საქმე №ას-180-2021 25 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ს–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 2077.87 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხე ელექტროენერგიის მომხმარებელია და მოსარჩელის მიმართ 2014 წლის თებერვლიდან გააჩნია ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გათვალისწინებული საფასურის დავალიანება – 2077.87 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაახლოებით ცხრა თვეა, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. იგი უმუშევარია, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი მძიმედ ავადაა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მომასუხემ სარჩელი სრულად ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების – 2077.87 ლარის გადახდა, რომლის გადახდის წესი დადგინდა შემდეგნაირად: მოპასუხეს ყოველთვიურად განესაზღვრა არანაკლებ 20 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რაც მოსარჩელემ ამ ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ დავალიანების გადახდის წესის და ვადის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
8. მოპასუხე სარგებლობდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიით. მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ელექტრომრიცხველი მიბმულია მის სააბონენტო ბარათზე.
9. 2014 წლის თებერვლიდან მოპასუხეს წარმოეშვა 2077.87 ლარის ოდენობის სააბონენტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
10. მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო, ამიტომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დადასტურებულია.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლების, 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის მხრიდან მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მის მიერ არ მომხდარა მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად დარიცხული თანხის 2077,87 ლარის გადახდა.
13. სსკ-ის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში, ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს დისკრეციულ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებები, როგორც წესი, დგინდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის მიზანია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება.
14. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას – მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
15. საქართველოს კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი ძალის მქონე ნორმატიული აქტი, განსაზღვრავს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც საერთოა ქვეყნის მთელი სამართლის სისტემისათვის. ყველა სხვა ნორმატიული აქტი და, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაც უნდა გამომდინარეობდეს მისგან და შეესაბამებოდეს მას. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოსა და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სავალდებულო კონსტიტუციური ნორმის მნიშვნელობას იძენს და, უპირველეს ყოვლისა, თავად კანონმდებლისკენაა მიმართული. კერძოდ, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განხორციელება სამართლის თითოეულ დარგში და, მათ შორის, კერძო სამართლის სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებშიც. ამასთან, სახელმწიფო არამარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, იაქტიუროს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკონომიკურ სფეროში თვითრეგულირების მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. თავის მხრივ, სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, კონსტიტუციითვე რეგლამენტირებულ სხვა ძირითად უფლებებთან ერთად, ქცევის თავისუფლებას განამტკიცებს (იხ.იზორია, ლ., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 30-ე მუხლი, გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2005, 266., ასევე, ფუტკარაძე, ი., საქართველოს ონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი, 30-ე მუხლი, გამომც. შპს პეტიტი, თბილისი, 2013, 362., ასევე ხუბუა, გ., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მე-16 მუხლი, გამომც., გამომც. მერიდიანი, თბილისი, 2005, 62-82).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, განწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა, თუმცა აღნიშნული საკითხიც ფორმალურად არ შეიძლება იქნეს გაგებული და ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მხარეთა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, რათა არ მოხდეს იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს.
17. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიმოეხილა მომხმარებელთა უფლებების სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა.
18. სააპელაციო პალატამ უპირველესად აღინიშნა, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.
19. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას.
20. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებასაც გულისხმობს, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და ა.შ.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A31993L0013), რომლის მიერ დანერგილი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ივალდებულა. დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრის განვითარებას მომხმარებელთა იმ სამართლებრივი და ეკონომიკური რისკებისგან დაცვის გზით, რომელიც შემთავაზებელმა, როგორც უკეთ ინფორმირებულმა/უფრო ძლიერმა ბაზრის მოთამაშემ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ხელშეკრულების უფრო სუსტ მხარესთან - მომხმარებელთან შეიძლება გადაამისამართოს.
22. განსახილველ დავასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, ყურადღება გაემახვილებინა მართლმსაჯულების სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – C-168/05, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში, სადაც მომხმარებელი მონაწილეობს, სასამართლოს არა უფლება, არამედ ვალდებულებაა საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სტანდარტული პირობების ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღწეველი დარჩება 93/13/EEC დირექტივის მთავარი მიზანი – დაიცვას მომხმარებელი, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე ნაკლებად ინფორმირებული/სუსტი რგოლი (საქმე C-397-11 (38-ე პარაგრაფი), ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირობის არასამართლიანობა დადგინდება, სასამართლომ თავისივე ინიციატივით უნდა შეაფასოს, თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულება აღნიშნული პირობის გარეშე დარჩეს ძალაში).
23. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.
24. მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის, ასევე ყურადსაღებია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიც. დირექტივის თანახმად, მიმწოდებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო პირობა არ არის უსამართლო სტანდარტული პირობა. ასევე, საქმეზე C 243/08 (პარაგრაფი 28) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავისუფლდება ამტკიცოს, რომ იგი უსამართლო სტანდარტული პირობებით არ იბოჭება, ამგვარი მტკიცების გარეშეც, უსამართლო სტანდარტული პირობა მისთვის სავალდებულო არაა.
25. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (consumer law) მიზნად ისახავს, დაიცვას ფიზიკური პირის - „მომხმარებლის“ ავტონომია, რომელიც, შემოსავლის მიღების ინტერესის გარეშე, მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში. ასეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში დაცვის სუბიექტია ე.წ. „სუსტ მხარედ“ აღიარებული მომხმარებელი, რომელიც, შესაბამისი რეგულირების დაწესების გზით, დაცული უნდა იყოს იმ მწარმოებლებისაგან, თუ ბაზრის სხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო ბრუნვაში მოგების მიღების მიზნით. დაცვაში კი იგულისხმება მომხმარებლის კანონით გარანტირებული უფლებების საკანონმდებლო რეგულირება და ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფა (Reich, N., Micklitz, H-W., Rott, P., Klaus, T., დასახ. ნაშრომი, მე-4 სქ., 6).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე არის იმგვარი პროდუქტის (ელექტროენერგია) მომხმარებელი, რომელიც ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველმყოფელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და რომელიც პირდაპირ, არაორაზროვან კავშირს ინარჩუნებს ღირსების, როგორც ადამიანის აბსოლუტური უფლების დაცვასთან მიმართებით. ის გარემოება, რომ მოპასუხეს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს ასევე ის ფაქტი, რომ მასთან ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე არასრულწლოვანი შვილი, პალატის მოსაზრებით, სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, მოსახლეობის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა სსსკ-ის 251-ე და 263-ე მუხლები და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაედგინა მიღებული გადაწყვეტილების წესი. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მიემართებოდა არა მხოლოდ ადამიანის ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვას, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობასაც. როგორც წინამდებარე განჩინებაში ვრცლად განიმარტა, გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია, შესაბამისად, მოპასუხის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, მისთვის ელექტროენერგიის მიუწოდებლობას განუსაზღვრელი ვადით გაწელავდა, აღნიშნული კი სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია.
27. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული კი წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
30. სააპელაციო პალატის განჩინება აგებულია საქმესთან შემხებლობაში არმყოფ საერთაშორისო სტანდარტებზე.
31. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მხარეთა დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, რათა არ მოხდეს იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს. აქვე ისმის ლოგიკური კითხვა – ის, რომ მხარემ მოიხმარა ელექტროენერგია და სასამართლო პროცესზე აღიარა დავალიანება, რომელიც თავისთავად მხოლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისგან შედგებოდა, ამით რომელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შეეზღუდა. კასატორი ბაზარზე რომც არ დომინირებდეს და რომელიმე სხვა კომპანიისგან შეეძინა მომხარებელს ელექტროენერგია, გაურკვეველია, ის ხომ მაინც ვალდებული იქნებოდა გადაეხადა მოხმარებული პროდუქტის საფასური.
32. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რა შუაშია საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადახდასთან. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ და სტანდარტული პირობების ნამდვილობასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ დავასთან კავშირი არ აქვს მაშინ, როდესაც მხარემ აღიარა დავალიანება სრულად, ხოლო, რაც შეეხება ტარიფს, ის დადგენილია მარეგულირებელი კომისიის მიერ.
33. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე და რეალურად მხოლოდ ერთი წინადადებით დაასაბუთა, რომ სააპელაციო საჩივარი არ გაიზიარა იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია მაშინ, როცა აპელანტმა მიუთითა კანონზე, რომელიც საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იყო განმარტებული.
34. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით და არა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ერთი მხარე გაჭირვებულია, მეორე კი – შეძლებული. არ შეიძლება ერთი მხარის ინტერესების დაცვა მეორე მხარის საზიანოდ. კასატორი პროცესზევე თანახმა იყო დავალიანების გადანაწილებასთან დაკავშირებით გონივრული ვადით, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა. აბონენტის მიმართვის შემთხვევაში, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მოსარჩელე მეტად ხანგრძლივი ვადითაც განაწილვადებდა დავალიანების გადახდას. სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული უგულებელყოფით ზიანი მიაყენა კასატორს.
35. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აღრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესაძლებლობა მოიაზრებს ვადის ცვლილებასაც. სასამართლოს შეუძლია შეცვალოს აღსრულების საშუალება, წესი და არა ვადა. კანონის ეს ჩანაწერი ორი პუნქტისგან შედგება, პირველი - ეს არის სასვენ ნიშნამდე ჩამოყალიბებული პირობა ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე პირობა წესისა და საშუალების შეცვლასთან დაკავშირებით. კანონი იმპერატიულად ადგენს მაქსიმალურ ვადად ერთ წელს. (სსსკ-ის 263-ე მუხლი).
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
39. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
40. მოპასუხე მოხმარდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიას. მოპასუხის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ელექტრომრიცხველი მიბმულია მის სააბონენტო ბარათზე.
41. 2014 წლის თებერვლიდან მოპასუხეს წარმოეშვა 2077.87 ლარის ოდენობის სააბონენტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
42. მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
43. სააპელაციო პალატამ დადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო (იხ. ტ.1.ს.ფ.76; ტ.2. ს.ფ.35).
44. წინამდებარე საკასაციო საჩივარით კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 263-ე მუხლის არასწორ განმარტებას, აგრეთვე დავის გადასაწყვეტად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ლუქსემბურგი) პრაქტიკით არასწორად ხელმძღვანელობას (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი ტ.2.ს.ფ.73).
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ “სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება” (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
48. აღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებები, როგორც წესი, დგინდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც დასაშვებია, მსგავსი საკითხების მოწესრიგება, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით (სუსგ №ას-582-582-2018, 28 დეკემბერი, 2018, პ.23.).
49. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარე არის იმგვარი პროდუქტის (ელექტროენერგია) მომხმარებელი, რომელიც ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველმყოფელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და რომელიც პირდაპირ, არაორაზროვან კავშირს ინარჩუნებს ღირსების, როგორც ადამიანის აბსოლუტური უფლების დაცვასთან მიმართებით. ის გარემოება, რომ მოპასუხეს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ასევე ის ფაქტი, რომ მასთან ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე არასრულწლოვანი შვილი, სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, ელექტროენერგიის მომხმარებლის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა სსსკ-ის 251-ე მუხლის დანაწესი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაედგინა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესი და ვადა. ამასთანავე გასაზიარებელია სააპელაციო პალატის განმარტებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიემართებოდა არა მხოლოდ ადამიანის ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვას, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობასაც, რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია, შესაბამისად, მოპასუხის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების ერთიანად აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, მოპასუხისათვის ელექტროენერგიის მიუწოდებლობას განუსაზღვრელი ვადით გაწელავდა, რაც დაუშვებლია ადამიანის სასიცოცხლო საჭიროების დაკმაყოფილების მიზნებიდან გამომდინარე.
50. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დავალიანების გადახდა (რომლის არსებობის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო) მართლზომიერად გაუნაწილვადდა, რითაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე მართებულად განსაზღვრა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული წესი და ვადა. დასახელებული გადახდის პირობები რეალურად უზრუნველყოფს მოპასუხის მიერ, რომლის მძიმე ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა სადავოდ არ გამხდარა. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს საკასაციო საჩივარში კასატორის მითითებას, რომ მოპასუხის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, თანახმა იყო, მისთვის იმაზე მეტ ხანს გაენაწილვადებინა დავალიანების გადახდა, ვიდრე ეს სასამართლომ დაადგინა.
51. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.32) მოცემულ დავასთან მიმართებით ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ნამდვილობისა და „სუსტი მხარის“ ინტერესთა დაცვის კუთხით, სააპელაციო პალატის მიერ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის მითითების არარელევანტურობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების პ.21-25), რადგან, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინებითაა დადგენილი, მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო.
52. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.
53. თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ განჩინების პ.21-25 ასახულ მსჯელობებს, წინამდებარე დავის შედეგზე არასწორი გავლენა არ მოუხდენიათ.
54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 16 მარტს №128166 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან(ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 16 მარტს №128166 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი