საქმე №ას-1301-2020 26 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ღ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ. კ.-ჯ.", კ.მ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ღ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) აზერბაიჯანის მოქალაქე კ.მ–თან (შემდეგში: პირველი მოპასუხე) ერთად შპს „მაკს კ.-ჯ. (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კ.ა) (შემდეგში: ერთობლივად მოპასუხეები) დაარსა. მხარეთა შეთანხმებით წილები გადანაწილდა შემდეგი პროპორციით: პირველი მოპასუხე ფლობდა 51% წილს, ხოლო მოსარჩელე - 49% წილს. მოსარჩელე კ.აში იკავებდა დირექტორის თანამდებობასაც (იხ. ს.ფ ტომი I, ს.ფ 20-25; 34-35)
2. კ–ის საქმიანობის მიზანს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების და სხვა სახის პროდუქციის (ე.წ კონტეინერების, ბიო-ტუალეტების, ხელსაწყოების და ა.შ) გაყიდვა-გაქირავება წარმოადგენდა.
3. კ.ის 2018 წლის 16 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელემ კუთვნილი წილი (49%) პირველ მოპასუხეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა, იმავდროულად იგი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან (იხ. ს.ფ ტომი I, ს.ფ 39; 42-43)
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 2 აგვისტოს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და წილის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
4.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ 2013 წლის 23 სექტემბრიდან - 2018 წლის 16 აპრილამდე კ–აში დირექტორის თანამდებობას იკავებდა და მასზე იყო დამოკიდებული კ–ის განვითარება. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ პირველი მოპასუხე საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. კ.–მ განვითარება 2015 წლიდან დაიწყო და მასში დიდი წვლილი სწორედ მოსარჩელემ შეიტანა.
4.3. მოსარჩელის განმარტებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ინტერესებისათვის დასჭირდა გარკვეული ოდენობის თანხა. იმის გათვალისწინებით, რომ 2015-2017 წლები კ.ის მოგებიდან კუთვნილი დივიდენდი მიღებული არ ჰქონდა, კ–იდან თანხა გაიტანა, რითაც საწარმოსათვის ზიანი არ მიუყენებია. აღნიშნულის შესახებ პარტნიორს თვითონვე შეატყობინა ქ. ბაქოში სტუმრობის დროს, რომელსაც, თავის მხრივ, არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა რამდენიმე დღეში პირველი მოპასუხე ჩამოვიდა თბილისში და მოსარჩელეს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება კ.იდან თანხა გაეტანა, ეს ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და აპირებდა საჩივრით მიემართა პროკურატურისათვის. პირველი მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის გამო, 2018 წლის 16 აპრილს, მოსარჩელის მტკიცებით, იგი იძულებული გახდა კრების ოქმის საფუძველზე, კ.აში კუთვნილი 49% -იანი წილი უსასყიდლოდ დაეთმო პირველი მოპასუხის სასარგებლოდ.
5. მოპასუხეების პოზიცია
5.1 მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტნიორებს შორის დივიდენდის განაწილების თაობაზე შეთანხმება არ გაფორმებულა, მოსარჩელეს კ–ის საბანკო ანგარიშებიდან პერმანენტულად გაჰქონდა და პირადი მიზნებისთვის მოიხმარდა ათეულ ათასობით აშშ დოლარს. მოპასუხეს წლების მანძილზე ჰქონდა მოსარჩელის მიმართ ნდობა და კ–ის მიმდინარე ფინანსურ საკითხებს არ აკონტროლებდა. კ–ას მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად დასჭირდა სხვადასხვა მოწყობილობების შეძენა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ანგარიშზე თანხები ფაქტობრივად არ იყო, თუმცა შპს-ს გააჩნდა დიდი ოდენობით გაუნაწილებელი მოგება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა აეხსნა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა სხვადასხვა მოწყობილობების შეძენა, იგი ჩავიდა ქ. ბაქოში და პირველ მოპასუხეს განუმარტა, რომ დაახლოებით 95 000 აშშ დოლარი პირადი საჭიროებისათვის გამოიყენა. ამასთან, მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კ.ისათვის მიყენებული მორალური და ფინანსური ზიანის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ დაეთმო კ.აში მისი კუთვნილი 49%-იანი წილი და უარი ეთქვა დირექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას არანაირი შანტაჟი, მუქარა და იძულება არ უძღოდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 85-ე, 86-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით.
6.3 საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების ოქმის გაფორმებისას მოსარჩელის მიმართ მუქარის შემცველ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია და ამ ნიშნით გარიგების (კრების ოქმის) ბათილად ცნობის საფუძველი გამოკვეთილი არ იყო. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის ფაქტი წილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიერ კ–იდან თანხის გატანის შემდეგ, პირველი მოპასუხე აპირებდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, არ ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ისეთი სახის ქმედების განხორციელებას ადგილი ჰქონდა, რაც მოსარჩელეს აფიქრებინებდა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრებოდა.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
8.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასაკმარისია იძულების არსებობის შესაფასებლად. აღნიშნული საფუძვლით გარიგების შედავებისას კვლევის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია საფრთხის ხარისხის დადგენა, როდესაც მხედველობაში მიიღება, ერთი მხრივ, დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლები, მეორე მხრივ - ობიექტური გარემოებები.
8.4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. უფრო მეტიც, სარჩელის ფარგლებში არ არის მითითებული იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გარიგების ბათილობას, სსკ-ს 85-88-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე იძულებად არ ითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით. სარჩელის ფარგლებში მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ პირველი მოპასუხე სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვას აპირებდა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ვერ განიხილება.
8.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მუქარის გარეშე იგი არ დათმობდა უსასყიდლოდ წილს, რადგან, თავად მოსარჩელისავე მითითებით, მის მიერ კ–იდან გარკვეული ოდენობის თანხის გატანა განხორციელდა, რამაც პარტნიორთა შორის უთანხმოება წარმოშვა და რასაც მოსარჩელის მხრიდან წილის დათმობა მოჰყვა, შესაბამისად, მხოლოდ მითითებული არგუმენტი ვერ განაპირობებს გარიგების ბათილობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კ–აში წილის დათმობის შემდეგ მოსარჩელე განაგრძობდა დირექტორის მოადგილედ მუშაობას.
8.6. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მისი ნების ფორმირებაზე, რაც გამორიცხავს სადავო გარიგების ბათილად ცნობასა და წილის მესაკუთრედ ცნობას.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედება არ იყო სახიფათო და არ შეიცავდა იძულების ელემენტებს. თუკი გამოვრიცხავთ იძულების ელემენტებს, მაშინ რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეს მოსარჩელეს, ყოფილ პარტნიორს ესოდენ დიდი ქონება სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს.
9.3. მცდარია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი მოპასუხის მხრიდან იძულებას. საქმეში არსებული მასალა ქრონოლოგიურად აღწერს კ.ის დაარსებიდან 2018 წლის 16 აპრილამდე განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულიდან მკაფიოდ ჩანს მოპასუხის გეგმის იძულებით სისრულეში მოყვანა. მოსარჩელის მტკიცებით, რომ არა მიმართ განხორციელებული იძულება, ის დღესაც 49%-იანი წილის მფლობელი იქნებოდა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო კრების ოქმის შედგენისას მის მიმართ განხორციელებულ მუქარის/შანტაჟის ფაქტზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მტკიცებით, მუქარის ფაქტი, მისი მხრიდან კ.იდან თანხის გატანას უკავშირდება, რაც გამოიხატა პირველი მოპასუხის მიერ პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის მუქარაში. მოსარჩელის მტკიცებით, რომ არა მის მიმართ განხორციელებული იძულება, იგი დღესაც იქნებოდა კ.ის 49%-იანი წილის მფლობელი.
16. ვინაიდან სადავოა წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გარიგების (კრების ოქმის) შედგენის ფაქტი, მოსარჩელეზე განხორციელებული იძულების გამო, უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა სსკ-ის 85-ე მუხლის წინაპირობები. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, „გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან“.
17. სსკ-ის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება“, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.“ იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-664-635-2016, პუნქტი 211) საცილო გარიგებებს თავისი კონკრეტული შეცილების საფუძვლები და ვადები გააჩნია, ხოლო უცილოდ ბათილი გარიგებები დადებისთანავე ბათილია. „სამოქალაქო კოდექსი იცნობს ბათილი გარიგების რამდენიმე სახეს, პირობითად ეს გარიგებები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს და მათ მიეკუთვნება: უცილოდ ბათილი გარიგებები (რომლებიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოწესრიგებას); მერყევად ბათილი გარიგებები (როდესაც მათი ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე); საცილო გარიგებები (როდესაც გარიგების იურიდიული ძალა შეცილების უფლების მქონე პირის მხრიდან შეცილების დადგენილ ვადაში განხორციელებაზეა დამოკიდებული). გარიგებათა ამგვარი კლასიფიკაცია გავლენას ახდენს ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისა და შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის განხორციელების საკითხზე. სასამართლოს მოვალეობას, მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხის გარკვევისას, წარმოადგენს გარიგების იურიდიული ძალის შეფასება, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისას სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, შეამოწმოს მხარეთა შორის წარმოიშვა თუ არა ვალდებულებითი ურთიერთობა და თუკი დადგინდა იურიდიულად არანამდვილი ძალის გარიგების დადების ფაქტი, მოთხოვნა კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. უცილოდ ბათილი გარიგებები სამართლის დოქტრინაში მოხსენიებულია ასევე, როგორც არარა გარიგებები, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან“ (იხ. სუსგ # ას-140-2019, 14.11.2019წ; შეად. სუსგ-ებს: # ას-963-898-2017, 03.05.2019წ; #ას-1230-2018, 14.12.2018).
18. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები (იხ. სუსგ N ას-132-124-2015, 29.04.2015 წ.)
19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს მუქარით განხორციელებული იძულება წარმოადგენს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების/მუქარის შესაძლო რეალიზაციით გამოწვეული შიში აიძულებს პირს სხვისი ნების შესატყვისი ნება გამოავლინოს. იძულების ფაქტის განხორციელებულად მიჩნევისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, თავად იძულების ობიექტი პირის სუბიექტური დამოკიდებულება იძულების (მუქარის) ფაქტის მიმართ და არა მუქარის განმახორციელებელი პირის განზრახვის რეალურობა, სისრულეში მოიყვანოს მუქარის შინაარსი. გარიგების დადება უშუალოდ მუქარის სამართლებრივ პროდუქტს/შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თავის მხრივ, იძულება როგორც ასეთი, არის არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-664-635-2016, პუნქტი 207). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ.სუსგ #ას-89-83-2015, 23.10.2015 წელი). ამრიგად, ამ საფუძვლით გარიგების საცილოობისას, ამა თუ იმ კონტრაჰენტი მხარის მიმართ გარიგების დადების იძულების საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს სამართლებრივად. სამართლებრივი შეფასების პროცესში პირზე განხორციელებული ზემოქმედების სსკ-ის 85-ე მუხლის კონტექსტით იძულებად შეფასებისთვის, განმსაზღვრელია იძულების ფაქტზე მიმთითებელი პირის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართალწარმოების პროცესში გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენად ქმნის იძულების რაიმე ფორმის გამოყენების გარეშე, ხელშეკრულების დაუდებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება). ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეულმა „შიშმა“ მოსარჩელე აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ დათანხმებოდა კ.აში კუთვნილი წილის (49%) უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე შედგენილ გარიგებას (კრების ოქმს), სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით, კასატორმა ვერ დაადასტურა, რაც სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტია გარიგების ბათილად ცნობისათვის.
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე სარჩელში იმთავითვე აღიარებს კ.ის ანაგარიშებიდან გარკვეული ოდენობის თანხების გამოყენების ფაქტს პარტნიორთან (პირველ მოპასუხეთან) შეთანხმების გარეშე. ამ მოცემულობაში კი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ წილის უსასყიდლოდ გადაცემა, მოსარჩელის მიერ კ–ის კუთვნილი და დაუსაბუთებლად გახარჯული თანხების საკომპენსაციოდ განხორციელდა; სადავო კრების ოქმს საფუძვლად არ უდევს პირველი მოპასუხის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო ასეთად პირველი მოპასუხის მიერ უფლების სამართლებრივი გზით დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე მითითება ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელეზე განხორციელებულ იმგვარ ზეგავლენად, რამაც ნების ნაკლის გამოვლენით, მუქარის გამო, გამოიწვია კ–აში პარტნიორთა შორის წილის უსასყიდლოდ დათმობაზე შეთანხმება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ღ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე