Facebook Twitter

15 აპრილი, 2021 წელი,

საქმე №ას-209-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, ბანკი). საკუთრებაშია ქ.ბორჯომში, ...... მდებარე 1 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 144.9 კვ.მ შენობა-ნაგებობა (შემდეგში: უძრავი ქონება, უძრავი ნივთი ან სადავო ქონება).

2. უძრავი ქონება ა.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე, მფლობელი, აპელანტი, კასატორი) მფლობელობაშია.

3. მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მფლობელი სადავო ნივთს არ ათავისუფლებს.

4. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრეს გადაეცა.

6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა, რომლითაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

7. ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

8. დაუსწრებელ გადაწყვეტილება, ასევე, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დამტკიცებულად მიიჩნია საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი ფაქტები:

ა) 2020 წლის 1 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ 2020 წლის 25 აპრილს მოპასუხემ უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის მისთვის ჩაბარებაზე.

ბ) მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია, რაც საპატიო მიზეზით არ ყოფილა გამოწვეული.

გ) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ დაადასტურა სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარის თქმის ფაქტი.

9.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 75-ე მუხლის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა. ამასთან, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) თანახმად, ზემოაღნიშნული ვითარება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს ქმნიდა.

9.3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოპასუხის მიერ მითითებულ საპატიო მიზეზზე - ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ამ კუთხით სასამართლომ შეაფასა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის 27 ივლისის ცნობა და აღნიშნა, რომ ხსენებული დოკუმენტით პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი არ დასტურდებოდა, მისი მეშვეობით მხოლოდ ის ირკვეოდა, რომ აპელანტს (მოპასუხე) მიმართვიანობის მომენტში გამოუვლინდა მსუბუქი რეკურენტული დეპრესიული აშლილობა (F33.0). ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 2020 წლის 27 ივლისს გაიცა და სარჩელის ჩაბარებაზე უარის თქმის დროისათვის მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასახავდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მის ქმედუნარიანობაზე არ იმსჯელა, რისი დამადასტურებელი საბუთიც საქმეში წარდგენილი იყო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

15. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა.მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ.მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით.

მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

ამასთან, მოპასუხე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას სადავოდ არც ხდის. ამავე მუხლის საფუძველზე, დადგენილადაა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად; მოპასუხეს ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც სასამართლომ სწორად განახორციელა.

16. შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შემდეგი გარემოებები უნდა მივიჩნიოთ: ა. მოპასუხეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია და არ გაფრთხილებულა შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე; ბ. არსებობს საპატიო მიზეზი, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეშალა მხარისათვის შესაგებლის დროულად წარდგენაში (სსსკ-ის 241-ე და 215.3 მუხლები).

17. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი მისი ქმედუნარიანობის შესახებ დოკუმენტზე აპელირებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ქმედუუნარობის მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობაზე და ამასთან დაკავშირებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რომლის დასკვნებიც სრულიად მართებულია.

საქმეში არსებული 2020 წლის 27 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №629 ცნობით კასატორის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი არ დასტურდება, მასში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს მიმართვიანობის მომენტში გამოუვლინდა მსუბუქი რეკურენტული დეპრესიული აშლილობა (F33.0). ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ დადასტურდა, რაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1671-2019, 2020 წლის 13 მარტის განჩინება; №ას-1183-2019, 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება; №ას-1563-2019, 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე