Facebook Twitter

საქმე №ას-1751-2018 1 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე- მ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ჭ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.გ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და მ.ს–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ პირველი მოპასუხისათვის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის, მეორე მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქ. თბილისი, ...... ქ. №36, ...... ქუჩა 21, ს/კ: ....) მესაკუთრედ ცნობისა და იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. 2011 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს 13 000 აშშ დოლარი ასესხა; მეორე მოპასუხემ ზემოაღნიშნული თანხა არ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ 2014 წლის 30 სექტემბერს მიმართა სასამართლოს; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოსარჩელე იყო პირველი რიგის იპოთეკარი, ხოლო პირველი მოპასუხე მეორე რიგის იპოთეკარი;

2.2. სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ აუქციონის წესით შეიძინა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...... ქ. №36-ში, ...... ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება; აღნიშნულ უძრავ ქონებას პირველი მოპასუხე არ ირეგისტრირებს, რის გამოც ვერ ხდება მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული აღსრულების განხორციელება.

3. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამჯერ წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება, თუმცა მაინც ვერ მოხდა საკუთრების რეგისტრაცია, რამდენადაც ერთი მხრივ, ბიუროს მიერ არ იყო სწორად გაცემული განკარგულება, მეორე მხრივ კი, ქონება გასამიჯნია და თანამესაკუთრეთა პრეტენზიების გამო ვერ ხდება გამიჯვნა და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია. პირველი მოპასუხის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რის გამოც საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

9.1. მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის დრო და ადგილი, თუმცა 2017 წლის 4 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას იგი არ ესწრებოდა;

9.2. მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

9.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო;

9.4. მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარში აღნიშნა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს სტუმრებთან ერთად „ლეკნარის“ მთაზე ავიდა, წმინდა გიორგის სალოცავის (ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრი) მოსალოცად, სადაც წაბორძიკდა და დაეცა. მოსარჩელემ განმარტა, რომ დაცემისას ფეხის სახსარი ჩაეკეტა. დაცემის შედეგად, სავარაუდოდ, მყესი დაუზიანდა, რამაც ფეხის შეშუპება და ძლიერი ტკივილი გამოიწვია. მთიდან ბარში ჩასვლა საკმაოდ გაძნელდა, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღე იწვა, ვინაიდან სიარული არ შეეძლო. მოსარჩელეს სახსარი 5 სექტემბერს ჩაუსვეს, ხოლო შეშუპება რამდენიმე დღეში დაცხრა.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 241-ე და 215-ე მუხლებით.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უწყება სასამართლო სხდომის შესახებ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა საქმეში არსებობს წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, ქ. თბილისის მოზრდილთა 26-ე პოლიკლინიკის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს მარჯვენა მუხლის სახსრის სუპრატელარული სიგრძივი და განივი კვეთისას ოთხთავა კუნთის მყესის ექოგენობა აქვს, გვერდითი იოგების ექოგენობა მომატებულია; მედიალური მენისკების წინა რქა მცირედ არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა და მცირედ პროლაბირებულია გარეთ - ხანდაზმული გაგლეჯის სურათი სახეზეა. ზემოაღნიშნული ცნობა 2017 წლის 21 სექტემბრით თარიღდება. საქმეში ასევე წარდგენილია ოთხი ადამიანის წერილობითი განმარტება, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ნამდვილად იმყოფებოდა „ლეკნარის“ მთაზე, წმინდა გიორგის სალოცავში (ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრი), სადაც წაბორძიკდა და დაეცა; ჯანმრთელობის დაზიანების გამო ვერ მოახერხა თბილისში დაბრუნება და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მუხლზე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები (სამედიცინო ცნობა და მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებდნენ. მოწინააღმდეგე მხარემ კი თავისი ახსნა- განმარტებით ან სხვა სახის მტკიცებულებათა წარდგენით აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების მცდარობის დადასტურება ვერ შეძლო.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების მიმართ მრავალი საპროცესო მოქმედება აქვს განხორციელებული, რომელიც სასარჩელო მოთხოვნისადმი მისი ნამდვილი ინტერესის არსებობას ადასტურებს. გარდა ამისა, რომ არა მოსარჩელის დასაბუთებული იურიდიული ინტერესი სასამართლო სამართალწარმოების მიმართ, იგი სასამართლოს არც მიმართავდა. მოსარჩელე წინამდებარე წარმოებით იმ უფლების რეალიზებას (აღსრულებას) ცდილობს, რომელიც სასამართლო წესით უკვე მოპოვებული აქვს.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

16. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს; სამედიცინო ცნობა სასამართლო პროცესიდან დიდი ხნის შემდეგ არის გაცემული; ცნობაში აღწერილია ზოგადი დაავადება და არა ის ინფორმაცია, რომ მოსარჩელეს პროცესის გამართვის დღეს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ჰქონდა;

16.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის სარწმუნო, რამდენადაც იმისათვის, რომ მოწმეთა ჩვენებებს იურიდიული ძალა ჰქონდეს, მოწმე გაფრთხილებული უნდა იყოს და ფიცის ქვეშ უნდა მისცეს ჩვენება. ამასთან, მოწმეები მოსარჩელესთან დაკავშირებული პირები არიან;

16.3. არ არის სარწმუნო მოსარჩელის მითითება, რომ ტელეფონს ქსელთან კავშირი არ ჰქონდა. საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელია „112“-ის სამსახურთან დაკავშირება. შესაბამისად, თუ მოსარჩელეს ნამდვილად გადაუბრუნდა ფეხი, მას შეეძლო „112“-თან დაკავშირება და სამაშველო სამსახურის გამოძახება, რასაც ადგილი არ ჰქონია;

16.4. კანონიერი ინტერესის დასადგენად, საჭიროა მხარის მცდელობა მონაწილეობა მიიღოს საპროცესო მოქმედებებში. მოსარჩელეს შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა მოსარჩელემ საავადმყოფოში წასვლა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ გადაწყვიტა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა საპატიოდ.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

25. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დანიშნული სხდომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად საჭირო იყო იმის გარკვევა, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

30. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1) გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2) აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

31. მოცემულ საქმეში მოსარჩელე უთითებდა, რომ მთაში ყოფნისას ფეხი გადაუბრუნდა, რის გამოც ქალაქში დაბრუნება და სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო.

32. 2 სექტემბერს ლეკნარის მთაზე მოსარჩელის ყოფნისა და ფეხის ისეთი დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის გადაადგილებას 4 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მიზნით, მოსარჩელე ეყრდნობა სამედიცინო ცნობასა და 4 პირის ახსნა-განმარტებას. სამედიცინო ცნობის თანახმად, მოსარჩელეს მარჯვენა მუხლის სახსრის სუპრატელარული სიგრძივი და განივი კვეთისას ოთხთავა კუნთის მყესის ექოგენობა აღენიშნებოდა, გვერდითი იოგების ექოგენობა კი მომატებული იყო; მედიალური მენისკების წინა რქა მცირედ არაერთგვაროვანი სტრუქტურისა და მცირედ პროლაბირებული იყო გარეთ - სახეზე იყო ხანდაზმული გაგლეჯის სურათი. წერილობითი განმარტებების თანახმად კი, 2017 წლის 2 სექტემბერს მოსარჩელე იმყოფებოდა „ლეკნარის“ მთაზე, წმინდა გიორგის სალოცავში (ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრი), სადაც წაბორძიკდა და დაეცა.

33. სამედიცინო ცნობასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია საკანონმდებლო დანაწესი, რომ მხარის ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციას. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი 2017 წელი; საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; ას-874-2019, 4 ივლისი, 2019 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსათვის წარდგენილი სამედიცინო ცნობა, მართალია, 4 სექტემბერს სასამართლო პროცესზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, მაგრამ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე სარწმუნო ხდება მოსარჩელის მითითება, რომ მან ფეხის ისეთი დაზიანება მიიღო, რომელიც მის გადაადგილებას გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა.

34. მართალია, სამედიცინო ცნობა გაცემულია 21 სექტემბერს, მაგრამ მასში მითითებული ინფორმაცია ასევე ადასტურებს, რომ ფეხის დაზიანება, სავარაუდოდ, ცნობის გაცემიდან ახლო წარსულში მოხდა. ცნობაში მითითებულია, რომ სახეზეა ხანდაზმული გაგლეჯის სურათი.

35. ზემოაღნიშნული ცნობა დამოუკიდებლად მაინც არ იქნებოდა საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს ეს მდგომარეობა სწორედ 2-4 სექტემბრის პერიოდში განუვითარდა, თუმცა იგი განხილულ უნდა იქნას იმ წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად, რომლებიც მოსარჩელემ თავისი თანმხლები პირებისაგან წარმოადგინა და რომლებიც სარწმუნოს ხდის ცნობაში მოცემულ დაზიანების მიზეზს.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-2019, 13 მარტი 2020 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა და მასთან ერთად მყოფ პირთა ახსნა-განმარტებები საკმარისია იმ ვარაუდის წარმოშობისათვის, რომ მოსარჩელეს 4 სექტემბერს მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით პროცესზე გამოცხადებას, ასევე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის წერილობით შეტყობინების ჩაბარებას შეუძლებელს ხდიდა.

37. რაც შეეხება სატელეფონო შეტყობინებას, პირის ადგილსამყოფელიდან გამომდინარე ასევე სარწმუნოა მისი მითითება, რომ მას შეიძლებოდა ჰქონოდა სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაციის პრობლემა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას და მხარე ასეთ საქმეზე მისთვის სასარგებლო გარემოებას პირდაპირი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, თუმცა მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვითა თუ სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებებით იქმნება ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, აღნიშნული ეჭი, რომელიც საწინააღმდეგოთი არ დასტურდება, უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული განმარტება ეხმიანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად პროცესუალურ უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე არსებული ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ (იხ. სუსგ საქმე №ას-320-320-2018, 11 მაისი, 2018 წელი; №ას-672-638-2015, 2015 წლის 14 აგვისტო; №ას-490-464-2014, 2014 წლის 8 ივლისი).

38. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ბართაია საქართველოს წინააღმდეგ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia / საჩივარი №10978/06, ECHR).

39. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სამედიცინო ცნობის შინაარსიდან და 4 პირის ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, სარწმუნო ხდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მუხლზე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იმ გარემოების გათვალისწინების შემთხვევაში კი, რომელსაც კასატორი წინამდებარე განჩინების 16.3 და 16.4 პუნქტებში უთითებს სასამართლო ზედმეტად ფორმალისტურ დამოკიდებულებას გამოიჩენდა და ამ მიდგომის გამო მოსარჩელეს წაერთმეოდა თავისი უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე წინამდებარე წარმოებით იმ უფლების რეალიზებას (აღსრულებას) ცდილობს, რომელიც სასამართლო წესით უკვე მოპოვებული აქვს.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი კი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (იხ. სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).

41. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ იქმნება ვარაუდი მოსარჩელის მიერ საქმის მიმართ ინტერესის დაკარგვის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის მოსამზადებელ სხდომას, რომელიც 2017 წლის 4 სექტემბრისთვის გადაიდო, მოსარჩელე ესწრებოდა.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

43. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №354-336-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარისა და ს.კ–ას (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 1 თებერვლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, საერთო ჯამში 900 ლარის 70% – 630 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ.გ–ძეს (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 1 თებერვლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის და ს.კ–ას (პ/ნ N.....) მიერ 2019 წლის 1 თებერვლის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, საერთო ჯამში 900 ლარის 70% – 630 (ექვსას ოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე