საქმე №ას-1286-2019 18 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი _ ბ.ქ–ძე (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ.დ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: .....) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) რეგისტრირებულია ე.ბ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებად.
2. ბ.ქ–ძე (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) და ნ.დ–ძე (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. პირველ მოპასუხეს არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
5. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო უძრავ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობს, ის წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მოსარგებლეს და მასზე უნდა გავრცელდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა. დადგინდა პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, როგორც პირველმა მოპასუხემ, ასევე მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დადგინდა მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის მისი გადაცემა. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016).
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველ მოპასუხეს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19). პირველ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს პირველი მოპასუხე.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავოა, რამდენად წარმოადგენს მეორე მოპასუხე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე განმარტებულია როგორც პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარგებლედ ყოფნა შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ ამავე კანონში მითითებული მტკიცებულებებით, კერძოდ, წერილობითი საბუთით (საბუთებით), რომლითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას [იხ. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი] სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით [იხ. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი].
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მეორე მოპასუხეს არ წარუდგენია წერილობითი საბუთი, რომლითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მეორე მოპასუხის სადავო ნივთის მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა, თუმცა მოცემული მტკიცებულებიდან დგინდება მეორე მოპასუხის ქ. თბილისში, ..... და არა ქ. თბილისში, ..... მე-5 ქუჩის №7-7ა-ში რეგისტრაციის ფაქტი, მეტიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2016 წლის 18 აპრილს გაცემული ცნობიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, ..... მე-5 ქუჩის №7-7ა- ში 1997 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე არ დგინდება არცერთი პირის რეგისტრაციის ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო ნივთის მდებარეობის მიხედვით, მეორე მოპასუხის რეგისტრაციის, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტის დადგენა, შეუძლებელია.
14. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
15. პირველმა კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: პირველი კასატორი 1981 წლიდან ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. ფართი პირველი კასატორის მამამ - თ.ქ–ძემ შეიძინა, თუმცა სასამართლო არც კი დაინტერესებულა ამ გარემოებებით, ისე მიიღო გადაწყვეტილება. პირველმა კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები.
16. მეორე კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მეორე კასატორი არ არის სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელი და ის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლეა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, პირველი და მეორე კასატორების საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
26. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-13), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერცერთმა კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
30. პირველი კასატორის მითითებით, იგი 1981 წლიდან ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. ფართი პირველი კასატორის მამამ - თ.ქ–ძემ შეიძინა, თუმცა სასამართლო არც კი დაინტერესებულა ამ გარემოებებით, ისე მიიღო გადაწყვეტილება. პირველმა კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სსსკ 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე ას-1903-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი). აღსანიშნავია, რომ პირველ კასატორს მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია, მან მხოლოდ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი (იხ. სუსგ საქმე №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წელი). საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენა საპატიო მიზეზის არსებობისასაც კი დაუშვებელია, კანონი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მსჯელობის საგნად აქცევს მხოლოდ საქმეში უკვე არსებულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში ასახულ შეფასებებს.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების მიღებაზე უარი და მისი გამოკვლევის შეუძლებლობა არ უკარგავს პირველ კასატორს შესაძლებლობას "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს სარჩელით პირველი ინსტანციაში, დაურთოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.
32. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საჩივარი არაკვალიფიციურია, რამდენადაც არ შეიცავს კონკრეტულ პრეტენზიებს და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია, ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს №8578431432 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი, ხოლო მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს №8589156552 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა; განცხადება; სადაზღვევო მოწმობა; ფორმა №25; ქვითარი; 2017 წლის 26 აპრილის მიმართვა; გარდაცვალების აქტის ჩანაწერი; აბონენტის ბრუნვის ისტორია; მიღება-ჩაბარების აქტი), მთლიანობაში „17“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 92-108).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.ქ–ძისა და ნ.დ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ბ.ქ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს №8578431432 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ნ.დ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 ოქტომბერს №8589156552 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. ბ.ქ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა; განცხადება; სადაზღვევო მოწმობა; ფორმა №25; ქვითარი; 2017 წლის 26 აპრილის მიმართვა; გარდაცვალების აქტის ჩანაწერი; აბონენტის ბრუნვის ისტორია; მიღება-ჩაბარების აქტი), მთლიანობაში „17“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 92-108);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი