საქმე №ას-1545-2019 5 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი, გ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ს.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ....., ს/კ ....., ½ წილის გამოსყიდვა და მისთვის საკუთრებაში გადაცემა, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ.ბ–ისა და მ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხეები ან აპელანტები) სახელზე, ამ უკანასკნელთათვის სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის თანხის 3 579 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
2. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა (მოპასუხე გ.ბ–ის უფლებამონაცვლემ გ.ბ–მა), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ დასაბუთებით, რომ სასამართლომ საქმეზე არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
2.2.აპელანტების განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ 01.06.1957 წელს მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედს და ა.კ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც 12 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ ა.კ–მა გაასხვისა კუთვნილი უძრავი ნივთის ½ ნაწილი, მდებარე: ქ. თბილისი, ....., აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ა.კ–ს და მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 03.06.1957 წელს ა.კ–ს და მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედს ი.ბ–ს შორის ასევე გაფორმდა უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ...... ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.3.აპელანტების განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უფლებრივ წინამორბედს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ჰქონდა უძრავი ნივთის, მდებარე ზემოხსენებულ მისამართზე, ½ ნაწილზე საკუთრების უფლება, აღნიშნული ქონება 03.06.1957 წლიდან 03.12.2015 წლამდე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებული იყო სწორედ მოპასუხეთა წინამორბედის საკუთრებად, ხოლო 03.12.2015 წლიდან უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში მოპასუხეთა საკუთრებად დარეგისტრირდა, საკუთრების წარმოშობის საფუძველს კი მათ სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს. აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილზე 01.06.1957 წლიდან 09.03.2007 წლამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მეუღლის საკუთრების უფლება, ხოლო 09.03.2007 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა, რომელმაც 23.08.2010 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შვილს - ლ.მ–ს (ა.დ–ს) გადასცა;
2.4. აპელანტების მტკიცებით, მოსარჩელემ 07.01.1972 წელს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, კერძოდ, მის სახელზე მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა 01.03.2007 წელს გაიცა. მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე რეგისტრირებულია არა იმიტომ, რომ ის ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარგებლეა, არამედ იმიტომ, რომ მან და მისმა მეუღლემ ამ მისამართზე მესაკუთრესთან სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე საკუთრების უფლება შეიძინეს. აპელანტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედის მიერ სადავო საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება მისი უფლებრივი წინამორბედის მიერ სახლის ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა. ამის გათვალისწინებით აპელანტები არ იზიარებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილებას დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმა მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედთან გაფორმებული დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა უფლება სადავო უძრავ ქონებაზეც.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
3.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 უდავოა და საქმეში წარმოდგენილი 01.06.1957 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 01.06.1957 წელს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედს ა.მ–ს და ა.კ–ს შორის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..... ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც 12 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ ა.კ–მა ა.მ–ს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება გადასცა;
3.2.2 მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 03.06.1957 წელს, ერთი მხრივ, მოპასუხე აპელანტების უფლებრივ წინამორბედს ი.ბ–სა და ა.კ–ს შორის უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ..... ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ა.ბ–მა ნასყიდობის საგანზე მოიპოვა საკუთრების უფლება;
3.2.3 საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (ს/კ .....) რეგისტრირებულია ა.დ–ის (1/2 ნაწილი) და მოპასუხეების (1/2 ნაწილი) თანასაკუთრებაშია;
3.2.4 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსსგ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.02.2017 წლის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელე (პირადი # .....) 1957 წლის 11 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, ....... (იხ. ტ.1, ს.ფ. 46).
3.3. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის არსებითი მნიშვნელობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ 1957 წლიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს, თუმცა, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი; 24 ივნისი 2016 წ.; N5601-IIს) გათვალისწინებულ მოსარგებლეს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის უდავო გარემოება, რომ, მართალია, თვითონ მოსარჩელე 1957 წლიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს სადავო მისამართზე, თუმცა, ის ა.მ–ის მეუღლეა, ამ უკანასკნელმა კი 01.06.1957 წელს ა.კ–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედთან (ი.ბ–თან) სადავო საცხოვრებელ სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე საკუთრების უფლება შეიძინა. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე 01.03.2007 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, როგორც ა. მ–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მამკვიდრებლის (ა. მ–ის) დანაშთი ქონება მიიღო სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე და უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
3.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე 1957 წლიდან რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე და თუნდაც ამავე მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს, არ ქმნის პრეზუმფციას, რომ მოსაჩელე სადავო საცხოვრებელ სახლს მისი სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე ფლობს და არის მოსარგელე. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ უდავო გარემოებებზე, რომ მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმა სადავო საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხის უფლებრივი წინამორბედის მიერ სახლის მეორე ნახევარზე საკუთრების უფლების წარმოშობამდე რამდენიმე დღით ადრე და სწორედ ამ პერიოდიდან - 1957 წლიდან არის მოსარჩელე მხარე სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია დამაჯერებელი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თუ მოსარჩელის (მისი ოჯახის) ინტერესს მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის მეორე ნაწილიც (1/2) წარმოადგენდა, 1957 წელს მოსარჩელის მეუღლემ რატომ ვერ შეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საცხოვრებელი სახლის სადავოდ ქცეულ ნახევარ ნაწილზე. ამ მიმართებით მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ იმხანად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ერთ პირს მთლიანი ქონების შეძენის უფლება არ ჰქონდა. მოსარჩელის ეს არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მეუღლესთან და მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედთან გარიგების დადებამდე საცხოვრებელი სახლს ერთი მესაკუთრე ჰყავდა, რომელმაც ჯერ მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილზე, ხოლო რამდენიმე დღეში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის მეორე ნახევარი მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედს მიჰყიდა.
3.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.6. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ დადასტურდა ფატქობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს წარმოადგენს, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, ამასთან, მხარეს სადავო საცხოვრებელ სადგომზე უფლების მოპოვების სხვა საფუძველზე არ მიუთითებია; აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს სპეციალური კანონის საფუძველზე მოსარჩელის მოსარგებლედ ცნობის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძველს გამორიცხავს, რის გამოც სარჩელი უარყოფილი იქნა.
4. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
4.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტყილება, მისი გაუქმება და ,ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ. 2- ს.ფ. 180-191):
4.1.1. 2005 წლის მდგომარეობით სადავო ქონება აწ გარდაცვლილი ა.მ–ის (მოსარჩელის მეუღლის) სახელზე ირიცხებოდა, რომელიც 1972 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა, სამკვიდრო მიიღო მეუღლემ (მოსარჩელემ), რაც მოიცავდა საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილს მიწის ნაკვეთთან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მოიცავა 158 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 99.41 კვმ ფართის- შენობა-ნაგებობას; ამ ქონების ½ ნაწილი 1967 წლამდე იყო მოპასუხეთა უფლებრივი წინამორბედის - ი.ბ–ის მფლობელობასა და სარგებლობაში, შემდეგ მისი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და 1967 წლიდან ი.ბ–ს ამ ფართში არ უცხოვრია. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული მოსარჩელის ოჯახი ქონებას სრულად ფლობს, მათ შორის - სახლის სადავო ნაწილსაც, რომელიც აპელნტთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად 2015 წლიდან რეგისტრირებულია მოპასუხეთა საკუთრებად;
4.1.2. მოსარჩელე კეთილსინდისიერი მფლობელია და მისი, როგორც მოსარგებლის, სტატუსი განსაზღვრულია სპეციალური კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილია მოითხოვოს მესაკუთრედ ცნობა კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ;
4.1.3. მოსარჩელეს პრეტენზია აქვს კანონით განსაზღვრული უფლების აღდგენის თაობაზე, რაც მოიცავს უძრავი ქონების სადავო ½ ნაწილს, რომელშიც იგი უკვე 25 წელია ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის ოჯახს 1967 წლიდან არ უცხოვრია სადავო ფართში და იქ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს; მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტს ადასტურებს სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელე რეგისტრირებულია სადავო ფართში და იხდის კომუნალურ გადასახადებს, რაც შეესაბამება კანონს და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
4.1.4. კასატორის მტკიცებით ეს დავა არასწორად შეაფასა სასამართლომ, როგორც ორ მესაკუთრეს შორის დავა უძრავ ქონებაზე; მოსარჩელე 1957 წლიდან დღემდე სადავო უძრავი ქონების მისმართზეა რეგისტრირებული; ამ უძრავ ქონებაზე კომუნალური მომსახურების მიწოდება ხორციელდება ერთი სააბონენტო ნომრის მეშვეობით და სს „თ–ის“ მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 1996 წლიდან ამ მისამართზე აბონენტად სწორედ მოსარჩელე ირიცხება;
4.1.5. მოპასუხეს და მის ოჯახს 1967 წლის შემდეგ, რაც ბინა მიიღეს ვარკეთილში, არასდროს უცხოვრია ...... ქუჩაზე; საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს სპეციალური კანონით განსაზღვრულ 30-წლიან ვადაში არ შეუთავაზებია მოსარგებლისათვის კომპენსაცია სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის მოტივით, რაც კანონის თანახმად, წარმოშობს მოსარგებლის ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველს იმ პირობებში, როდესაც ურთიერთდაპირისპირებულია მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლებები ქონების მიკუთვნებასთან დაკავშირებით;
4.1.6. კასატორი ასევე უთითებს საექსპერტო დასკვნაზელითაც შეფასდა სადავო ქონების ღირებულება და სიცრუეს უწოდებს მოპასუხეთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, ისევე როგორც არავითარი 17 კვმ-იანი ცდომილება არ არსებობს დასკვნაში;
4.1.7. კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა არავითარი ნივთი არ ინახება მოსარჩელის (მ–ბის) სახლში და ეს სასამართლოს წინაშე „ტანჯული ხალხის იმიჯის“ დამკვიდრებას და ამ გზით უკანონო შედეგის მიღწევის მცდელობას ემსახურება.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1 საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვბელზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტაციით:
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაზუსტებული მოთხოვნა შემდეგი სახით ჩამოაყალიბა: მოპასუხეთა საკუთრებად რიცხული საცხოვრებელი სადგომის (ქონების რეკვიზიტები იხ. წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტში) მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისი კომპენსაციის- საბაზრო ღირებულების 25 %-ის (3 579 აშშ დოლარი) გადახდის სანაცვლოდ (იხ. ტ.1, ს.ფ.192). სარჩელის პასუხად წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ გარემოებას ემყარება, რომ სადავო საცხოვრებელ ფართში მოსარჩელე თვითნებურად შეიჭრა 2007 წლის შემდეგ; რეალურად მოსარჩელე, თავის შვილთან- ა.დ–თან ერთად, ცხოვრობს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულ სახლში, რომელიც შემდეგ შვილს აჩუქა.
7. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედებოდა იმ გარემოების დადგენა, რომ მოსარჩელე არის სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის მქონე, რაც კონკრეტული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაში მას მიანიჭებდა საცხოვრებელი სადგომის სადავო ½ ნაწილზე საკუთრების უფლებას (გამოსყიდვის სანაცვლოდ), თუმცა, მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ის სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის მქონეა, რის გამოც მართებულად იქნა უარყოფილი მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 3.2.1- 3.2.4 ქვეპუნქტებშია ასახული და განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს; ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოსარგებლე სპეციალური კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც „პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა და დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, მთავარი გარემოება, რომელიც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შემოწმდა, არის ის, თუ რა სტატუსი აქვს მოსარჩელეს, არის თუ არა იგი კანონით განსაზღვრული მოსარგებლე და განხორციელებულია თუ არა კონკრეტული წინაპირობები.
9. სპეციალური კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე (2.2 მუხლი), მე-3 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა, კერძოდ 3.1-ე მუხლის თანახმად, 1. მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი); 3.2-ე მუხლის მიხედვით კი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია;
9.1. სპეციალური კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას კომპენსაციის გადახდით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (4.1 მუხლი). ამ სახის სარჩელს, სსსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების თაობაზე, აგრეთვე - საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი საბუთი (4.2 მუხლი). იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულებას დადებულად ცნობს, აგრეთვე გადაწყვეტს მოპასუხისათვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია აღემატება სპეციალური კანონის 4.2- ე მუხლის მუხლის შესაბამისად დეპონირებულ თანხას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში სასამართლო ადგენს მოპასუხის იპოთეკას საცხოვრებელ სადგომზე. ეს იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე (4.3 მუხლი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია. თუ ამ გადაწყვეტილებით დადგენილია აგრეთვე მოპასუხის იპოთეკა, საკუთრების უფლება და იპოთეკის უფლება ერთდროულად რეგისტრირდება, მიუხედავად იმისა, რომელი მხარე განახორციელებს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (4.4 მუხლი). სპეციალური კანონის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი სარჩელის განხილვისას დაადგენს, რომ მოსარჩელე არის არა ამ მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე, არამედ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე;
9.2. სპეციალური კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას; ეს ისეთ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (5.2 მუხლი). საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა (5.3 მუხლი); თუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობისათვის მოსარგებლემ მესაკუთრეს გარკვეული საფასური გადაუხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ამ საფასურის ოდენობის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 15 პროცენტამდე შეამციროს (5.4 მუხლი).
10. კასატორის პრეტენზიათაგან საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ის საცხოვრებელ სადგომის მისამართზეა რეგისტრირებული და იხდის კომუნალურ გადასახადებს, შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი მისი, როგორც მოსარგებლის სტატუსის დასადგენად და საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მოპასუხეთათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
11. საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის გზით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაბუთებლობა და დაასკვნა, რომ კასატორის შედავება დაუსაბუთებელია. დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, თუ როგორ და რა უფლება მოიპოვეს, ერთი მხრივ, მოსარჩელის და, მეორე მხრივ, მოპასუხეების, უფლებრივმა წინამორბედებმა სადავო უძრავ ქონებაზე, დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქუჩა N57 (ს/კ .....) რეგისტრირებულია ა.დ–ის (1/2 ნაწილი) და მოპასუხეების (1/2 ნაწილი) თანასაკუთრებაში; უდავოა და საქმეში წარმოდგენილი 01.06.1957 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 01.06.1957 წელს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედს ა.მ–ს და ა.კ–ს შორის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქ. N57 ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც 12 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ ა.კ–მა ა.მ–ს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება გადასცა; მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 03.06.1957 წელს, ერთი მხრივ, მოპასუხე აპელანტების უფლებრივ წინამორბედს ი.ბ–სა და ა.კ–ს შორის უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქ. N57 ½ ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ა.ბ–მა ნასყიდობის საგანზე მოიპოვა საკუთრების უფლება; ფაქტობრივად და სამართლებრივად სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მიუხედავდ იმისა, მოსარჩელე 1957 წლიდან რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე და ამავე მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს, არ ქმნის სპეციალური კანონით განსაზღვრულ წინაპირობას იმ დასკვნის გამოსატანად, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს მისი სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე ფლობს და არის მოსარგელე. მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმა სადავო საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხის უფლებრივი წინამორბედის მიერ სახლის მეორე ნახევარზე საკუთრების უფლების წარმოშობამდე რამდენიმე დღით ადრე და სწორედ ამ პერიოდიდან - 1957 წლიდან არის მოსარჩელე მხარე სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე რეგისტრირებული. მოსარჩელის მეუღლესთან და მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედთან გარიგების დადებამდე საცხოვრებელი სახლს ერთი მესაკუთრე ჰყავდა, რომელმაც ჯერ მოსარჩელის უფლებრივ წინამორბედთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილზე, ხოლო რამდენიმე დღეში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის მეორე ნახევარი მოპასუხეთა უფლებრივ წინამორბედს მიჰყიდა. აქედან გამომდინარე, არ ვლინდება მოსარგებლის სტატუსის მოპოვების ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც კასატორის სხვა პრეტენზიები დაუსაბუთებელია და საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს განმარტებებს (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ -ები: N ას-1763-2019, 21.02.2020წ.; ას-104-2019, 27.12.2019წ; N ას-551-551-2018, 25.11.2019წ.; ას-222-2019, 05.11.2019წ.).
13. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე