Facebook Twitter

საქმე №ას-1209-2020 18 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ბ–ი, ა.ბ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ.ა–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ა.ბ–ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, 2750 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ქ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 750 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ......... №45, ს/კ ...

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

5. 2020 წლის 29 ივლისს მოპასუხეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელსაც დაურთო მეორე მოპასუხის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით მეორე მოპასუხის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეჩერდა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება (№2ბ/2790-20).

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მეორე მოპასუხის გარდაცვალების ფაქტი. ამასთან, მიიჩნია, რომ სადავო სამართალებრივი ურთიერთობა უშვებს უფლებამონაცვლეობას მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, რაც, თავის მხრივ, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხს უკავშირდება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 372-ე მუხლით და ვინაიდან არ იყო ამოწურული სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადა და შესაბამისად, არ იყო დადგენილი უფლებამონაცვლე, მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა უნდა შეჩერებულიყო მოცემული საქმის წარმოება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ერთი წლის ნაცვლად საქმის წარმოების 6 თვით შეჩერება.

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა მაქსიმალური, ერთი წლის ვადით, რითაც დაარღვია მოსარჩელის უფლებები. საქმის დროულად განხილვა მოსარჩელისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მის შვილს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ოპერაციის შემდგომ საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის კურსი კი, ძალიან ძვირადღირებულია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მართლზომიერება.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. იმავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე, განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

16. ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია საქმის წარმოება შეაჩეროს გონივრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. ამასთან, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული, თუ რა წარმოადგენს გონივრულ ვადას. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია ამ ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო).

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე გარდაიცვალა 2020 წლის 12 აპრილს (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი - 2020 წლის 16 აპრილი; გარდაცვალების მოწმობა №01207013108). შესაბამისად, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაშვებია უფლებამონაცვლეობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეჩერდა მოცემული საქმის განხილვა. შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულება ამ ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი.

18. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა არაუმეტეს ერთი წლის ვადით, თუმცა, თუკი მოსარჩელისათვის უფრო ადრე გახდება ცნობილი სამკვიდროს მიმღები პირის შესახებ, მას უფლება აქვს ერთწლიანი ვადის გასვლამდე, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი, რაც იქნება საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საქმის წარმოების არაუმეტეს ერთ წლამდე ვადით შეჩერება არ ქმნის დაბრკოლებას იმისათვის, რომ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, უფრო ადრე მოხდეს საქმის წარმოების განახლება.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ საქმის წარმოების არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეჩერებით, დაირღვა მისი, როგორც მოსარჩელის უფლებები.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი