Facebook Twitter

საქმე №ას-1497-2019 11 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჭ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: ამხანაგობა „ბ–ის ..“, გ.ბ–ი, ნ.გ–ვა, ზ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არასათანადო მოპასუხედ ცნობა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ჭ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბ–ის ..-ის“, გ.ბ–ის, ნ.გ–ვას, ა.ბ–ისა და ზ.გ–ძის (შემდგომში _ მოპასუხეეები, ა.ბ–ი აგრეთვე წოდებული, როგორც აპელანტი ან კასატორი, ხოლო დანარჩენი მოპასუხეები, როგორც თავდაპირველი თანამოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება, შეასრულონ 2007 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებით (რეგისტრაციის #1-10307) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ქ.თბილისში, ბ–ის ქ#..-ში (ს/კ #.....) არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 55 კვ.მ ბინის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2007 წლის 2 აპრილს შპს „გ–სა“ (დირექტორი ნ.გ–ვა) და ქ.თბილისში,..... მცხოვრებ გ.გ–ს შორის დაიდო #28 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „გ–მ“ იკისრა ქ.თბილისში, ..... მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარების ვალდებულება, ხოლო, ხსენებული სახლის ქვედა სართულზე 2-ოთახიან ბინას გადასცემდა გ.გოგოჭურს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ კომერციული ფართის სანაცვლოდ. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების საფუძველზე მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 ივლისიდან 2014 წლის 31 ივლისის ჩათვლით, თუმცა სარჩელის შეტანის დღისთვის (03.04.2018წ) მშენებლობა არ დასრულებულა. 2015 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა გ.გ–ი, რომლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეცაა მოსარჩელე (მეუღლე). საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების ინდივიდუალურ საკუთრებად განშლაში მოსარჩელის კუთვნილი 55 კვ.მ ფართი არ ფიგურირებს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. ა.ბ–მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე სხვა წევრების ინფორმირებას არ ახდენს ფართების რეალიზაციის საქმეში;

2.2. ზ.გ–ძის შესაგებლის თანახმად, ნ.გ–ვა, ამხანაგობის დამფუძნებლებთან შეუთანხმებლად აფორმებდა ხელშეკრულებებს, სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად კი, დამფუძნებლებს, გარდა ამხანაგობის დირექტორისა, არანაირი ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნდათ;

2.3. ნ.გ–ვამ, რომელიც ამავდროულად ამხანაგობის წამომადგენელია, 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი;

2.4. გ.ბ–ს საქმის განხილვის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 78-ე მუხლის შესაბამისად, მას არც შესაგებლით მიუმართავს სასამართლოსათვის და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ 2007 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მ.ჭ–ის მესაკუთრედ ცნობა ქ.თბილისში, ..... (ს/კ #.....) არსებულ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 55 კვ.მ ბინის ფართზე, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 2 005 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და არასათანადო მოპასუხედ ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 19.06.2007წ. გ.ბ–ს, ზ.გ–ძეს, ნ.გ–ვასა და ა.ბ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ–ის ..-ის“ დაფუძნების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ..... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (2.1 პუნქტი). ამხანაგობის მმართველობის ორგანოდ განისაზღვრა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება, ხოლო, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ.გ–ვა (5.1. პუნქტი). ამხანაგობის წევრებმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს უფლება, ამხანაგობის სახელზე რიცხული ფართები გაესხვისებინა ამხანაგობის სხვა წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე (5.7 პუნქტი);

1.2.2. 04.07.2007წ. გ.გ–სა და ამხანაგობის თავმჯდომარე ნ.გ–ვას შორის გაფორმდა უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე #1-10307 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.გ–მა კუთვნილი 25 კვ.მ დამხმარე ფართი (მდებარე ქ.თბილისში, .....) ამხანაგობაში გაწევრიანების მიზნით შენატანის სახით გადასცა ამხანაგობას, რის სანაცვლოდაც ამხანაგობამ აიღო ვალდებულება, იგი გაეწევრიანებინა ამხანაგობაში და მრავალბინიან სახლში გადაეცა 55 კვ.მ ფართის გარემონტებული ბინა. ზემოაღნიშნული შენატანის გარდა, წევრს ამხანაგობაში რაიმე სხვა შენატანის განხორციელება არ ეკისრებოდა;

1.2.3. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.04.2012წ. ბრძანებით შეთანხმდა ამხანაგობა „ბ–ის ..-ის“ მრავალბინიანი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 ივლისიდან 2014 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

1.2.4. გ.გ–მა შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და ამხანაგობაში გაწევრიანების მიზნით, შენატანის სახით ამხანაგობას გადასცა კუთვნილი 25 კვ.მ დამხმარე ფართი. 04.07.2007წ. #1-10307 ხელშეკრულების საფუძველზე 25 კვ.მ დამხმარე ფართი (ს/კ #......) საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობის საკუთრებად;

1.2.5. აპელანტი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ გ.გ–ის მიერ გადაცემული ფართი წარმოადგენდა არა კომერციულ ფართს, არამედ სარდაფს და ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის წევრებისგან დამოუკიდებლად მისცა პირობა მოსარჩელეს, რომ სარდაფის ნაცვლად მისცემდა ბინას, თუმცა, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ 04.07.2007წ. ხელშეკრულების ნამდვილობა, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე ითხოვს 55 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვებას, შედავებული არ არის. რაც შეეხება ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის - ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, ამგვარი ნებართვა დამფუძნებელმა წევრებმა მიანიჭეს თავმჯდომარეს;

1.2.6. მოსარჩელე 28.12.2015წ. გარდაცვლილი გ.გ–ის პირველი რიგის მემკვიდრეა - მეუღლე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება;

1.2.7. 55 კვ.მ საერთო ფართის გარემონტებული ბინა მოსარჩელეს საკუთრებაში არ გადასცემია. ის არ ფიქსირდება უძრავი ქონების მესაკუთრედ არც ამხანაგობა „ბ–ის ..-ის“ მიერ ქ.თბილისში, ... ქუჩა #..-ში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის კომერციული და საცხოვრებელი ფართების განშლაში.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის შინაარსის გაცნობის შედეგად მიდის დაკვნამდე, რომ ა.ბ–ი ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე დირექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების დებულებაზე მითითებით მიიჩნევს, რომ არის არასათანადო მხარე, ასევე, აპელირებს სხვა დავებში ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ საჯარო რეესტრში მრავალბინიანი სახლის განშლის დარეგისტრირებისას დაშვებულ შეცდომებზე, რაც, მისი მოსაზრებით, გამორიცხავს ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობას, გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, მიიჩნევს, რომ მას არასწორად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯის ანაზღაურება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის წინაპირობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების წევრობა მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, ამ ხელშეკრულების ფარგლებში კი, მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის წევრი, ამხანაგობისაგან მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად მოიძიეს/განმარტეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 930-ე და 937.1 მუხლები, რომელთა საფუძველზეც იურიდიული პირის შეუქმნელად კონკრეტული მიზნის მისაღწევად გაერთიანებულ პირებს კანონი უდგენს ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული თავისთავად კასატორის, როგორც ამხანაგობის სათანადო მხარედ მიჩნევაზე მეტყველებს. რაც შეეხება ამხანაგობის წარმომადგენლის შესაძლო არამართლზიმიერ ქმედებებს, მოცემული დავის ფარგლებში იგი შეფასების საგანი ვერ გახდება, თუმცა, თუკი დადგინდება მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა, სამოქალაქო კოდექსის 934.5 მუხლის თანახმად, შესაძლოა დავალების ხელშეკრულების წესებიდან გამომდინარე, მოეთხოვოს მას პასუხისმგებლობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მატერიალური სამართლით განსაზღვრული სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს სწორად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნტის თანახმად, იგი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გავლენას ვერ იქონიებს მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების საკითხზე. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ერთობლივი საქმიანობის წევრთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. კასატორმა საკასაციო საჩივართან ერთად წარმოადგინა მტკიცებულებები: ამხანაგობა „ბ–ი ..-ის“ დაფუძნების ხელშეკრულებისა და 2019 წლის 7 თებერვალს გაცემული სამედიცინო ცნობის ასლი, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართელებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს დოკუმენტების მიღებაზე და კასატორს უბრუნებს მათ.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ამხანაგობა „ბ–ი ..-ის“ დაფუძნების ხელშეკრულებისა და 2019 წლის 7 თებერვალს გაცემული სამედიცინო ცნობის ასლი 9 (ცხრა) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 55-63).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი