16 აპრილი, 2021 წელი,
საქმე №ას-1343 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „უ.პ.ქ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „უ.პ.ქ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე მოწინააღმდეგე მხარე კასატორი ან შემკვეთი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, მენარდე ან შემსრულებელი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 10 000 ლარისა და 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 0.029%-ის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ზიანის ანაზღაურების შესახებ შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, მათ მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, ცალსახად დასტურდებოდა პირველი ეტაპის სამუშაოების ხარვეზიანი შესრულება.
2.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ხარვეზის გამოსწორების ნაწილშიც, კერძოდ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დახარჯული თანხა, სწორედ 303 კვ.მ შესრულებულ სამუშაოებს მოხმარდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მხარეებს შორის 2017 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საორიენტაციოდ 4 000 კვ.მ-ზე გამამყარებელი ფხვნილით ბეტონის იატაკის მოწყობის ვალდებულება იკისრა. სამუშაოები მიმდინარეობდა ორ ეტაპად, პირველი - 2200 კვ.მ-ს, ხოლო მეორე - 1800 კვ.მ-ს მოწყობას ითვალისწინებდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული სავარაუდო ღირებულება - 61 600 ლარს (დღგს ჩათვლით) შეადგენდა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 ვადის დაცვით.
5.4. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მენარდე შეასრულებდა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.5. 2017 წლის 18 დეკემბერს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჩაიბარა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში თბილისში, ზაჰესის დასახლება, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის იატაკის მოწყობა გამამყარებელი ფხვნილით 2 050 კმ.მ-ზე. მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა სამუშაოების ღირებულება, რამაც - 31 570 ლარი შეადგინა.
5.6. 2018 წლის 18 იანვარს შემკვეთმა მენარდეს პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 31 570 ლარი, აუნაზღაურა.
5.7. შესასრულებელი სამუშაოების მეორე ეტაპი 2018 წლის 2 თებერვალს დასრულდა, რაზეც მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1800 კმ. მ- ზე - 27 720 ლარით განისაზღვრა. ამასთან, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების, ჯამურად - 5 710 კვ.მ-ის შემკვეთისათვის ჩაბარებისას, კოსმეტიკური და დეფექტური ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მენარდე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ეს ხარვეზი. შემკვეთი უფლებამოსილია, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან 10 000 ლარი გადაიხადოს ხარვეზის აღმოფხვრიდან და მისთვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში.
5.8. 2018 წლის 12 იანვარს შემკვეთმა მენარდეს - 17 720 ლარი გადაუხადა, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უკვე მიღებული და ანაზღაურებული სამუშაოს ნაკლზე მითითებით 10 000 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა/გაუქვითა.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 633.1 (შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების არსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა შეგებებული სარჩელის წარუმატებულობაც.
8. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
9. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაო შეასრულა და გადასცა შემკვეთს, რომელმაც პრეტენზიის განუცხადებლად მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებაც მიიღო და შესაბამისი თანხაც გადაიხადა და, მხოლოდ მეორე ეტაპის სამუშაოს შესრულების მიღების შემდგომ, პირველი ეტაპის სამუშაოს ხარვეზიანი შესრულების საფუძვლით, არასრულად აანაზღაურა მეორე ეტაპის სამუშაოს ღირებულება.
10. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეასრულების ფაქტი და მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს საზღაური სწორად დააკისრა.
11. მოპასუხე/კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოებიდან 303 კვ.მ-ზე შესრულებული სამუშაო, ნაკლიანი იყო და დეფექტები საკუთარი ხარჯით აღმოფხვრა. აშკარაა, რომ კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები არასრულყოფილად შეასრულა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
ცალსახაა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულყოფილად შესრულების დადასტურება, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის ფარგლებში დამკვეთს, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს შედის მენარდის მტკიცების საგანში.
თავად შესრულებული სამუშაოს მიღებაში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ორი ეტაპი: მენარდის მიერ სამუშაოს გადაცემა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება. სამუშაოს გადაცემა, ერთის მხრივ წარმოშობს შემკვეთის ვალდებულებას, მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ - მენარდის უფლებას, მოითხოვოს შემკვეთისაგან შეთანხმებული საზღაური (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით დასტურდება არათუ 2017 წლის 28 დეკემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ფაქტი არამედ უდავო გარემოებაა, რომ კასატორს (შემკვეთი) 2018 წლის 18 იანვარს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ნაწილი ანაზღაურებულიც აქვს.
აქედან გამომდინარე კასატორმა ვერ გააქარწყლა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ნაწილი ჯეროვნად შეასრულა. საწინააღმდეგო მოსაზრების განვითარების შემთხვევაში კასატორს დამაჯერებლად უნდა განემარტა რამ განაპირობა 2017 წლის 18 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა და შემდეგ თანხის ანაზღაურება.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტითა და თანხის გადახდის საბანკო ამონაწერით, უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოს ჯეროვნად და დათქმული ვადის მიხედვით შესრულების ფაქტი, ხოლო ხარვეზიან შესრულებაზე მოპასუხის ზეპირსიტყვიერი მითითება (მას შემდეგ, რაც მიიღო შესრულებული სამუშაო და ღირებულებაც აანაზღაურა), ამ უდავო გარემოებას ვერ გააქარწყლებს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი). ამავე მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ 303 კვ.მ პირველი ეტაპის სამუშაობის ხარვეზის აღმოფხვრასთან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების (ს.ფ.207-229) კავშირი არ იკვეთება, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
14. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი) და მხოლოდ ხარვეზიან შესრულებაზე ზეპირსიტყვიერი მითითებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების სათანადოდ დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
15. ნარდობის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, თუ მენარდე შეასრულებდა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.).
15.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა ვლინდება, მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც საფუძვლიანია.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის,1453.15 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 28.10.2020წ), 70% - 1017,20 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „უ.პ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „უ.პ.ქ–ს“ (ს/ნ ..... დაუბრუნდეს გ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის,1453.15 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 28.10.2020წ), 70% - 1017,20 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე