საქმე №ას-1430-2019 24 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ლ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 10 მარტს ლ.ა–სა (შემდგომში -„მოსარჩელე“) და ლ.კ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „მსესხებელი“) შორის შედგა შეთანხმება (ხელწერილი), რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 2600 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2015 წლის დეკემბრამდე; მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ მოპასუხე 2100 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2014 წლის 30 აპრილამდე, ვალი მთლიანად გადახდილად ჩაითვლებოდა; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ იქნებოდა გადახდილი 2100 აშშ დოლარი, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდით.
2. მოპასუხეს არ შეუსრულებია ვალდებულება და 2014 წლის 30 აპრილამდე არ გადაუხდია ერთიანი თანხა - 2100 აშშ დოლარის ოდენობით; მას არც ეტაპობრივი გადახდები უწარმოებია 2014 წლის მაისიდან.
3. 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 2600 აშშ დოლარის დაკისრება.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევას, რაც ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხზე იქონიებდა გავლენას. მისი განმარტებით, ვინაიდან მოპასუხეს ვალდებულება ერთიანი თანხის - 2100 აშშ დოლარის გადახდით არ შეუსრულებია და არც ეტაპობრივი გადახდები განუხორციელებია 2014 წლის მაისიდან, ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 2014 წლის ივნისიდან, საიდანაც სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, 2017 წლის 12 დეკემბრამდე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
7. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა [რომლითაც მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი] და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1950 აშშ დოლარის გადახდა.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული გარიგება წარმოშობდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მხარეთა მიერ შეთანხმებული გადახდის წესის შესაბამისად (ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარი), თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად.
11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის - 2017 წლის 12 დეკემბრისათვის ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრამდე გადასახდელი თანხის ნაწილში, ხოლო 2014 წლის 12 დეკემბრის შემდეგ გადასახდელი თანხის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად არ ჩათვალა. შესაბამისად, ვინაიდან მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო მხოლოდ 2014 წლის ივნისიდან [ანუ იმ დროიდან, რა დროიდანაც მოპასუხეს არ უწარმოებია პერიოდული გადახდები] 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში გადასახდელი თანხის - 650 აშშ დოლარის [6.5 თვე X 100] მოთხოვნის ნაწილში.
12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 1950 აშშ დოლარის [2600-650=1950] დაკისრებაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა კანონს და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
14.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელწერილით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნევა და ხანდაზმულობის ვადის აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრა ეწინააღმდეგება კანონს;
14.3. საქმეში არსებული ხელწერილის თანახმად, 2014 წლის 30 მაისამდე მსესხებლის მიერ უნდა მომხდარიყო ერთიანი თანხის - 2100 აშშ დოლარის გადახდა, რაც მთლიანი ვალდებულების შესრულებად ჩაითვლებოდა, ან დაწყებულიყო მინიმალური თანხის - 100 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა მოპასუხეს 2014 წლის მაისში არცერთი ზემოთ დასახელებული ქმედება არ განუხორციელებია, რაც ფულადი ვალდებულების მოთხოვნის წარმოშობის დროდ უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული თვიდან მოსარჩელეს უკვე გააჩნდა მთლიანი ვალდებულების მოთხოვნის უფლება, ფულადი მოთხოვნებისათვის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გავიდა 2017 წლის მაისში.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 10 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულება არასწორად მიიჩნია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და, შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ხანდაზმულია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი).
23. საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; №ას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება (ხელწერილი), რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 2600 აშშ დოლარის ოდენობით; დადგენილია, ასევე, რომ ვინაიდან მოპასუხემ 2014 წლის 30 აპრილამდე არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაიხადა ერთიანი თანხა - 2100 აშშ დოლარის ოდენობით, სესხი უნდა დაებრუნებინა 2015 წლის დეკემბრამდე, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდით. ამდენად, მსესხებელს მოსარჩელისათვის თანხა უნდა გადაეხადა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედებში. შესაბამისად, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით (ყოველთვიურად) განისაზღვრა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხის ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. აღნიშნულ დასკვნას ვერ აბათილებს ის გარემოება, რომ მსესხებელს არც მხარეთა შეთანხმებული ერთიანი თანხა - 2100 აშშ დოლარი გადაუხდია და არც პერიოდული გადახდები უწარმოებია.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; №ას-1049-2019, 18 ოქტომბერი, 2019 წელი). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. მაგ. სუსგ №ას-599-562-2010, 01 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-902-2018, 06 ნოემბერი, 2018 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.
27. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ 2014 წლის 10 მარტის შეთანხმება წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან უნდა დაიწყოს.
28. შესაბამისად, რადგანაც მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 12 დეკემბერს, ხოლო მოპასუხეს თანხის პერიოდული გადახდა უნდა დაეწყო 2014 წლის მაისში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია მხოლოდ 2014 წლის 12 დეკემბრამდე გადასახდელი თანხის (სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების) მოთხოვნის ნაწილში, ხოლო 2014 წლის 12 დეკემბრის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება. ამდენად, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის სრულად ხანდაზმულობის თაობაზე.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-986-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-126-126-2018, 10 იანვარი, 2019 წელი; №ას-902-2018, 06 დეკემბერი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ლ.კ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ი.ბ–ძის (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე