საქმე №ა-2406-21 24 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - გ.მ–ი
წარმომადგენელი - ა.ა–ი
განმცხადებლის მოთხოვნა - უფლებამონაცლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა გ.მ–ის წარმომადგენელმა ა.ა–მა და მოითხოვა, გ.მ–ის სასარგებლოდ, მოთხოვნების დათმობის საფუძვლით, სისხლის სამართლის საქმეზე N134აპ-16 სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დაკისრებული თანხის მოთხოვნაზე მოსარჩელეების (სს „ს-ღ. №1 ქ–ის “ და კომპანია „ტ. ი–ის“) უფლებამონაცვლედ გ.მ–ის ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ანუ განმცხადებელი ითხოვს სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენას.
2. განცხადებას ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინება, რომლითაც გ.მ–ის რწმუნებულის შუამდგომლობა არ იქნა განხილული. განჩინების თანახმად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე განხილულია 20.02.1998 წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ამ საქმეზე დასრულებულია სამართალწარმოება, შუამდგომლობაზე ვრცელდება უკვე მოქმედი - 09.10.2009 წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რომელიც ასეთი მოთხოვნის განხილვის პროცედურას არ ითვალისწინებს. სასამართლომ შუამდგომლობის ავტორს განუმარტა, რომ შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსახილველ მოთხოვნას და სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას.
3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება არ შეიცავს მითითებას, უშუალოდ მოცემულ საქმეზე კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილი სასამართლოს შესახებ. ამასთან, წინამდებარე განცხადება სამოქალაქო წესით განსახილველ განცხადებადაც რომ იქნეს მიჩნეული, არ არსებობს მისი ამ ეტაპზე მიღების წინაპირობა.
4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონზე (შემდეგში: სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92-ე მუხლის მიხედვით, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, მათ შორის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამონაცვლეობის საკითხს განიხილავს ის სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა საქმე, ხოლო, თუ უფლებამონაცვლეობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოიშვა, მაშინ ეს საკითხი უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ. სპეციალური კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. შესაბამისად, მხოლოდ თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა უფლებამოსილი განიხილოს ასეთი განცხადება და გადაწყვიტოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა-არგაცემის საკითხი (იხ.: სუსგ №ას-136-2020, 20.04.2020წ.; №ას-1332-1350-2011, 12.03.2012წ.).
6. განმცხადებით და თანდართული დოკუმენტებით არ დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელის ნაწილში აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს (თავად გადაწყვეტილება (გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ასევე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი) წარმოდგენილი არ არის) და შესაბამისად, უფლებამოსილია გადაწყვიტოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა-არგაცემის საკითხი, რაც წინამდებარე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 25.01.2021 წ. განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.09.2016 წ. განჩინებით შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.მ–ის ამ შინაარსის განცხადება არაერთხელ იქნა წარმოდგენილი საკასაციო სასამართლოში. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს და, რაც მთავარია, არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან (შეად. სუსგ #ას-1094-1123-2011, 19.09.2011 წ., #ას-1518-1525-2011, 17.11.2011 წ., #ას-1584-1583-2011, 24.11.11 წ., #ას-879-841-2014, 21.11.2014 წ., #ას-192-2020, 19.06.2020 წ.).
8. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
9. სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტიანი უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
10. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილი სასამართლო, საკასაციო სასამართლო აღარ მსჯელობს საკითხზე, რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნა და რამდენად არსებობს სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილისა (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე) და სპციალური კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე (სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს) უფლებამონაცვლეობის დადგენის და კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20, 21-ე, 24-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ის განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. გ.მ–ის მიერ საკასაციო სასამართლოში წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩეს რეაგირების გარეშე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი