საქმე №ას-533-2019 2 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ხ–ა (განმცხადებელი)
მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი – ს.ხ–ა
დაინტერესებული პირი – სს „თ.ბ–ი“, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ხ–ას (შემდეგში: განმცხადებელი, აპელანტი, კასატორი ან მხარდამჭერი) განცხადება დაკმაყოფილდა; ს.ხ–ა (შემდეგში: მხადაჭერის მიმღები) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
1.1.1. სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
1.1.2. მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
1.1.3. მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);
1.1.4. ს.ხ–ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვა, მოვლა-პატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა;
1.1.5. სს "თ.ბ–სა" და ს.ხ–ას შორის საკრედიტო ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
1.1.6. სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
1.1.7. სს "თ.ბ–სა" და ს.ხ–ას შორის სასამართლო დავისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებებით წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;
1.1.8. ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ს.ხ–ას სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით;
1.2. მ.ხ–ა დაინიშნა ს.ხ–ას მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება, თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
1.3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 8 (რვა) თვით.
1.4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
1.5. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
1.6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს შეუჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
1.7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
1.8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
1.9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება: ა) 4 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
1.10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
1.11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
1.12. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017წ. განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა ნოტარიუს მ.გ–ას მიერ 2017 წლის 8 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №170629275) საფუძველზე დაწყებული აღსრულება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო აღმასრულებლის გ.ნ–ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე #A17067648).
1.13. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.13.1. ს.ხ–ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები;
1.13.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2017 წლის 10 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ს.ხ–ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ს.ხ–ას ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მხარდასაჭერი პირის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად; მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული; ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებისა და სააღსრულებო წარმოების, ასევე სასამართლო დავების წარმოების პროცესში წარმომადგენლობის სფეროებში. ს.ხ–ას არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. მხარდასაჭერი პირის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ასევე არსებობს მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობა. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ერთი წლით;
1.13.3. 2018 წლის 5 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციის შედეგად (რომელიც განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვის გზით) დადგინდა, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას;
1.13.4. მ.ხ–ა ს.ხ–ას და არის;
1.13.5. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების, პროცესის მონაწილე პირთა, სოციალური მუშაკის შეფასების გათვალისწინებით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მ.ხ–ას მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს, გამოკვეთილი არ არის. მისი პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია იგი დაინიშნოს ძმის, ს.ხ–ას მხარდამჭერად.
1.13.6. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელი 2018 წლის 5 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას ს.ხ–ას მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო მ.ხ–ას მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ სფეროებში.
1.14. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36321-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 12771-ე, 1280-ე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4, მე-5, მე-12, მე-13, მე-18, 25-ე მუხლებით.
1.15. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 36314-ე, 36315-ე, 36320, 36319-ე, 36321-ე მუხლები, სსკ-ის 1275.3, 12771-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
1.16. განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი, იგი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას, რაც დასტურდება საქმის მასალებით. ასევე არ იკვეთება მისი მხარდამჭერად დანიშვნის რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, ამასთან, იგი თანახმაა დაინიშნოს მხარდამჭერად.
1.17. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, 2018 წლის 5 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საჭიროებს მხარდაჭერას.
1.18. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ ს.ხ–ას დამოუკიდებლად, მხარდამჭერის დახმარების გარეშე, არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ს.ხ–ას არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე.
1.19. რაც შეეხება მხარდაჭერის ვადასა და მისი გადასინჯვის პერიოდულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო თავად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული რეკომენდირებული ვადა და ასეთად, კვლევის ჩატარების მომენტში, ექსპერტებმა ერთი წელი მიიჩნიეს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ექსპერტების მიერ გაკეთებული განმარტებით, სხდომის მომენტისათვის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითი ცვლილება არ შეინიშნებოდა, მხარდაჭერის მიმღებ პირთან კომუნიკაციის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარდაჭერის გადასინჯვის ვადად უნდა განსაზღვრულიყო 8 თვე.
1.20. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პირი, მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და, სათანადო დახმარების მიღების პირობებში, თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. სსკ-ის 1293-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია, მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
1.21. სსსკ-ის 13051-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მხარდამჭერის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.ხ–ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ს.ხ–ა ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
2.1.1. სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
2.1.2. სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა; მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
2.1.3. მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში);
2.1.4. ს.ხ–ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვა, მოვლა-პატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა;
2.1.5. მხარდაჭერის მიმრების წარმომადგენლობა საქართველოში არსებულ ყველა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით; წარმომადგენლობა სს "თ.ბ–სა" და ს.ხ–ას შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობებში;
2.1.6. სააღსრულებო და ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
2.1.7. სს "თ.ბ–სა" და ს.ხ–ას შორის სასამართლო დავისას სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებებით წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;
2.1.8. ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ს.ხ–ას სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით;
2.1.9. სასამართლოსა და არბიტრაჟში სრული მოცულობით წარმომადგენლობა, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და სხვა სპეციალური უფლებამოსილებებით.
2.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.
2.3. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის (მხარდამჭერის) მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მ.ხ–ასათვის მინიჭება სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი უფლებამოსილებების გარეშე კარგავს მნიშვნელობას და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა:
2.3.1. ს.ხ–ას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვისა და მედიკამენტების შეძენა, მიღების (მათ შორის, სპეციალიზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში) სფეროში, სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის გარეშე და აღნიშნულ სფეროში მ.ხ–ას მხარდამჭერად ცნობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სრულყოფილი და სათანადო მკურნალობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელება, ვინაიდან მხარდასაჭერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მხარდამჭერს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
2.3.2. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მ.ხ–ა ცნობილი ყოფილიყო მხარდამჭერად შემდეგ სფეროში - ს.ხ–ას წარმომადგენლობა ბანკებთან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სს ,,თ.ბ–სა“ და ს.ხ–ას შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მ.ხ–ას მიენიჭა მხოლოს სს ,,თ.ბ–სა“ და ს.ხ–ას შორის საკრედიტო ურთიერთობაში წარმომადგენლობა, რაც გამორიცხავს მხარდამჭერის უფლებამოსილებას საქართველოში არსებულ სხვა საბანკო დაწესებულებებთან იყოს მხარდასაჭერი პირის წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შემთხვევაში მ.ხ–ასთვის შეუძლებელი ხდება მოიძიოს ინფორმაცია ს.ხ–ას საბანკო ანგარიშებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ამასთან, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს.ხ–ას ესაჭიროება მხარდამჭერი საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, რაც თავისთავად არ გულისხმობს მხოლოდ სს ,,თ.ბ–თან“ ურთიერთობას.
2.3.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობის გარდა, მხარდამჭერს უნდა მიენიჭოს ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარდაჭერის მიმღების წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც, ვინაიდან მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას მხარდასაჭერი პირის უფლებები არა მხოლოდ სააღსრულებო წარმოების, არამედ - სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოების დროს და აღნიშნული უფლების მინიჭების გარეშე, აზრს კარგავს მხოლოდ სააღსრულებო წარმოებაში მხარდამჭერის ჩართულობა და მისთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება.
2.3.4. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარდამჭერს მიენიჭა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობის ულებამოსილება მხარდაჭერის მიმღების სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გარდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნისა, მხარდასაჭერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გირავნობის უფლების გაუქმების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობისა, ვინაიდან ისევე, როგორც გირავნობა, ასევე, იპოთეკაც წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარდამჭერს ენიჭება საჯარო რეესტრთან ურთიერთობის უფლებამოსილება, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, მასვე უნდა მიენიჭოს აღნიშნული უფლებამოსილება გირავნობის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაშიც.
2.3.5. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას - მიენიჭოს მხარდამჭერს ს.ხ–ას წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში სრული მოცულობით, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და სხვა სპეციალური უფლებამოსილებებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მითითებულ მოთხოვნას საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც, აღნიშნულ ნაწილშიც არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, მით უფრო, რომ სასამართლოს შეფასებით, მოცემული უფლებების განხორციელების გარეშე, მხარდასაჭერ პირს შეეზღუდება კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო უფლებების რეალიზების საშუალება, რაც სრულად ეწინააღმდეგება მხარდამჭერის ინსტიტუტის არსს და იმაში მდგომარეობას, რომ პირი, მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და, სათანადო დახმარების მიღების პირობებში, თვითონ განაგებს თავის ქმედებებს.
2.3.6. აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით, მხარდამჭერს მიენიჭოს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ს.ხ–ას წარმომადგენლობა, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ სფეროში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს.ხ–ა ისედაც იქნა ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად.
2.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი და ყველა იმ სფეროში მ.ხ–ას ს.ხ–ას მხარდამჭერად დანიშვნის საჭიროება, რაც მოთხოვნილია სააპელაციო საჩივრით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ ყველა სფეროში ს.ხ–ა მხადამჭერის მიმღებად ცნობა, გარდა იმ სფეროებისა, რისი დაკმაყოფილებაც სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას. გარდა ამისა, ს.ხ–ას მხარდაჭერის მიმღებად ცნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში, დამატებით იმ სფეროებთან ერთად, რისი დაკმაყოფილებაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით უნდა მოხდეს წინამდებარე გადაწყვეტილებით, სრულ შესაბამისობაშია ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის 2017 წლის 25 სექტემბრის დასკვნასთან და დამატებით არ საჭიროებს მ.ხ–ასათვის სხვა ისეთი უფლებამოსილებების მინიჭებას, რისი აუცილებლობაც არ არსებობს და რის გარეშეც მას, როგორც მხარდამჭერს, ხელი არ ეშლება მხარდასაჭერი პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და მის სათანადო მოვლა-პატრონობას.
3. აპელანტის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3.2. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად, რადგან იმ ცალკეულ უფლებამოსილებებს, რომლებიც მხარდაჭერის მიმღები პირის სასარგებლოდ მიენიჭა მ.ხ–ას, მის მიერ მოთხოვნილი სხვა უფლებამოსილებების გარეშე, პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია.
3.3. სააპელაციო სასამართლომ აშკარად არასწორად განმარტა და გამოიყენა სსსკ-ის 36313-36324-ე მუხლები, სსკ-ის 1280-ე მუხლი.
3.4. კასატორის განმარტებით სსსკ-ის 36315-ე მუხლიდან გამომდინარე, ს.ხ–ას მხარდაჭერის სფერო უნდა განსაზღვრულიყო, როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, მის წინაშე მდგარი პრაქტიკული პრობლემების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში უნდა მიღებულიყო, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მხარდაჭერის მიმღების უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფაა.
3.5. ს.ხ–ას არ აქვს გაცემული რწმუნებულება, რომელიც მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილებას სხვა პირს მიანიჭებდა. ეს კი შეუძლებელს ხდის ს.ხ–ას სახელით საქმიანი ურთიერთობის წარმოებას, მისი ქონების განკარგვას, უფლებების რეალიზაციას და ა.შ. მხარდასაჭერ პირს არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გამორიცხავს აუცილებელი თანხის მოპოვებას.
3.6. კასატორის განმარტებით, თუკი დაშვებული იქნება, რომ სს “თ.ბ–ის“ სააღსრულებო ფურცელში დაყენებული ფულადი მოთხოვნა მართლზომიერია და ექვემდებარება შესრულებას, მაშინ დავალიანების გასტუმრებისათვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვა უნდა მოხდეს ს.ხ–ას ქონების გაყიდვის, ამ ქონების დატვირთვის ან სხვა ისეთი ფორმით გამოყენების გზით, რაც საჭიროებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას და ს.ხ–ას სახელით გარიგების დადებას.
3.7. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში სასამართლომ ს.ხ–ას მხარდამჭერს არ მიანიჭა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე წარმომადგენლობის, ს.ხ–ას სახელით გარიგებების დადების, ს.ხ–ას ქონების განკარგვის, ს.ხ–ას სახელით მისი ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიღების, კუთვნილი ქონების გამოთხოვის, ს.ხ–ას ქონების სანივთო უფლებებით, მათ შორის გირავნობითა და იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილებები. პრაქტიკულად სააპელაციო სასამართლომ ს.ხ–ას სამართლებრივი პარალიზება მოახდინა. მას წაერთვა მთელი რიგი ისეთი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა, რაც დავალიანების გასტუმრებას უზრუნველყოფდა.
3.8. მხარდამჭერს მიენიჭა უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისა და კომუნალური გადასახადების გადახდის უფლებამოსილება, რასაც ს.ხ–ას და, მ.ხ–ა ისედაც ახორციელებდა. მხარმდამჭერს მიენიჭა იპოთეკისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრთან ურთიერთობის უფლებამოსილება, მაგრამ ამას ფიქტიური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან თუ ს.ხ–ას არ მიეცემა უზრუნველყოფის საგნების სანივთო ტვირთისგან გათავისუფლების რეალური შესაძლებლობა, მაშინ იპოთეკა ვერც გაუქმდება და გაუქმების რეგისტრაციის საკითხი აქტუალური არ გახდება.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმცხადებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან; შემდეგში: კონვენცია) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.
9. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, თითოეული პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტიან ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
10. განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ის არის სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი და ესაჭიროება მხარდამჭერი. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი (შეად. სუსგ #ას-211-2020, 21.07.2020წ.).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, უნდა მიენიჭოს თუ არა მ.ხ–ას უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახელით, განკარგოს მხარდაჭერის მიმღების კუთვნილი ქონება. კასატორი მიიჩნევს, რომ თუ მას სასამართლო ამგვარ უფლებამოსილებას არ მიანიჭებს აზრი დაეკარგება სხვა თვალსაზრისით მხარადაჭერის განხორციელებას, რადგან საფრთხე ემუქრება მხარდაჭერის მიმღების ერთადერთ უძრავ ქონებას, საცხოვრებელ სახლს, იგი შეიძლება გასხვისებულ იქნას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ამოღების მიზნით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (იხ.: საქმე№2/4/532,533, 08.10.2014წ. გადაწყვეტილება), ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ.: სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.).
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და ზემოთ მოხმობილი მსჯელობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ.ხ–ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს. საკასაციო საჩივარი უარყოფილია, რადგან, გარდა იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში დაყენებული მოთხოვნა მხარდამჭერს არ ჰქონდა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, ამ ეტაპზე უკვე გასულია ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის საფუძველზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების გადასინჯვის ვადა. აქედან გამომდინარე, სათანადო მტკიცებისა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მხარდაჭერის მიმღების უფლების დაცვის მიზნით სასამართლო პროცედურების განხორციელება კვლავაც შესაძლებელია მაგრამ არა ამ დავის ფარგლებში, რადგან უნდა გადაისინჯოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები.
15. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია იმ სამართლებრივი დასაბუთებით, რაც მითითებულია.
16. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ხ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური