Facebook Twitter

საქმე №ას-597-2020 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „ა.ე.კ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ა. ე. კ.“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ა. ე. კ.“-ს თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 5730,25 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე); თ.ბ–ძეს (პ/ნ: .....) სს „ა. ე. კ.“-ს (ს/კ: .....) სასარგებლოდ დაეკისრა 262,88 (ორას სამოცდაორი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; სს „ა. ე. კ.“-ს (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისრა 163,57 (ას სამოცდასამი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

2. 2021 წლის 19 თებერვალს სს „ა. ე. კ.“-ს წარმომადგენელმა, გ.ი–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება, სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

3. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:

3.1. მოსარჩელე მოპასუხისათვის 7740,85 ლარის დაკისრებას ითხოვდა. სახელმწიფო ბაჟის სახით მან აღნიშნული თანხის 3% - 239,6 ლარი გადაიხადა. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი სასარჩელო მოთხოვნის შემცირებამდე ითხოვდა - 8813,73 ლარი. მოპასუხე იძულებული გახდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა არარსებული დავის საგნის ღირებულების - 8813,73 ლარის 4%, ხოლო საკასაციო საჩივარზე - 5%;

3.2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 239,6 ლარის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა მაქსიმუმ შეიძლებოდა ყოფილიყო 7740,85 ლარის 12% - 928,902 ლარი. მოპასუხემ საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისათვის გადაიხადა 8813,73 ლარის 9% - 793,2357 ლარი. ამ თანხას დამატებული მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 239,66 ლარი შეადგენს 1032,8957 ლარს. მხარეებმა სახელმწიფო ბაჟის სახით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადაიხადეს 1032,8957 ლარი, მაშინ როდესაც 928,902 ლარი უნდა გადაეხადათ;

3.3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟის ოდენობა შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმ 7740,85 ლარის 4% - 309,634 ლარი, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში - 387,0425 ლარი, საერთო ჯამში - 696,6765 ლარი. მოპასუხემ ზედმეტად გადაიხადა თანხა, სხვაობა გადახდილსა და გადასახდელ 696,6765 ლარს შორის;

3.4. მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 5730,25 ლარის 3% - 171,9075 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის. მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის - 2010,6 ლარის (7740,85 - 5730,25) 3% - 60,318 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისთვის მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2010,6 ლარის 9% - 180,954 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით სს „ა. ე. კ.“-ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სს „ა. ე. კ.“-ს დირექტორის მიერ გ.ი–ძის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან სს „ა. ე. კ.“-ს დირექტორის მიერ ხელმოწერილი განცხადება.

5. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2021 წლის 22 აპრილს სს „ა. ე. კ.“-ს წარმომადგენელმა, ლ.ჭ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სს „ა. ე. კ.“-ს დირექტორის მიერ გ.ი–ძის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

9. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

10. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ემსჯელა სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.

11. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდეგ, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 2018 წლის სექტემბრის თვის დაქვითული ხელფასის 50%-ის - 1150 ლარის დაკისრებას; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 29 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებისათვის მისაღები ხელფასისა და მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შესრულებისას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, საერთო ჯამში - 7501,19 ლარის დაკისრებას; მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 162 ლარისა და 54 თეთრის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრებას. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. სსსკ-ის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. გამომდინარე აქედან, სარჩელის ფასი განისაზღვრება 8813,73 ლარით (1150 + 7501,19+ 162,54).

12. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (ფიზიკური პირები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან), მოსარჩელე სარჩელზე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო (მართალია, მოსარჩელემ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 240 ლარი გადაიხადა, თუმცა მას აღნიშნული თანხა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკან დაუბრუნდა, რაც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეცვლილა).

13. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით სარჩელი 5892,79 ლარის (5730,25 + 162,54) ფარგლებში, ანუ 66,86%-ით (5892,79 x 100 : 8813,73) დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, მას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 8813,73 ლარის 3% (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა), რაც შეადგენს 264,41 ლარს. შესაბამისად, მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხა შეადგენს 264,41 ლარის 66,86%-ს ანუ 176,78 ლარს (რასაც გამოაკლდება მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 13,21 ლარის ოდენობით).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საერთო ჯამში, 8813,73 ლარის გადახდა დაეკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1., ს.ფ. 224-236). შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 8813,73 ლარი იყო, საიდანაც საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოიგო 2920,94 ლარი (8813,73-5892,79), ანუ დავის საგნის 33,14% (2920,94 x 100 : 8813,73). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 352,55 ლარის 33,14% ანუ 116,84 ლარი.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო საჩივრით სრულად გაასაჩივრა მოპასუხემ (იხ. ტ.1. ს.ფ. 341-351). შესაბამისად, საკასაციო ინსტანციაში დავის საგანი იყო კვლავ 8813,73 ლარი, საიდანაც მოპასუხემ მოიგო 2920,94 ლარი ანუ დავის საგნის 8813,73 ლარის 33,14% (2920,94 x 100 : 8813,73). გამომდინარე აქედან, მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 440,69 ლარის (მოპასუხემ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 453,9 ლარი, საიდანაც 13,21 ლარი ზედმეტად არის გადახდილი. მას უნდა გადაეხადა 440,69 ლარი (8813,73 x 5% = 440,69)) 33,14% ანუ 146,04 ლარი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 176,78 ლარი, რომელსაც გამოაკლდა მის მიერ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 13,21 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 163,57 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 262,88 ლარის (116,84 + 146,04) ოდენობით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს არც სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე მსჯელობის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ა. ე. კო.“-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი