საქმე №ას-1159-2020 25 მაისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.მ–ი, გ.გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ი, დ.პ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, თ.ქ–ისა და დ.პ–ის სარჩელი ი.მ–ისა და გ.გ–ის მიმართ, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ი.მ–ისა და გ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 2021 წლის 19 მაისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ლ.გ–მა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მოითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა კასატორებს - ი.მ–სა და გ.გ–ს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმებიან წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, რომლებმაც უარი განაცხადეს მათ მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ი.მ–ისა და გ.გ–ის წარმომადენელ ლ.გ–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ლ.გ–ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ–ისა და გ.გ–ის წარმომადენელ ლ.გ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება ი.მ–ისა და გ.გ–ის საკასაციო საჩივარზე თ.ქ–ისა და დ.პ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებაზე;
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები;
4. ი.მ–ს (პ/ნ .....) და გ.გ–ს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.გ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (საგადახდო დავალება №0 / გადახდის თარიღი 02.11.2020);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე