საქმე №ას-783-2019 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – უ.ქ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ვ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში უ.ქ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა 8000 აშშ დოლარს შეადგენდა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. მოპასუხემ 4100 აშშ დოლარი გადაიხადა. თუმცა უკვე ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მას თანხა აღარ გადაუხდია. მოსაპუხემ შეთანხმება დაარღვია, თანხის გადახდას არ აპირებს და მოსარჩელეს საერთოდ არ ეხმიანება. მოპასუხეს ძირითადი თანხის ნაწილი, 3900 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.
3. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხეს ჰქონდა მოსარჩელის ვალი 8000 აშშ დოლარის ოდენობით. მან 4100 აშშ დოლარი გადაიხადა. იგი პირნათლად ასრულებდა შეთანხმებას და ყოველთვიურად იხდიდა 500 აშშ დოლარს. თუმცა 2018 წლის აპრილიდან ვეღარ შეძლო გადახდა, ვინაიდან მისი შემოსავლის წყარო, სატვირთო ავტომანქანა დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. აღნიშნული გარემოება ცნობილია მოსარჩელისათვის, მან პირადად ნახა ავტომანქანის მდგომარეობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე თანხის გადახდას სატვირთო ავტომანქანის შეკეთების შემდეგ გააგრძელებდა. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე მას არ ეხმიანება და არ აპირებს თანხის გადახდას სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატვირთო ავტომანქანის შეკეთება. მოპასუხის ამჟამინდელი შემოსავალი ოჯახის ხარჯებს არ ჰყოფნის. ერთიანად 3900 აშშ დოლარის გადახდა მისთვის შეუძლებელია და თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალის დასაფარად სჭირდება ვადა. მოპასუხემ შესაგებლით თანხმობა გამოთქვა მორიგებაზე და მორიგების პირობად მიუთითა, რომ ვალის დასაფარად ესაჭიროებოდა რვა თვე.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზის გამო;
5.2. 2018 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სასამართლო სხდომა ბრალდებულ ლ.ო–ას საქმეზე. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის წარმომადგენელი მონაწილეობდა ადვოკატის სტატუსით. რადგან მოსარჩელის ინსტერესებში შედიოდა საქმის სწრაფად განხილვა, მისმა წარმომადგენელმა სცადა ბრალდებულ ლ.ო–ას საქმეზე სასამართლო სხდომის გადადება. მოსარჩელის წარმომადგენელი გზაში იმყოფებოდა როდესაც აცნობეს, რომ სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რადგან სხდომის გადადება ვერ მოხერხდებოდა და მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო, რის გამოც იგი გზიდან დაბრუნდა. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნულის შესახებ სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობა.
6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
7.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს გაეგზავნათ სასამართლო უწყებები;
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელს, ი.გ–ძეს სასამართლო უწყება ჩაბარდა პირადად, 2018 წლის 21 სექტემბერს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინებით;
7.3. 2018 წლის 9 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის;
7.4. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. რაიონული სასამართლოს მითითებით, საჩივარში აღნიშნული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 9 ოქტომბერს, 12:20 საათიდან 12:26 საათამდე ბრალდებულის ადვოკატის სტატუსით მონაწილეობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა. რაიონული სასამართლოს მითითებით, მხარეს შეეძლო გამოუცხადებლობის ან სხდომაზე დაგვიანების შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის, მოსამართლის თანაშემწისათვის ან/და სასამართლოს კანცელარიისა თუ სხვა მოხელისათვის, მას შეეძლო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადების გაგზავნაც, რაც არ განუხორციელებია.
9. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა ისეთი საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის.
10. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პრეტენზია, რომ სასამართლოს მოსარჩელისათვის სხდომის თარიღი არ უცნობებია. რაიონული სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს, სასამართლოს მოსარჩელისათვის სხდომის დანიშვნისა და თარიღის შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდა.
11. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლით სარჩელის ცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა.
12. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 7.1 – 7.4 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით ირკვეოდა, რომ ადვოკატი ი.გ–ძე მონაწილეობდა 2018 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლ.ო–ას საქმეზე 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაში, რომელიც დაიწყო 12:20 საათზე და დასრულდა 12:26 საათზე.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში განთავსებული გზავნილით, სასამართლო უწყებითა და საფოსტო უკუგზავნილით ირკვეოდა, რომ მოპასუხის შესაგებელი თანდართულ მასალებთან ერთად, ასევე უწყება 2018 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მიწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელს, ი.გ–ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2018 წლის 21 სექტემბერს. თუმცა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როდის გააფრთხილეს ადვოკატი ი.გ–ძე 2018 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლ.ო–ას საქმეზე დანიშნული სხდომის თაობაზე, და რომ იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე შეუტყობინებლობა განაპირობა ობიექტურმა გარემოებამ. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობასთან ერთად არსებობდა თავად მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
19. 2019 წლის 22 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმიდან ს.ფ–ის ორი უკუგზავნილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა. განმცხადებლის მითითებით, საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილები მის მიერ არ იყო ხელმოწერილი. მას არც მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ჩაბარებია და არც სხდომის შესახებ ყოფილა გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, თუმცა ექსპერტმა შესადარებელი, გამოსაკვლევი უკუგზავნილების დედნები მოითხოვა, რომლებიც მოთავსებული იყო საქმეში.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დედანი დოკუმენტების საქმიდან ამოღებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლზე (საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები) და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია იმ დედანი საბუთების დაბრუნება, რომლებიც მტკიცებულებების სახით არის წარდგენილი თითოეული მხარის მიერ, მათი მოთხოვნის დასადასტურებლად.
22. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ მხარეთა მიერ მტკიცებულების სახით საქმეზე წარდგენილი დედანი საბუთები, ხოლო საქმის წარმოების პროცესში შედგენილი საპროცესო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო უწყება, გზავნილი, საფოსტო უკუგზავნილი არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა და მესამე პირისთვის - ექსპერტიზის ბიუროსათვის გადაეცა საპროცესო დოკუმენტები.
23. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში განთავსებული საფოსტო უკუგზავნილები შპს „ს.ფ–ის“ მიერ შედგენილი იყო ელექტრონული წარმოების წესით და მათი მოპოვება და ექსპერტიზის ბიუროსთვის წარდგენა მხარეს დამოუკიდებლადაც შეეძლო.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებაც.
25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25.1. მოსარჩელის წარმომადგენელს შესაგებელი და უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. მან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით, მაგრამ სასამართლომ უკუგზავნილები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ გადაგზავნა. აღნიშნულის გამო, მხარეს საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა წაერთვა;
25.2. სასამართლო ვალდებულია სასამართლო სხდომა დაიწყოს დანიშნულ დროს. თუ სხდომის დაწყება დათქმულ დროს შეუძლებელია, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი ვერ გახდება. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თუმცა იგი 12:16 საათზე დაიწყო, რის შესახებაც მხარეს დამატებითი შეტყობინება არ მიუღია;
25.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს აცნობა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან წარადგინა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო ადვოკატის პროცესზე დასწრების აუცილებლობის შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების საქმეზე სხდომა 2018 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ სხდომის გადადების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობა სასამართლოსაც. მათ სასამართლოს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა მიიღეს, თუმცა სხდომის მდივანი მოსარჩელის წარმომადგენელს სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა და აცნობა, რომ იგი აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე, რადგან სასამართლო საკუთარი ინიციატივით იხილავდა საპატიმრო ვადის გაგრძელების საკითხს და ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო იყო. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას მოსარჩელის წარმომადგენელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ესწრებოდა პროცესს. იგი ერთდროულად ორივე სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა;
25.4. მოსარჩელე არის პენსიონერი, რუსეთის მოქალაქე. მას ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თავისი ქმედუნარიანობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. გარდა ამისა, მოსარჩელე სასამართლო სხდომის დროის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ მისი წარმომადგენელიც კი არ იყო კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული. შეუიარაღებელი თვალითაც ირკვევა, რომ უკუგზავნილზე არ არის მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა;
25.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. მოპასუხე მხარე თანახმა იყო გადაეხადა ნასესხები თანხა. სასამართლომ კი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა;
25.6. რაც შეეხება საპატიო მიზეზის სასამართლოსთვის დროულად შეტყობინებას, მოსარჩელის წარმომადგენელს ამისათვის მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ბრალდების საქმეზე მისი სავალდებულოდ მონაწილეობის შესახებ ეცნობა. ამ მოკლე ვადაში მოსარჩელის წარმომადგენელმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან მას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. იგი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას ვერ შეძლებდა, რადგან გზაში იმყოფებოდა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს კი ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, რადგან ზარი საერთოდ არ შევიდა.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. 2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა მხარეთა მორიგების მიზნით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვაზე მოსარჩელის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს (პრეზუმფციას). ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
34. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე; 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელე არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ საქმე №ას-37-37-2018, 16 მარტი, 2018 წელი).
35. დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 9 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
36. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია, რომელზე დაყრდნობითაც იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს შესაგებელი და სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
37. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს საქმის პირველ და სააპელაციო ინსტანციებში განხილვისას იმ გარემოებაზე არ მიუთითებია, რომ მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ იყო. პირიქით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ იგი გაფრთხილებული იყო (იხ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი, 15:15:45-15:19:30). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში) აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებელია.
38. ამავე დროს, საქმეში არსებული გზავნილით, სასამართლო უწყებითა და საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა, რომ შესაგებელი თანდართულ მასალებთან ერთად და 2018 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მიწვევის შესახებ უწყება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს, ი.გ–ძეს, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 13-15) და 2018 წლის 21 სექტემბერს პირადად ჩაბარდა ადრესატს, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით (იხ. ტ.1. ს.ფ. 47; 49; 51-52).
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
40. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
41. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ უკუგზავნილებზე არსებული ხელმოწერა მოსარჩელის წარმომადგენელს არ ეკუთვნის, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგან მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. კასატორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს.
42. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საფოსტო უკუგზავნილების საქმიდან ამოღებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორის მითითებით, მას წაერთვა შესაძლებლობა, დაედასტურებინა, რომ საქმეში არსებულ ფოსტის უკუგზავნილებზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა არ იყო.
43. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინების დასაბუთებას (იხ. წინამდებარე განჩინების 21-23 პუნქტები) და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მას საქმეში არსებულ ფოსტის უკუგზავნილებზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერის არარსებობის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობა წაერთვა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა საფოსტო უკუგზავნილების ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადაგზავნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარზე სამართალწარმოების დასრულებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ მიმართა.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარეს კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც ამგვარი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე. მხარეს აღნიშნული მოქმედებები არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას განუხორციელებია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ასეთი დანაწესი განპირობებულია საკასაციო განხილვის თავისებურებით, რაც, უპირველესად, გულისხმობს იმას, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და შეამოწმოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნა საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას საქმეს ვერ დაერთვებოდა.
45. გარდა ამისა, მოსარჩელემ მხარემ თავად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც აცნობეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის თაობაზე. მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა და სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ ვერ აცნობა, რადგან ტელეფონზე ზარი საერთოდ არ შევიდა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ აღნიშნულ გარემოებებზე მითითებითაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლისთვის ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დანიშნული სხდომის შესახებ ცნობილი იყო.
46. საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი იმავე დღეს, იმავე დროს მონაწილეობდა სხვა სასამართლო პროცესში და შესაძლებლობა არ ჰქონდა გამოცხადებულიყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე, ვერ მიიჩნევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
48. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
49. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
50. ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა იმ სასამართლოსათვის, რომელშიც ვერ ახერხებდა გამოცხადებას.
51. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობდა. თუმცა მოსარჩელე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეეძლო მოსარჩელის წარმომადგენელს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოსათვის წინასწარ/გონივრულ ვადაში ინფორმაციის მიწოდება. რაც შეეხება კასატორის მითითებებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 25.6 ქვეპუნქტში, საკასაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარეს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.
53. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ, ადვოკატის გამოუცხადებლობასთან ერთად, არსებობდა თავად მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც.
54. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომის დროის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება სასამართლო უწყების მოსარჩელის წარმომადგენლისათვის ჩაბარების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს) შესაბამისად, სხდომის დანიშვნის შესახებ მხარის წარმომადგენლის ინფორმირება ნიშნავს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია მხარე. ამრიგად, მოსარჩელის წარმომადგენლისათვის სხდომაზე მიწვევის შესახებ უწყების ჩაბარებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მხარის ინფორმირების ვალდებულება შეასრულა. ამავე დროს, ვინაიდან სასამართლო უწყება მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ თავისი მარწმუნებლისათვის ეცნობებინა.
55. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
56. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).
57. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მის მიერ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან სესხის აღებისა და მის მიმართ ვალის არსებობის ფაქტი, თუმცა მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ შესრულების მზაობა არ გამოუხატავს. პირიქით, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მისთვის ერთიანად 3900 აშშ დოლარის გადახდა შეუძლებელი იყო და, თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალის დასაფარად სჭირდებოდა ვადა. ამრიგად, მის მიერ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე შეეწინააღმდეგა მოსარჩელის მოთხოვნას მისთვის ერთბაშად 3900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ და მიუთითა, რომ ვალდებულებას შეასრულებდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამასთან, მან შესაგებლით მორიგება ითხოვა. ასეთ პირობებში, მოპასუხის მიერ შესაგებელში გამოვლენილი ნება მხარის მიერ სარჩელის ცნობას ვერ გაუთანბრდება და ვერც სარჩელის სტანდარტული ცნობის თანმდევი შედეგები მოჰყვება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულიყო.
58. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 9 ოქტომბერს დანიშნული სხდომა, ნაცვლად 12:00 საათისა, 12:16 საათზე დაიწყო. კასატორის მითითებით, აღნიშნულის შესახებ მხარეს დამატებითი შეტყობინება არ მიუღია.
59. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის დაგვიანებით დაწყებით მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე დასასწრებად არც დანიშნულ დროს და არც დაგვიანებით გამოცხადებულა.
60. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
61. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
62. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-37-37-2018, 16 მარტი, 2018 წელი; საქმე №ას-668-639-2016, 13 მარტი, 2017 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
64. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
67. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს არც მათი მორიგების მიზნით, რადგან, როგორც ეს საკასაციო შესაგებელშია აღნიშნული, მოწინააღმდეგე მხარე საქმის მორიგებით დასრულებაზე თანახმა არ არის.
68. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 533,30 ლარის 70% – 373,31 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის თ.ვ–ძის წარმომადგენლის ი.გ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო;
3. კასატორს თ.ვ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ი.გ–ძის მიერ 2019 წლის 11 ივნისის №8050326670 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 533,30 (ხუთას ოცდაცამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის 70% – 373,31 (სამას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე