ამავე დღეს მოვალის მიერ აღიარებული ვალის უზრუნველსაყოფად ც.ც–ძემ იპოთეკით დატვირთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ .....).

5. იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დავალიანების ამოღება კრედიტორის საკუთრებაში იპოთეკის საგნების (საკადასტრო კოდებით: ..... და .....) გადასვლით დადგინდა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორი ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღირიცხა.

6. 2014 წლის 1 დეკემბერს მოვალე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. 2015 წლის 4 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე მოვალის კანონისმიერ მემკვიდრედ ნ.ა–ძე (მოვალის დედა) გამოცხადდა.

7. ნ.ა–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „მემკვიდრე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა კრედიტორის მიმართ ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ვალის აღიარების ხელშეკრულება იძულებით გაფორმდა.

8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. წინამდებარე საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთვნენ ჯ.ა–ძე და ც.ც–ძე (შემდგომში ერთად - „მესამე პირები“).

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გაჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ მამკვიდრებელს ვალის აღიარების ხელშეკრულება საცილოდ არ გაუხდია.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში არ ვლინდება მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. განსახილველ საქმეში, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი და სამართლებრივად გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. მოსარჩელის მითითებით, მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი არის ის, რომ არარსებული ვალისათვის არ გაიყიდოს იპოთეკით დატვირთული ქონება და ეს ქონება დაუბრუნდეს თავის მესაკუთრეებს - მესამე პირებს, რათა მათ რაიმე უკუმოთხოვნის უფლება არ ჰქონდეთ მოსარჩელის მიმართ.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ხელშეკრულების ბათილობით, რამდენადაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი სადავო უძრავ ქონებაზე ვერ აღდგება მესამე პირთა საკუთრების უფლება.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის არც ერთადერთი და არც საუკეთესო საშუალებაა და იგი არ იძლევა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივად გადაწყვეტის საშუალებას.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელში მითითებული სამართლებრივი პრობლემის გადასაჭრელად ახალი სამართალწარმოების დაწყებაა საჭირო; სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მითითებაზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მესამე პირებს (იპოთეკით დატვირთული ქონებების თავდაპირველი მესაკუთრეები) აღძრული აქვთ სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულებათა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე კვლავ მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით, სადაც მოსარჩელე ერთ-ერთ მოპასუხედ ჰყავთ დასახელებული.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში და დავის არსებითად განხილვა.

19. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

19.1. წარდგენილი სარჩელით დასტურდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს, როგორც მამკვიდრებლის სამართალმემკვიდრეს აღარ დაეკისრება 2014 წლის 27 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

19.2. იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღდგება მესამე პირთა საკუთრების უფლება და კერძო საჩივრის ავტორს აღარ ეყოლება პოტენციური მოსარჩელე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

23. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

26. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-148-138-2015, 2015 წლის 27 ნოემბერი).

27. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-937-887-2015, 2015 წლის 10 ნოემბერი).

28. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-17-14-2015, 2015 წლის 1 ივლისი).

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალემ კრედიტორის მიმართ აღიარა ვალი და იკისრა ვალდებულების 2014 წლის 27 აპრილამდე შესრულება; 2014 წლის 27 აგვისტოს იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსისმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დავალიანების ამოღება კრედიტორის საკუთრებაში იპოთეკის საგნების (საკადასტრო კოდებით: ...... და ......) გადასვლით მოხდა; 2014 წლის 1 დეკემბერს მოვალე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა; 2015 წლის 4 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე მოვალის კანონისმიერ მემკვიდრედ მოვალის დედა (კერძო საჩივრის ავტორი) გამოცხადდა.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოვალე გარდაიცვალა, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს, მას ეკისრება მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა.

31. სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს 2014 წლის 27 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობას. კერძო საჩივრის ავტორი როგორც სარჩელში, ისე კერძო საჩივარში უთითებს, რომ მისი იურიდიული ინტერესია მესამე პირებს (იპოთეკის საგნის თავდაპირველ მესაკუთრეებს) არ ჰქონდეთ მოთხოვნა მის მიმართ, რომელიც, შესაძლოა, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მათი ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში გამოიხატოს.

32. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაში იკვეთება მემკვიდრის ორი იურიდიული ინტერესი.

33. საკასაციო პალატა აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი პირის უფლება დარღვეული იყოს, უფლების მომავალში დარღვევის ვარაუდი წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს (იხ. სუსგ №ას-937-887-2015, 2015 წლის 10 ნოემბერი). განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებლის ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ამოღება სწორედ მესამე პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემით მოხდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იპოთეკის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ მესამე პირებს (იპოთეკის საგნის თავდაპირველ მესაკუთრეებს) მოთხოვნის უფლება უჩნდებათ მემკვიდრის, როგორც მოვალის უფლებამონაცვლის მიმართ. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, რომ იპოთეკის საგნის თავდაპირველ მესაკუთრეებს მის მიმართ არ ჰქონდეთ მოთხოვნის უფლება.

34. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე, რომლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოში იპოთეკით დატვირთული ქონებების თავდაპირველ მესაკუთრეებს (მესამე პირებს) აღძრული აქვთ სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულებათა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე კვლავ მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით, სადაც დღევანდელი მოსარჩელე ერთ-ერთ მოპასუხედ ჰყავთ დასახელებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტი). აღნიშნული ასევე დასტუდება მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებითაც (იხ. ტომი 1, ს.ფ. 114-115). აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირთა სარჩელი დაკმაყოფილდება და იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად იქნება ცნობილი, მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე კვლავ ძალაში დარჩება, მოსარჩელეს დაეკისრება კრედიტორის წინაშე ფინანსური ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მას, როგორც მემკვიდრეს, არ ჰქონდეს სამკვიდრო პასივი (ვალი).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ა–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე