Facebook Twitter

საქმე №ას-1137-2019 12 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.უ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჩ–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბმა „ნ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), კრების ოქმის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე.უ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჩ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... მდებარე #1 ბინის კუთვნილი 28.50 კვ.მ ნახევარსარდაფის (ს/კ ....., შემდგომში _ უძრავი ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 26 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ.თბილისში, ...... მდებარე #1 ბინა. ამხნაგობის კრების ოქმების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე აღირიცხა 35,30 კვ.მ ნახევრსარდაფიც (6.8 კვ.მ+28.5 კვ.მ). პირველ მოპასუხეს გაჭრილი აქვს ნახევრსარდაფის მზიდი კედელი და უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 28.5 კვ.მ სარდაფს.

1.2. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ (შემდგომში _ ამხანაგობა ან თავდაპირველი თანამოპასუხე) წინააღმდეგ ამხანაგობის 2016 წლის 13 მაისისა და 2016 წლის 2 ივნისის კრების ოქმების ბათილად ცნობისა (რომლის საფუძველზეც შეგებებული სარჩელის მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა ქ.თბილისში, ...... მდებარე 28,50 კვ.მ ნახევარსარდაფი) და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

1.2.1. 2010 წლის 19 ივლისს შეგებებულმა მოსარჩელემ შეიძინა ქ.თბილისში, ...... მდებარე 120 კვ.მ კომერციული ფართი (ს/კ #......), რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილია 35.30 კვ.მ ნახევარსარდაფი. შეგებებული მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების ნაწილით _ 28.5 კვ. მეტრით სარგებლობს შეძენის დღიდან. ნახევარსარდაფის ნაწილი _ 6,8 კვ. მეტრი ამხანაგობის 2016 წლის 13 მაისის კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა მოპასუხემ. კრებას თავმჯდომარეობდა ნ.ი–ი. სარდაფის დანარჩენილი ნაწილის _ 28.5 კვ. მეტრის რეგისტრაცია განხორციელდა ამავე ამხანაგობის 2016 წლის 2 ივნისის კრების ოქმის საფუძველზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნ.ლ–ძე. აღნიშნული კრებები საერთოდ არ ჩატარებულა და მასში ამხანაგობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. კრების ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შესაგებლის თანახმად, მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებულ კრებაზე გადაეცა სადავო ფართი, რის გამოც, არ არსებობს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი;

2.2. თავდაპირველმა მოპასუხემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი, შესაგებლის თანახმად, მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. ამხანაგობის 2016 წლის 13 მაისის და 2016 წლის 2 ივნისის კრებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი;

2.3. ამხანაგობამ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მისი განმარტებით, ამხანაგობის 2016 წლის 2 ივნისის საერთო კრება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩატარებულა. ნ.ი–ი ამხანაგობის თავმჯდომარეა 2009 წლიდან და როგორც მისთვის არის ცნობილი, თავდაპირველი მოსარჩელე 28.5 კვ.მ ნახევარსარდაფით არასოდეს სარგებლობდა, რაც შეეხება 6.8 კვ.მ ნახევარსარდაფს, იგი იმყოფება ე.უ–ძის მართლზომიერ მფლობელობაში, ვინაიდან აღნიშნულ ფართს ფლობდა წინა მესაკუთრეც.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ 2016 წლის 2 ივნისის კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც ე.უ–ძემ საკუთრებაში აღირიცხა ქ.თბილისში, ...... მდებარე 28,50 კვ.მ ნახევარსარდაფი და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ..... მდებარე 36,10 კვ.მ #1 ბინა ბინა და 35.30 კვ.მ ნახევარსარდაფი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თავდაპირველი მოსარჩელის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, (დამოწმების თარიღი 25/04/2016წ.), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ კრების #4 ოქმი (#160498133, დამოწმების თარიღი 13/05/2016); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ კრების #5 ოქმი (#160591631, დამოწმების თარიღი 02/06/2016);

1.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე მისამართზე მდებარე 120 კვ.მ #..... უძრავი ქონების მესაკუთრეა შეგებებული მოსარჩელე;

1.2.3. 2016 წლის 26 ოქტომბერს თავდაპირველმა მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი.ჩ–ძის მიმართ და მის საკუთრებაში არსებული 28.50 კვ.მ #.... უძრავი ქონების ი.ჩ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა;

1.2.4. მოპასუხე ი.ჩ–ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ #4 და #5 კრების ოქმების) ბათილად ცნობა მოითხოვა. შეგებებული მოსარჩელის განმარტებით მან 2010 წლის 19 ივლისს, 120 კვ.მ კომერციული ფართი შეიძინა, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც არის სადავო ნახევარსარდაფი (28.5 კვ.მ). იგი აღნიშნული ნახევარსარდაფით სარგებლობს შეძენის დღიდან და მასში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის გავლით. სადავო უძრავი ქონების საკუთრების საფუძვლად მითითებული კრების ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ნ–ის“ მიერ 2016 წლის 13 მაისისა და 2016 წლის 2 ივნისის კრებები საერთოდ არ ჩატარებულა, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

1.2.5. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ ვერ წარადგინა რელევანტური მტკიცებულებები (მაგ. წერილობითი შეტყობინება ამხანაგობის კრების მოწვევის შესახებ, კრების ოქმზე ხელმოწერა და ა.შ.), რაც სადავო კრებაზე ამხანაგობის წევრთა 2/3-ის დასწრების ფაქტს სარწმუნოდ დაადასტურებდა. ამხანაგობის 2016 წლის 2 ივნისის კრებაზე ამხანაგობის წევრთა 2/3 ნაწილის დასწრების ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მხოლოდ კრების ოქმის სიტყვიერი ჩანაწერი, რომ მას ამხანაგობის წევრთა 2/3 ესწრებოდა. ამხანაგობის თავმჯდომარე ნ.ი–ის განმარტებით კი, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარეა 2009 წლიდან, როგორც მისთვის ცნობილია, 28.5 კვ.მ ნახევარსარდაფი თავდაპირველი მოსარჩელის სარგებლობაში არ ყოფილა. მისივე განმარტებით, 2016 წლის 2 ივნისის საერთო კრება მას არ მოუწვევია, უფრო მეტიც, იგი აღნიშნული კრების შესახებ ინფორმირებულიც არ ყოფილა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს,რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნას მფლობელმა უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილობის შესახებ შედავება დაუპირისპირა და ქონების მიკუთვნება მოითხოვა, თავად მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითა ამხანაგობის მიერ ქონების ბათილი განკარგვა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სარდაფი, რომელზეც დავობენ მხარეები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საერთო საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა, რომლის ამხანაგობის წევრისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა დაიშვება ამავე კანონის 27-ე მუხლით დადგენილი წესით მოწვეული კრების მიერ 4.2 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. მტკიცება იმისა, რომ კრება მოწვეულ იქნა დადგენილი წესით და მრავალმხრივი გარიგება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკისრებოდა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს. ამ მხრივ კი, რაიმე სარწმუნო მტკიცებულება ვერ იქნა მისი მხრიდან წარმოდგენილი. ის ფაქტი, რომ მხოლოდ კრების ოქმშია მითითებული წევრთა მოწვევის შესახებ, ვინაიდან თავად დოკუმენტის ნამდვილობაა შედავებული, ვერ გამოდგება სადავო ფაქტის მტკიცებისათვის საკმარის საშუალებად. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ჩანაწერი შედავებულია და დადგენილია მისი უზუსტობის ფაქტი (სკ-ის 312-ე მუხლი), სახეზე არ არის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა _ თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. საკასაციო საჩივარს ერთვის მტკიცებულებები, რომლის პასუხად მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო პასუხს ასევე დაურთო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართლებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს დოკუმენტების მიღებაზე და მხარეებს უბრუნებს მათ.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 04.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 170 ლარისა და 24.10.2019წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 130 ლარის, სულ _ 600 ლარის 70% _ 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.უ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე.უ–ძეს (პ/#0.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 09.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 04.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 170 ლარისა და 24.10.2019წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 130 ლარის, სულ _ 600 ლარის 70% _ 420 ლარი.

3. ე.უ–ძეს ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ტ. I, ს.ფ. 371-377), ხოლო, მოწინააღმდეგე მხარეს _ საკასაციო შესაგებელზე დართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი