Facebook Twitter

საქმე№ას-1718-2019

23 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ.მ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ. „რ.ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.მ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) და შპს მ. „რ.ე–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მ., კრედიტორი, გამსესხებელი) შორის, 2015 წლის 20 იანვარს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, მსესხებელზე სესხის სახით 20 000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით გაიცა, ამავე ხელშეკრულებით წლიური სარგებელი 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა.

2. მ.ს და მსესხებელს შორის, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, ......, ს/კოდი: ......, დაიტვირთა იპოთეკით.

3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და, 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მისი დავალიანება შეადგენს 42811.94 აშშ დოლარს (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი 12541.94 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 10270 აშშ დოლარი)

4. მსესხებელს, 2018 წლის 11 იანვარს, გაფრთხილების წერილი გაეგზავნა და ვალდებულების შესასრულებლად 30 კალენდარული დღის ვადა მიეცა.

5. მოსარჩელის მოთხოვნა

5.1 გამსესხებელმა (მ.მ), 2018 წლის 24 მაისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

5.1.1. მ.ს სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 42811.94 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 12541.94 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 10270 აშშ დოლარი.

5.1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, მსესხებლის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიქცევა.

6. მოპასუხის პოზიცია

6.1 მოპასუხემ წარდგენლი შესაგებელი სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარის ნაწილში, სარგებლით განსაზღვრული პროცენტი ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგოდ, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მისი შემცირება მოითხოვა.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

7.1.1 სესხის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარის, სარგებელის - 12541.94 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2054 აშშ დოლარის გადახდა.

7.1.2 დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 286-ე, 301-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხემ (მსესხებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტები) (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

9.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს შეფასების საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალისათვის დაკისრებული სარგებლის ოდენობა. აპელანტის მტკიცებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს (კეთილსინდისიერების და სამართლიანობის პრინციპს), რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

9.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარიგება, ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში (სსკ-ის 54-ე მუხლი). გარიგების საჯარო წესრიგთან შესაბამისობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე, მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გარიგების დადების ნება გამოავლინა მხარემ.

9.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმისათვის, რომ ხელშეკრულებაში გამოხატული ნება საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ ან ამორალურად იქნეს ცნობილი, აუცილებელია პირობათა კუმულატიური ერთობა, რომლითაც გარიგების უცილოდ ბათილობა დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან, ამასთან სარგებლის ოდენობა (წლიური 18%) არ ეწინააღმდეგება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ქცევისა და გონივრულობის სტანდარტს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოპასუხემ (მსესხებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. სარგებლის ის ოდენობა, რაც გამსესხებელმა განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. საპროცენტო სარგებელი ნაცვლად 12541 აშშ დოლარისა, 11000 აშშ დოლარით განისაზღვროს და საბოლოოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეს (კასატორს) 33 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. კასატორის შეფასებით, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა პრეზუმირებულია, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლი, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის გამოყენებასთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ებს: Nას-755-811-2011, 10.09.2012წ; ას-40-38-2013, 25.02.2013წ; ას- 63-58-2013, 10.02.2013წ; ას-813-764-2015, 28.10.2015წ; საქმე №ას-1167-1087-2017, 23.01.2018წ).

19. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სარგებლის შეთანხმებული ოდენობა წლიური 18%-ით განისაზღვრა, რაც, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-93-2019, 31 მაისი, 2019 წელი).

20. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კასატორს, განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, დასაბუთებული პრეტენზია შესაბამისი მტკიცებულებებით არ წარმოუდგენია, ამასთან, წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%, მოვალის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების დასკვნის საფუძველს არ ქმნის.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის მე-10, 54-ე და 325-ე, 327-ე მუხლების შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ არის, რაც ცხადყოფს, რომ სარგებლის მიმღები, კრედიტორი შესაბამის ნაწილში არ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია პროცენტის (18%) ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით არ არის გასაზიარებელი.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1325-2018, 22.02.2019წ).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა. კასატორს არ წარუდგენია დასაბუთებული შედავება, რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.მ–ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N9108799051, გადახდის თარიღი 2020 წლის 24 თებერვალი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური