28 აპრილი, 2021 წელი,
საქმე №ას-942-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - რ.ზ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისში, ...... მდებარე მე-2 კორპუსში, 54კვ.მ ბინის (ბინა №27, შემდეგში მოხსენიებული, როგორც - ბინა, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მესაკუთრე იყო მ.გ–ძე.
2. 2000-2006 წლებში მ.გ–ძემ ბინას უნებართვოდ მიაშენა 42.85კვ.მ ფართი, რომლის ლეგალიზებაც ვერ მოახერხა.
3. 2007 წლის 6 სექტემბერს მ.გ–ძემ ბინის ნახევარი, 27კვ.მ აჩუქა ე.მ–ძეს. ამის შემდეგ, თავად მ.გ–ძის საკუთრებაში დარჩა ბინიდან მხოლოდ 27კვ.მ.
4. 2011 წლის 23 იანვარს მ.გ–ძე გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო თანაბარწილად მიიღეს შვილებმა - რ.ზ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) და ე.მ–ძემ.
5. 2016 წლის 10 აგვისტოს ე.მ–ძემ უძრავი ნივთის კუთვნილი ნაწილი აჩუქა ა.მ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე).
6. ამჟამად, ბინიდან 40.5კვ.მ-ის მესაკუთრეა მოპასუხე, ხოლო 13.5კვ.მ მოსარჩელის საკუთრებაშია.
7. ამის მიუხედავად, სადავო ბინის გასაღებს მოპასუხე ფლობს და მოსარჩელეს ბინით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს.
8. 2016 წლის 30 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ზემოხსენებული უკანონოდ მიშენებული ფართის ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ.გ–მა, თუმცა მისი განცხადება საბოლოოდ განუხილველად დარჩა.
9. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა:
9.1. მოპასუხისათვის მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა;
9.2. მოსარჩელისათვის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში მოპასუხის თანხმობის გარეშე უძრავი ნივთის უნებართვო მიშენების ლეგალიზაციისა და საჯარო რეესტრში მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების მინიჭება.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლა და მასვე დაევალა, ბინაში მოსარჩელის დაშვება (ბინის გასაღების გადაცემა).
10.2. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, უნებართვოდ მიშენებული ფართის მის სახელზე ლეგალიზაციაში მოპასუხის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის უფლება არ ჰქონდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 172.2 მუხლი).
12.2. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას, უნებართვოდ მიშენებული ფართის მის სახელზე ლეგალიზაციაში მოპასუხის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტა სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროს არ განეკუთვნება (სსსკ-ის 11.1 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 317.1 და 115-ე მუხლების საფუძველზე, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა:
ა) ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ქონების ლეგალიზებაზე დათანხმების ვალდებულება და,
ბ) თუ ლეგალიზებაზე უარის თქმა მოპასუხის უფლება იყო, იგი ამ უფლებას ბოროტად ხომ არ იყენებდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამესაკუთრეს ობიექტის ლეგალიზებაზე დათანხმებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ავალებდა. ამის შესაბამისად, სადავო ნივთის ლეგალიზებაზე თანხმობის ვალდებულება არც მოპასუხეს არ გააჩნდა და, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ არსებითად, მოპასუხე ქონების ლეგალიზებას ეთანხმებოდა, თუმცა მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში მისი გადაცემის წინააღმდეგი იყო და ქონების თანასაკუთრებად რეგისტრაცია სურდა. ამდენად, მოპასუხე ლეგალიზებაზე უარს არა მოსარჩელისათვის ზიანის მისაყენებლად, არამედ თავისი საკუთრების დასაცავად აცხადებდა. საკუთრების დაცვის ნება კი უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ მიიჩნეოდა (სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე უფლებას ბოროტად არ იყენებდა და ამ თვალსაზრისითაც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
ამავდროულად, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადება ობიექტის ლეგალიზების თაობაზე განუხილველად დარჩა. მოსარჩელეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ არ გაუსაჩივრებია და სამსახურისათვის არც ახალი განცხადებით არ მიუმართავს. ამ ვითარებაში კი, სასამართლო ვერც ობიექტის ლეგალიზების შესაძლებლობასა და ვერც არარსებულ განცხადებაზე დათანხმების აუცილებლობაზე ვერ იმსჯელებდა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
13.1. სარჩელის სადავო მოთხოვნა ისაა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში მოსარჩელემ მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე განახორციელოს უნებართვო მიშენების ლეგალიზაცია და შემდგომში - საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია. ანალოგიურ სარჩელზე უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, ყველა ანალოგიური დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განხილული და მოსარჩელის სასარგებლოდაა გადაწყვეტილი (მაგ. საქმე №ას-1156-2019, 27.12.2019).
13.2. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს უძრავ ქონებაზე მიშენებული ფართის ლეგალიზაციაზე თანხმობის გაცხადების თხოვნით, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მიშენებული ფართის ლეგალიზებაზე მოპასუხის თანხმობის არარსებობისა და მის მიერ ამ ფართში მოსარჩელის არდაშვების გამო, მოსარჩელემ ვერ გამოასწორა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დანიშნული ხარვეზი (სპეციალისტს მიშენებული ფართი თავიდან ვერ ააზომვინა და მის ლეგალიზაციაზე თანემასაკუთრე მოპასუხის თანხმობა ვერ წარადგინა). აქედან გამომდინარე, კასატორის განცხადება ადმინისტრაციულმა ორგანომ განუხილველად დატოვა.
13.3. უკანონო მიშენების ლეგალიზაციაზე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ საფუძველზე და ამ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, ბინაზე უკანონო მიშენება კასატორის მამკვიდრებელმა 2006 წლამდე განახორციელა, ამიტომ ლეგალიზაციის უფლებაც სამკვიდრო მასის ნაწილია.
13.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს კანონიერად წარმოეშვა უფლება იმის თაობაზე, რომ ბინის თანამესაკუთრის (მოპასუხე) მიმართ მოეთხოვა, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე მოეხდინა უნებართვო მიშენების ლეგალიზაცია და შემდგომში - საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მისი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი.
13.5. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1338-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ბინაზე მიშენებული ფართის ლეგალიზაციის უფლება მხოლოდ იმ პირს აქვს, ვინც ლეგალიზაციის დროისათვის უძრავი ქონების მესაკუთრეა. ამჟამად, მ.გ–ძის (უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე) პირველი რიგის მემკვიდრეებიდან მხოლოდ კასატორია ბინის მესაკუთრე. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ განხორციელებული მიშენების ლეგალიზაციაზე უფლება კასატორს გააჩნია.
13.6. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, მოპასუხე ქონების ლეგალიზაციას ეთანხმება, თუმცა მისი მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგია და ქონების თანამესაკუთრედ რეგისტრაცია სურს. მოწინააღმდეგე მხარეს საერთოდ არ გაუხდია სადავოდ საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის ოქმები და არც შეგებებული სარჩელი არ შემოუტანია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს უკვე დადასტურებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
20. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე მისთვის უძრავ ნივთზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზაციის უფლების მინიჭებაზე. სარჩელის პირველი მოთხოვნის (უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა) კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264.2 მუხლი).
21. განსახილველი მოთხოვნის მთავარი არსი ისაა, რომ მოსარჩელის აზრით, მოპასუხე თავის უფლებას (ბინაზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზაციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაზე წერილობითი თანხმობა განაცხადოს) ბოროტად იყენებს, რაც მოსარჩელეს (როგორც უნებართვო მიშენების განმახორციელებელი მამკვიდრებლის ერთადერთ პირველი რიგის მემკვიდრეს) ხელს უშლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ამ ფართის ლეგალიზაციას მოახდინოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სადავო მოთხოვნის კანონიერების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხი სწორად ჩამოაყალიბა. აღნიშნული შემდეგში მდგომარეობდა: უძრავ ნივთზე უნებართვო მიშენების ლეგალიზაციაზე უარის თქმა წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენების საკითხს შეეხება სსკ-ის 115-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კანონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული.
ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებული და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან.
ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს.
კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ. სუსგ-ას №ას-1338-1376-2014 29 ივნისი, 2015წ.).
22. უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა.
უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.
ამდენად, იმისათვის, რომ პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი ჰქონდეს, უნდა იკვეთებოდეს ამ უკანასკნელის მიზანი - ზიანი მიაყენოს სხვა პირს. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც მოპასუხე უძრავ ქონებაზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზებას ეთანხმება, თუმცა მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში მისი გადაცემის წინააღმდეგია და ამ ფართის სათანადო პროპორციით თანასაკუთრებად რეგისტრაცია სურს.
ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ასეთად ვერ ჩაითვლება მის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის ოქმები და არც შეგებებული სარჩელი არ შემოუტანია. არც ერთი ეს გარემოება არ გამორიცხავს და, შესაბამისად, არ აქარწყლებს გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებულად ცნობილ ფაქტს იმის თაობაზე, რომ მოპასუხე უძრავ ნივთზე მიშენებული ფართის ლეგალიზაციაზე თანახმაა, ოღონდ იმ პირობით, რომ ხსენებული ფართის თანამესაკუთრედ თვითონაც დარეგისტრირდეს.
23. ამდენად, მოპასუხის მიერ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრებად რეგისტრაციის გარეშე მიშენებული ფართის ლეგალიზაციაზე უარის თქმა ვერ ჩაითვლება უფლების ბოროტად გამოყენებად. საკითხის ამგვარად შეფასება იმითაა გამოწვეული, რომ ამ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მოტივი არ იკვეთება.
მოპასუხის უარი იმ მიზანს ემსახურება, რომ მას, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, ამავე ქონებაზე უნებართვოდ მიშენებული ფართის სათანადო პროპორციული წილი მიეკუთვნოს. ეს იმას გულისხმობს, რომ მოპასუხის ქმედება თავისი საკუთრების უფლების დაცვისკენაა მიმართული, რაც უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ შეფასდება.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ: №ას-1200-1129-2012, 29.10.2012; №ას-1538-1438-2012, 18.02.2013).
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. რ.ზ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნანა გ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი 10.10.2020) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე