Facebook Twitter

№ ას-1834-2018 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.კ.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამინისტრო“ ან „შემკვეთი“) და შპს „ქ.კ.კ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გაეწია კვებითი მომსახურება.

2. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ხოლო სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს სამხედრო ჰოსპიტლისა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემთხვევაში, მათი დირექტორების მიერ გამოყოფილი პირები.

3. კონტროლი განხორციელდებოდა ხელშეკრულების პირობებთან მიწოდებული მომსახურების ხარისხის, სურსათის ხარისხის, უვნებლობისა და რაოდენობის (მოცულობის) შესაბამისობის შემოწმებით, ვიზუალური დათვალიერებით (მათ შორის, სპეციალისტის მიერ დათვალიერება), აზომვითი, ტექნიკური, დოკუმენტური ან/და საქონლის გამოცდის (მათ შორის, ლაბორატორიული გამოცდის) მეთოდით.

4. ხელშეკრულების 8.1.4 და 8.1.5 პუნქტების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო 6.1.1. პუნქტში მითითებული პირების მეშვეობით ჩაეტარებინა ჯანსაღი საკვებით ორგანიზება (მომსახურება) და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება/კონტროლი. პირად შემადგენლობაზე მომზადებული საკვების გაცემამდე ერთი საათით ადრე, ქვედანაყოფის ექიმი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა საკვების ხარისხი და გაეკეთებინა შესაბამისი ჩანაწერი კონტროლის წიგნში.

5. ხელშეკრულების 8.2. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ-განწილვის ფორმის შესაბამისად, წარედგინა შემსყიდველისათვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები ამტკიცებდნენ.

6. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება და გამოყენებული პროდუქტი იქნებოდა ხარისხიანი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი.

7. ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

8. ხელშეკრულების 15.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ბრალით დროულად და ხარისხიანად ვერ განხორციელდებოდა მომსახურება, რის გამოც შემსყიდველის მიერ სამხედრო მოსამსახურეთა კვების უზრუნველსაყოფად გაწეული იქნებოდა ხარჯები ან გამოყენებული იქნებოდა სხვა მარაგები, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აენაზღაურებინა შემსყიდველისთვის სამხედრო მოსამსახურეთა კვების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები. მოთხოვნას აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე განახორციელებდნენ 6.1.1 პუნქტში მითითებული პირები.

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 აპრილის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ #1, #4, #6, #7, #10 და #11 ობიექტები არ შეესაბამებოდა სანიტარული წესებისა და ნორმების (შემდგომში - „სანწდან“) 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს. აღნიშნული ნიმუშები საკვებად მოხმარებისათვის უვარგისი იყო, ხოლო ობიექტები #2, #3, #5, #8, #9 #12 გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს და თითოეული ვარგისი იყო საკვებად მოხმარებისათვის.

10. №911-3 აქტის თანახმად, მიმწოდებელს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 აპრილის დასკვნის შესაბამისად, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენების საფუძვლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

11. 2014 წლის 1 მაისს, გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსისა და ოფიცრის მიერ შემოწმდა სოფელ ..... დისლოცირებული, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის (ს/ნ ...) სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმდა საუზმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნებო თვისებები. სასადილოში საუზმის შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე მენიუს მიხედვით გაწერილი კარაქი არ იყო გაცემის ხაზზე და ვერ მიიღო სამხედრო მოსამსახურემ. აქტს ხელს აწერენ როგორც მოსარჩელის წარმომადგენლები, ისე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №911-4 აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო (კარაქის არგაცემის ფაქტი), მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

12. 2014 წლის 30 აპრილს, გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრის მიერ შემოწმდა ქ. ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოს შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულების №6 დანართში მითითებული პირობა, კერძოდ, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადებულა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ისე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №911-5 აქტის თანახმად, მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

13. 2014 წლის 30 აპრილს, გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრის მიერ შემოწმდა ქ. სენაკში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოს შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოპასუხის მიერ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადებულა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ისე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №911-7 აქტის თანახმად, მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

14. 2013 წლის 30 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.2.10 პუნქტის შესაბამისად, მომდევნო ერთკვირიანი მენიუ-განწილვა 6.1.1. პუნქტში მითითებულ პირებს შესათანხმებლად უნდა წარდგენოდათ არაუგვიანეს წინა კვირის ოთხშაბათისა. სადავო არ არის, რომ 2014 წლის 30 აპრილის (არმიის დღე) მენიუ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, 1 კვირით ადრე სამხედრო ნაწილების მეთაურებთან იყო შეთანხმებული.

15. 2014 წლის 1 მაისს, გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსისა და ოფიცრების მიერ შემოწმდა ქ. ბათუმში (ადლია) დისლოცირებული ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (ს/ნ ...) სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოში შემოწმდა საუზმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნებო თვისებები. სასადილოში საუზმის შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე არ გაიცა მენიუთი გათვალისწინებული, კუთვნილი კარაქი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ისე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №911-8 აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო (ქ. ბათუმში დისლოცირებულ ცალკეულ მსუბუქ ქვეით ბატალიონში სამხედრო მოსამსახურეებზე მენიუს მიხედვით დაფიქსირდა კარაქის არგაცემის ფაქტი, №86 აქტი, 01.05.2014 წელი), მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 12 ივნისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტები #2, #5, #6 და #7 არ შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს. აღნიშნული ნიმუშები უვარგისი იყო საკვებად მოხმარებისათვის, ხოლო ობიექტები #1, #3 და #4 გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით, შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს და თითოეული ვარგისი იყო საკვებად მოხმარებისათვის.

17. №911-9 აქტის თანახმად, მიმწოდებელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 12 ივნისის დასკვნის შესაბამისად, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენების საფუძვლით, დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

18. ექსპერტიზებისათვის საკვების ნიმუშები მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებმა (სასადილოს პერსონალი) ჩვეულებრივ ქილებში აიღეს.

19. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 70 000 ლარის დაკისრება.

20. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

20.1. 2014 წლის 5 თებერვლის №911-3 აქტი გაუმართლებელი და უსაფუძვლო, ხოლო მის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო. 2014 წლის 26 მარტს მიმწოდებელმა წერილობით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს განემარტა, თუ რა ნორმატიული აქტებით რეგულირდებოდა მზა კერძების სინჯების აღების პროცედურები. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 აპრილის №13761 წერილით მოპასუხე კომპანიას ეცნობა, რომ პორციული საკვები პროდუქტების სინჯების აღება არ იყო სავალდებულო, თუმცა კომპანიის მხრიდან წარმოადგენდა კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას. ამავე წერილით მოპასუხეს მიეცა რეკომენდაცია, ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №303/ნ ბრძანებით;

20.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნაში მითითებული კერძების ნიმუშები, რომლებიც 2014 წლის 19 მარტს 12:00 საათზე იყო აღებული, ექსპერტმა გამოსაკვლევად წაიღო 20 მარტს, 15:00 საათზე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კერძებს ამოწურული ჰქონდა შენახვის ვადა. რაც შეეხება 2014 წლის 20 მარტის სადილის ნიმუშებს, რომლებიც ექსპერტის დასკვნის მიხედვით, დაბინძურებული იყო ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნული კერძების ინგრედიენტების საბოლოოდ დამუშავება ხდება წყლით, რომელიც შესაძლოა იყოს დაბინძურების წყარო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 20 მარტს აღებულ კიდევ სამ კერძში, რომელთაც უტარდებათ თერმული დამუშავება, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები არ აღმოჩენილა;

20.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასადილოებში მომზადებული კერძების სინჯების აღება ხდება ქ.კ.კ–ის პერსონალის მიერ (რაც ხელშეკრულების თანახმად, არ წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას) და არა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ, არასტანდარტულ ქილებში, რომელთა სტერილიზაციაც მიმდინარეობს კუსტარულად, რაც შესაძლებელია იყოს მომზადებული კერძიდან აღებული ნიმუშის დაბინძურების მიზეზი;

20.4. უსაფუძვლოა, 2014 წლის 22 მაისის №911-4 აქტი, დარიცხული ჯარიმა კი შეუსაბამოდ მაღალი. კარაქი საკვებად არ გაიცა შეგნებულად, რამდენადაც შესყიდული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად, ტენდერის წესით. საკვებად გაცემამდე განხორციელდა მისი გეგმიური ლაბორატორიული შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადებით მოთხოვნილ სპეციფიკაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარაქი საკვებად არ გაიცა, ხოლო მისი ჩანაცვლება დაკავშირებული იყო ვადებთან (რამდენიმე დღე), რის შესახებ სამინისტრო ოფიციალური წერილობითი ფორმით იყო ინფორმირებული. მოპასუხემ №911-8 აქტთან დაკავშირებით იდენტური გარემოებები და დასაბუთება მიუთითა;

20.5. უსაფუძვლოა, 2014 წლის 22 მაისის №911-5 აქტიც, რომელიც არმიის დღესთან დაკავშირებით სპეციალური სადღესასწაულო მენიუს მოუმზადებლობას შეეხება. მოპასუხემ მიუთითა, რომ არმიის დღე წარმოადგენს სპეციფიკურ (პროფესიულ) დღესასწაულს და არა საყოველთაო დღესასწაულს, იგი არ არის აღნიშნული არცერთ კალენდარში, არც შრომის კანონმდებლობაში, მოპასუხისათვის ამ დღესასწაულის თარიღი უცნობი იყო, არც თავად სამინისტროს უფლებამოსილ პირებს შეუტყობინებიათ აღნიშნული დღესასწაულის შესახებ, არც სადღესასწაულო მენიუ მოუთხოვიათ (მაშინ, როდესაც ყველა დღესასწაულის წინ სამინისტროდან მოდის წერილობითი მოთხოვნა სადღესასწაულო მენიუს შესახებ) და ყოველკვირეული მენიუ ჩვეულებისამებრ შეთანხმდა სამხედრო ბაზების მეთაურებთან, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოთქმულა. 2014 წლის 22 მაისის №911-6 და №911-7 აქტები შეეხება ასევე არმიის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო მენიუს მოუმზადებლობის ფაქტს და მოპასუხე მხარის მიერ მსგავსად №991-5 აქტისა, გარემოებები და დასაბუთება იდენტურია;

20.6. 2014 წლის 27 ივნისის №911-9 აქტი არის გაუმართლებელი და უსაფუძვლო, მის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა კი შეუსაბამოდ მაღალი, შემდეგ გარემოებათა გამო: კრწანისის სასწავლო ცენტრის საწვრთნელი ბაზის ,,ალგეთი 1“ სასადილო არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია სურსათისა და მზა კერძების უვნებლობის მოთხოვნების დაცვისათვის. აღნიშნული ხარვეზები ნახეს და დაადასტურეს როგორც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ, ისე გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისა და ლოჯისტიკის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა. მოპასუხე კომპანიამ არაერთხელ მოითხოვა საკვების სინჯებთან ერთად ჩატარებული სასმელი წყლის ანალიზიც, თუმცა წყლის სინჯი დღემდე არ წაღებულა ექსპერტიზაზე. წყლის ხარისხზე აპელირება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ თერმულ დამუშავებას დაქვემდებარებული კერძების გარდა, სასადილოში მზადდება სალათები, რომელთა ინგრედიენტები მხოლოდ ირეცხება და საჭმელად გაიცემა თერმული დამუშავების გარეშე. ასევე, აღნიშნული წყლით ხდებოდა სამზარეულო ჭურჭლის რეცხვა და სინჯების ასაღები ჭურჭლის გამოხარშვა, შესაბამისად, წყლის დაბინძურების გამო, საკვები კერძებისა და სინჯების დაბინძურების ალბათობა მაღალია. მიმწოდებელი არ ეთანხმება თავდაცვის სამინისტროს აქტებს, რომელიც კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაჯარიმებას შეეხება;

20.7. სამინისტროს მიერ წარდგენილი №911-4 და №911-8 აქტები, რომლებიც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს, წარმოადგენს ერთი და იგივე დარღვევაზე დაფუძნებულ ორ სხვადასხვა აქტს, რომლებიც შედგენილია ერთ დღეს, ისევე როგორც №911-5, №911-6, №911-7 აქტები. ხელშეკრულების პირობების ე.წ. დარღვევა, განხორციელდა საქართველოს მასშტაბით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე განთავსებულ ყველა სასადილოში და აქვს მასიური ხასიათი, შესაბამისად, ერთეულების მიხედვით ე.წ. დარღვევების დაანგარიშება არის არამართებული და მცდარი. აღნიშნული ე.წ. დარღვევები უნდა დაფიქსირებულიყო მხოლოდ ერთ აქტში, რაც ერთჯერადი სახით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2014 წლის 8 მაისის №911-3 აქტში დაფიქსირებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით; 2014 წლის 22 მაისის №911-4 აქტში დაფიქსირებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით; 2014 წლის 22 მაისის №911-8 აქტში დაფიქსირებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით და 2014 წლის 22 მაისის №911-9 აქტში დაფიქსირებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით.

22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-18 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

25. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის (მომსახურეობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხოლო სააპელაციო პრეტენზიის საგანს ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა წარმოადგენს.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის პრეტენზია, რომლის მიხედვითაც, კარაქის მიწოდების შეფერხების შესახებ მოსარჩელისთვის შეტყობინება ხელშეკრულების 13.1. პუნქტიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გამომრიცხველი უნდა იყოს, უსაფუძვლოა. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, შეტყობინების მიმღებ მხარეს (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს), უმოკლეს დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის თავისი გადაწყვეტილება სადავო გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, მხოლოდ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში არ დაეკისრებოდა მოპასუხეს პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარე არ მიუთითებს მხარეთა შორის კარაქის მოწოდების ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე შეთანხმების არსებობაზე (რომელსაც წერილობითი ფორმა უნდა ჰქონოდა).

27. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის შედავება უხარისხო პროდუქციის გამოვლენის ნაწილში, რამდენადაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 აპრილისა და 2014 წლის 12 ივნისის დასკვნების შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ობიექტები არ შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს და აღნიშნული ნიმუშები უვარგისი იყო საკვებად მოხმარებისათვის. რაც შეეხება მითითებას, რომ საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშები მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებმა აიღეს, აღნიშნული საჭირო იყო მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე გარანტიის დასადასტურებლად. მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ სინჯების გამოყენებით შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო კვლევა. შესაბამისად, მოპასუხისათვის ნათელი იყო მისი წარმომადგენლების მიერ კონკრეტული მოქმედების (სინჯების აღების) საჭიროება და მიზანი, ხოლო უხარისხო პროდუქციის გამოვლენის შემდგომ იმაზე მითითება, რომ მას არ გააჩნდა სათანადო სტერილიზაციის მექანიზმები, არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას. მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზოგ საკვებზე სინჯების აღებიდან მათზე კვლევის ჩატარებამდე, გასული იყო ვარგისიანობის ვადა, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ვარგისიანობის ვადის გასვლა არ ეხება ყველა კერძს, რომელზეც ჩატარდა საექსპერტო კვლევა. მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილია ასევე იმ კერძების შეუსაბამობა არსებულ სტანდარტებთან, რომელთა ვარგისიანობის ვადაც ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის არ იყო გასული. ხოლო, თუნდაც ერთი საკვლევი ობიექტის შეუსაბამობა დადგენილ კვებით სტანდარტთან, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევად მიჩნევისათვის.

28. სააპელაციო პალატის მითითებით, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობით მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ერთი კვირით ადრე თანხმდებოდნენ შემდგომი კვირის მენიუს შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ყველა დღესასწაულის წინ სამინისტროდან იგზავნებოდა სადღესასწაულო მენიუს შესახებ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო კვირის მენიუ (არმიის დღე) სათანადო წესით და დადგენილ ვადებში (ერთი კვირით ადრე) შეთანხმდა სამხედრო ბაზების მეთაურებთან და მოსარჩელის მხრიდან მენიუსთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოთქმულა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო მენიუ შეთანხმებული და დადასტურებული იყო კონკრეტული უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, ამ ნაწილში, საფუძველს მოკლებული იყო.

29. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და განმარტა პირგასამტეხლოს არსი.

30. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს.

31. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით (არ არსებობს მითითება შემძენის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე) პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

33. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

33.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა კარაქის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებული ფაქტი. კასატორს არ უარუყვია, რომ შემოწმების მომენტში კარაქის გაცემა სამხედრო მოსამსახურეებზე არ მომხდარა, თუმცა არსებობდა ობიექტური საპატიო მიზეზი, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.1 პუნქტის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, ასეთ შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების არსებობის, გამომწვევი მიზეზებისა და შეფერხების ხანგრძლივობის შესახებ. ამგვარ ვითარებაში შეფერხება ხელშეკრულების პირობების დარღვევად არ ჩაითვლება. მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ, როგორც კი გახდა ცნობილი შეფერხების გამომწვევი მიზეზების თაობაზე, ზემოაღნიშნული გარემოება №01/0105 წერილით აცნობა სამინისტროს. აღნიშნული გარემოება შეეხო საქართველოს მასშტაბით ყველა სასადილოს. შესაბამისად, არ უნდა იქნას განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მითუმეტეს არ უნდა იყოს თვლადი;

33.2. ექსპერიზის დასკვნისათვის სინჯების აღება არ წარმოადგენდა მიმწოდებლის ვალდებულებას. კომპანია კეთილი ნების ფარგლებში ახდენდა სინჯების აღებას, რა დროსაც არ ხდებოდა შესაბამისი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების გაკონტროლება და დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს სურდა ხარისხის გადამოწმება, ნიმუშები ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებს უნდა აეღოთ. უკვე აღებული ნიმუშების წარდგენა, რომლებზეც დარღევული იყო შენახვის პირობები, კერძოდ, გადაცილებული იყო სინჯების შენახვისათვის დადგენილი ვადები, თავად ექსპერტიზის ბიუროს აქვს დადგენილი. ექსპერტიზის კვლევა არის ბუნდოვანი, სამინისტრომ კი სრულად მიიღო მომსახურება და ზიანის დადგომას ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, კომპანია არ უნდა დაჯარიმებულიყო;

33.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის (არაჯეროვანი შესრულების) გამორიცხვას/პრევენციას და იგი სადამსჯელო ღონისძიებას არ წარმოადგენს. განსახილველ საქმეში, ხარვეზები, რომლებიც სასამართლომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად მიიჩნია, ზიანის მომტანი არ ყოფილა, ამასთან, ხარვეზის აღმოფხვრაც ამჟამად შეუძლებელია. შემკვეთმა სრულად მიიღო შესრულება, შესაბამისად, მომსახურება არ უნდა იქნას მიჩნეული ხარვეზიანად და საზიანოდ. მიმწოდებელი, როგორც საწარმო, ამჟამად არ ფუნქციონირებს, მას არ აქვს ბრუნვა და არც შემოსავალი გააჩნია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ნებისმიერი ოდენობით დაკისრება, კომპანიას უქმნის კაბალურ მდგომარეობას. კომპანია გადახდისუუნაროა;

33.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას პირგასამტეხლოს გონივრულობის შესახებ.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

36. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

38. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

41. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

43. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება.

44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი). შესრულება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დამოუკიდებელია იმ სიძნელეებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოეშვას შემსრულებელ მხარეს. მხარე მოგების ნაცვლად კიდეც რომ აგებდეს ვალდებულების შესრულებით, მისი პირობები მაინც უნდა იქნეს დაცული (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, 2001, გვ. 399).

45. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი); სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-688-688-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

47. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი 2015 წელი).

49. წინამდებარე დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას (იხ. წინამდებარე განჩინების 9, 10, 11, 15, 16 პუნქტები). შესაბამისად, დგინდება, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დარღვევით, არაჯეროვნად შეასრულა. მხარეები ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული იყვნენ პირგასამტეხლოსა და მის ოდენობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).

50. საკასაციო საჩივრის ავტორი წინამდებარე განჩინების 33.1 პუნქტში აღნიშნავს, რომ კარაქის მიუწოდებლობა ობიექტურად საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და უთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლი მართლაც ითვალისწინებს ვალდებულების შესრულების პროცესში წარმოშობილი ხელშემშლელი გარემოების გამო, პირგასამტეხლოს არ დაკისრებას, კერძოდ, ამავე ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტების მიხედვით, შეფერხების შემთხვევაში საჭიროა წერილობითი შეტყობინება და, ამავე დროს, წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით. ამ ორი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში მხარეს პირგასატეხლო არ დაეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს/მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამგვარი გარემოების არსებობას დაადასტურებდა, შესაბამისად, მარტოოდენ შეტყობინება შეფერხების შესახებ ვერ გახდებოდა პირგასამტეხლოს გამორიცხვის საფუძველი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

51. საკასაციო პალატა კასატორის წინამდებარე განჩინების 33.2 პუნქტში აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 აპრილისა და 2014 წლის 12 ივნისის დასკვნების შესაბამისად, კონკრეტული ობიექტები არ შეესაბამებოდა სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს და აღნიშნული ნიმუშები უვარგისი იყო საკვებად მოხმარებისთვის. მართალია, საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები აიღეს მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებმა, თუმცა მიმწოდებელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ნიმუშების აღება საჭირო იყო მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე გარანტიის დასადასტურებლად, შესაბამისად, კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული სინჯების გამოყენებით შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო კვლევა. კასატორის მითითებით, ზოგ საკვებზე, სინჯების აღებიდან მათზე კვლევის ჩატარებამდე, გასული იყო ვარგისიანობის ვადა, აღნიშნულის საპირისპიროდ დადგენილია, რომ ვარგისიანობის ვადის გასვლა არ ეხება ყველა კერძს, რომელზეც ჩატარდა საექსპერტო კვლევა. მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილია ასევე იმ კერძების შეუსაბამობა არსებულ სტანდარტებთან, რომელთა ვარგისიანობის ვადაც ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის არ იყო გასული. კასატორი თავად უთითებს, რომ სინჯების აღება შესაბამისი წესების დაუცველად ხდებოდა, რაც ვერ იქნება მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი ფლობდა ინფორმაციას სინჯების საფუძველზე შესაძლო კვლევების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებული იყო სინჯები წესების დაცვით აეღო.

52. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დადგინდა კასატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, საფუძვლიანია კასატორისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაზეც გავლენას ვერ იქონიებს წინამდებარე განჩინების 33.3 პუნქტში მითითებული გარემოებები.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

54. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №339-2019, 5 ნოემბერი 2019 წელი; საქმე №724-689-2015, 9 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ქ.კ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ქ.კ.კ–ას“ (ს/ნ: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე