Facebook Twitter

საქმე №ას-1299-2020 26 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.პ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.პ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დასაქმებული ან პედაგოგი) წლების მანძილზე დასაქმებული იყო სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ..... საჯარო სკოლაში (შემდეგში: მოპასუხე, საჯარო სკოლა ან დამსაქმებელი) ბუნებისმეტყველების პედაგოგის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 353 ლარს შეადგენდა.

2. შრომითი ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია სკოლის შინაგანაწესი, რომლითაც გათვალისწინებული წესების დაცვა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის.

3. საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22.2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დარღვევა, ხოლო ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/ მოსწავლის მშობლის/ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს დასაქმებულის სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლებას მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

4. საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტზე, 2019 წლის 15 იანვარს განხილული იქნა პედაგოგის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, კერძოდ ამავე სკოლის მოსწავლის ნ.ქ–ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. ხსენებულ ფაქტთან მიმართებით წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა, როგორც დაზარალებულ მოსწავლეს, ასევე - მის მშობელს და თანაკლასელებს. თავად პედაგოგმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.

5. საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგენილად მიიჩნია პედაგოგის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და ამ დარღვევისათვის სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის რეკომენდაციით მიმართა საჯარო სკოლის დირექტორს.

6. დამსაქმებლის 2019 წლის 17 იანვრის N2/1 ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, რასაც 2019 წლის 15 იანვრის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N2 სხდომის ოქმი დაედო საფუძვლად.

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1. დასაქმებულმა 2019 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებას დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომელიც, თავის მხრივ, საკითხის ობიექტური და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად იქნა მიღებული.

9. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ყოფილი პედაგოგის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ (შემდეგში: სშკ) (დასაქმებულის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით იხელმძღვანელა.

9.3. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო სკოლის პედაგოგმა ამავე სკოლის მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დაზარალებული მოსწავლის და მისი მშობლის და ასევე ამავე კლასის მოსწავლეების წერილობითი ახსნა-განმარტებებით.

9.4. აღნიშნული ქმედება დადასტურებულია საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2019 წლის 15 იანვრის N2 სხდომის ოქმით, რომლის საფუძველზეც სკოლის დირექტორს პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიეცა რეკომენდაცია.

9.5. რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დასაქმებულის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატურ ღონისძიებად მიიჩნია.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

11.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი, მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით (იხ.სუსგ№ას-210-199-2017, 7 აპრილი, 2017წელი) სასამართლო, მოპასუხის გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმებისას, ასევე ხელმძღვანელობს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპით, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედებების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ Nას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016წელი).

11.4. სააპელაციო სასამართლომ ‘ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზეც მიუთითა: „ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა“ (მე-3 მუხლი) კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი. კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“.

11.5. მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ. კოდექსის მე-7 მუხლი კი ადგენს, რომ მასწავლებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.

11.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ბრძანების მართლზომიერების დასადგენად მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვებს გაეცეს პასუხი: 1. დაარღვია თუ არა დასაქმებულმა ვალდებულება, 2. რამდენად უხეშად დაარღვია დასაქმებულმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულება და 3. არის თუ არა ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ზომა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

11.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ კითხვებზე პასუხის გაცემის საკანონმდებლო რეგულაციას განსაზღვრავს სშკ-ის (იმ დროს მოქმედი რედაქციის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ - ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

11.8. სააპელაციო სასამართლომ შრომით სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულ თავისებურებაზე მიუთითა და განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგენილი წესების უხეში დარღვევის თაობაზე.

11.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაქმებული ვალდებული იყო კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში ემოქმედა. დასაქმებული საჯარო სკოლის მასწავლებელია, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებითა და კანონისა და მასწავლებლის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვას ავალდებულებდა სასწავლო პროცესის წარმართვისა და მოსწავლესთან ურთიერთობისას.

11.10. საქმის მასალები და მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები მიუთითებს პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, იმგვარი სახის დარღვევას წარმოადგენს, რომლის დროსაც გამართლებული და ადეკვატური ღონისძიებაა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკური ქცევის მინიმალურ სტანდარტს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური სახდელის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან შრომის შინაგანაწესით ორგანიზაციაში დასაქმებული ყველა პირისათვის ცნობილი იყო, რომ მსგავსი ქმედება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველს წარმოადგენს. თუმცა ასეთი ჩანაწერის არარსებობის პირობებშიც კი, გამართლებულია ნებისმიერი ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა.

11.11. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ე.წ „პროპორციულობის ტესტით“ შეპირისპირებული ინტერესების შედარებისას, დამსაქმებლის ინტერესი აღემატება დასაქმებულის შრომის უფლებას, რის შედეგადაც მოსარჩელის პრეტენზია არ იქნა გაზიარებული. ამასთან, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ამ მოთხოვნიდან გამომდინარე თანმდევი შედეგები - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოსარჩელემ (დასაქმებულმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიკვლიეს ის გარემოება, თუ რის გამო წარმოიშვა კონფლიქტი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ასევე, არ გაამახვილა ყურადღება და არც დაინტერესდა საქმეში იყო თუ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ადგილი ჰქონდა თუ არა რეალურად ბავშვის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

12.3. საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება იყო სარეკომენდაციო ხასიათის და სკოლის დირექტორმა, დამსახურებული პედაგოგის სკოლიდან გაშვების მიზნით, სავალდებულო ხასიათი მიანიჭა მას.

12.4. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მისი ნამსახურები წლები, კერძოდ ის გარემოება, რომ არის ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელსაც გაზრდილი ჰყავს უამრავი ბავშვი. მის მიმართ იმთავითვე უკიდურესი დისციპლინური სახდელის გამოყენება არამართლზომიერია.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დასაქმებულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სშკ-ის 48.8-ე (იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 38.8-ე მუხლის) სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ 58-ე (იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლის) ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ)-ის 394.1-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

20. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის) ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“, „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ N57/ნ ბრძანების და საჯარო სკოლის შინაგანაწესის დარღვევის საფუძველზე გაათავისუფლა. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა სკოლის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა, რაც ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების ისეთი დარღვევაა, რომელიც მისთვის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა.

21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულების უხეშად დარღვევის შესახებ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას.

22. საკასაციო სასამართლო სშკ-ის (ამჟამად მოქმედი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით (ნორმის დეფინიცია იხ. მე-19 პუნქტში) განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში (იხ. სუსგ Nას-641-2020, 18 სექტემბერი, 2020წელი).

23. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს.

25. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. საქმეში წარმოდგენილია როგორც დაზარალებული მოსწავლის და მისი მშობლის, ასევე, ამავე კლასის მოსწავლეების წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი პირდაპირ მიუთითებენ პედაგოგის მხრიდან მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. აღნიშნულს ადასტურებს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2019 წლის 15 იანვრის N2 სხდომის ოქმი.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დამაჯერებლად დაასაბუთა.

28. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა: მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საკასაციო სასამართლო დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის სტანდარტების ისეთი დარღვევა ჩაიდინა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველია“ (შდრ. სუსგ საქმე Nას-1688-2019, 30.09.2020 წელი; საქმე Nას-1558-2018, 25.01.2019 წელი).

29. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის და პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

30. მითითებული კანონის 21.11 მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის გარდა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი", რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – „ეთიკის კოდექსი“) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.

32. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

33. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას მიზანშეუწონელს ხდის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა, სწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რასაც დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მართებულად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება.

34. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთება.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე Nას-1558-2018, 25 იანვარი, 2019 წელი; საქმე Nას-1688-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.პ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ლ.პ–ის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N24427885, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური