საქმე №ას-1482-2018 8 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 20 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“, „შემკვეთი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ ან „მენარდე“) შორის გაფორმდა №410 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთათვის გაეწია კვებითი მომსახურება.
2. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, „თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით“.
3. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მენარდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 და 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სამხედრო ნაწილებში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებას უზრუნველყოფს (შემდგომში - „მომსახურება“) გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის კერძის შეუზღუდავად მიწოდებას, დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებითა (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით.
4. 2013 წლის 1 აგვისტოს №115 აქტის თანახმად, სასადილოში შემოწმდა სადილისათვის მომზადებული კერძების გემო, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. კვირის განმავლობაში მენიუს მიხედვით ხორცისა და თევზის ნორმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის შესაბამისად იყო გაწერილი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ყველა საკვები პროდუქტი ნორმირებული იყო, ე.ი. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ ნორმირებულ კვებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანების საფუძველზე, გარდა ხორცისა და თევზისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვება გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, რაც რამდენიმე სახეობის კერძის შეუზღუდავად მიწოდებას გულისხმობდა. 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანება სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს, თუმცა მიმწოდებელი კეთილ ნებას იჩენდა და ზოგიერთ კერძს (წვნიანი კერძები, სალათები, გარნირები, ხაჭო, არაჟანი, ხილი, გამაგრილებელი სასმელი, კომპოტი, ჩაი, კაკაო, კარაქი, პური) შეუზღუდავად აწვდიდა.
5. №410-01 აქტის თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.
6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვება გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით უნდა განხორციელდეს, რაც რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას გულისხმობს. 2016 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების მე-11 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები (გარდა კადეტთა სასურსათო იჯრისა, ნორმა №6) სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს წარმოადგენს და მათი გაზრდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით შესაძლებელია, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებში, 63-ე და მე-7 პუნქტებში განსაზღვრული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში“.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია კალორაჟი; ხელშეკრულების თანახმად, საკვები შეუზღუდავად მიეწოდებოდათ ჯარისკაცებს. 2013 წლის 1 აგვისტოს №115 აქტით არ დასტურდება რაიმე დარღვევა. პირიქით, შემმოწმებლის მითითებით, მიმწოდებლის კეთილი ნებით ჯარისკაცებს საკვები შეუზღუდავად მიეწოდებოდათ.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის არ არსებობდა კონკრეტული კერძების ნორმირებულად, ხოლო დანარჩენი პროდუქტის შეუზღუდავად მიწოდების შეთანხმება, შესაბამისად, შემოწმების ოქმში მითითებული გარემოება, რომ მიმწოდებელი მოსარჩელეს ზოგიერთ კერძს შეუზღუდავად აწვდიდა, ვერ გახდება მენარდისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო შემოწმების აქტს ვალდებულების დარღვევის შესახებ ოქმად მიიჩნევს, შეთანხმების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა რომელი საკვების არანორმირებულად გაცემა წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევას.
14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ხელშეკრულების დარღვევა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანებით განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდებოდა, რომლითაც ცვლილება შევიდა მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში; მხარეები არ შეთანხმებულან შეცვლილი გარემოებებისას (ახალი ბრძანების გამოცემისას) მხარეთა ვალდებულებებზე და არც მათ შორის დადებული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული ბრძანებაში ცვლილებების შეტანისას, მათი ხელშეკრულების ნაწილად ქცევა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტი ცალსახად ავალდებულებდა მოპასუხე მხარეს კვება მრავალფეროვანი რაციონითა და გაზრდილი კვების რაოდენობით განეხორციელებინა და მიუთითებდა თავდაცვის მინისტრის №31 და №560 ბრძანებებზე.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა. აღნიშნული დასტურდება მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებითაც, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებაში რამდენიმე დღეში შევიდა ცვლილება და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო სამსახურიც არანორმირებულ კვებაზე გადავიდა. აღნიშნული მოწმობს, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მოპასუხე მხარემ ჯეროვნად შეასრულა, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების რაციონის განსაზღვრის პოლიტიკას სრულად შეესაბამებოდა.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ არ არსებობს მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
17. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეს დააკისრა ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი, კერძოდ, შემკვეთს უნდა ეჩვენებინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა კონკრეტული საკვების ნორმირებულად ან/და შეუზღუდავად მიწოდების ვალდებულება, რასაც მიმწოდებელი ბრალეულად არღვევდა. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად 2013 წლის 1 აგვისტოს №115 შეფასების აქტი წარადგინა, რომელიც ვალდებულების დარღვევის რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან იგი მიმწოდებლის მიერ კონკრეტული ვალდებულებების დარღვევის შესახებ დასკვნებს არ შეიცავს. შემკვეთმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შეთანხმება გარკვეული საკვები პროდუქტის ნორმირებულად, ხოლო დანარჩენი პროდუქტების შეუზღუდავად მიწოდების შესახებ.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
19. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება შეეხებოდა მხოლოდ 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის №11 ნორმას, №21 ნორმასა და №4 ნორმას. მიმწოდებელი ვალდებული იყო მხოლოდ მითითებული ნორმებით გათვალისწინებულ სამხედრო მომსახურეებზე და არა სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეებზე გაეცა რამდენიმე სახეობის პროდუქტი შეუზღუდავად. სპეციალური ოპერაციების მოსამსახურეებზე საკვების შეუზღუდავი ნორმით გაცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს მათ დარღვევას, რაც ქმნის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ №ას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
28. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შეკვეთილი სამუშაოს შესრულება და შეთანხმებული საზღაურის გადახდა ნარდობის ხელშეკრულების არსებითი ნიშნებია და ხელშეკრულების მხარეებს ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვთ.
29. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
30. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი); სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-688-688-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სანამ უშუალოდ პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს განიხილავს სასამართლო, საჭიროა, დადგინდეს დაირღვა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
33. ვალდებულების დარღვევა მოიაზრებს, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ისე შეუსრულებლობას. წინამდებარე დავაში, შემკვეთი მენარდეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ედავება, რაც სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე ზოგიერთი საკვების შეუზღუდავი რაოდენობით გაცემაში გამოიხატა.
34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საკვები პროდუქტების კონკრეტულ ნუსხას, რომელთა მიწოდებაც ნორმირებულად ან შეუზღუდავად უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ 2013 წლის 1 აგვისტოს შედგა №115 შემოწმების აქტი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აქტი მიმწოდებლის მხრიდან გადაცდომის ან ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მითითებებს არ შეიცავს, უფრო მეტიც, აქტში მოცემული ინფორმაციით, „საკვების გემოვნური თვისებები დამაკმაყოფილებელია და მიმწოდებლის კეთილი ნებით სპეციალურ ძალების სამხედრო მოსამსახურეებს გარკვეული პროდუქტები შეუზღუდავად მიეწოდებოდათ.“
35. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
36. აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს - ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება - მას უნდა ემტკიცებინა ყველა იმ გარემოების (დარღვევის) არსებობა, რომელმაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა განაპირობა. მოსარჩელეს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით უნდა განესაზღვრა კონკრეტული დარღვევის შინაარსი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოსარჩელის მხოლოდ მითითება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევაზე არ იძლევა პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრების საფუძველს.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ნაწარმოები ვალდებულებაა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემდეგაა შესაძლებელი, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გაუმართლებელია, რამდენადაც არ დასტურდება მენარდის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
39. საკასაციო პალატა კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის ახსნა-განმარტების თანახმად, თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისს გამოცემულ №629 ბრძანებაში რამდენიმე დღეში შევიდა ცვლილება და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო სამსახურიც არანორმირებულ კვებაზე გადავიდა. აღნიშნული მოწმობს, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მოპასუხე მხარემ ჯეროვნად შეასრულა, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების რაციონის განსაზღვრის პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის კონკრეტული კერძების ნორმირებულად, ხოლო დანარჩელი პროდუქტის შეუზღუდავად მიწოდების შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №724-689-2015, 9 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. კასატორი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე