№ას-1622-2019 10 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ძ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს–ი’’
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ძ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან კასატორი) და შპს „ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, სკოლა) შორის, 2011 წლის 23 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება №77, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე. მხარეთა შორის 2015 წლის 7 სექტემბერს დადებული №110 შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმდა ბუღალტრად, მისი ყოველთვიური ხელფასი კი განისაზღვრა 1 950 ლარით (ტ.1, ს.ფ. 21-27).
2. მეორე შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1, 3.7 და 3.10 პუნქტების თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები. დროულად აწარმოოს საფინანსო გადარიცხვები და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდიდეს გენერალურ დირექტორს. ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 25).
3. სკოლის დებულების 24-ე მუხლით და 2016-2017 წლის სასწავლო წლის შინაგანაწესის 52-ე მუხლით განსაზღვრულია ბუღალტრის შემდეგი ვალდებულებები: ა) გენერალური დირექტორის მითითებით დროულად აწარმოოს საფინანსო გადარიცხვები (ხელფასები, სხვადასხვა გადარიცხვები); ბ) ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გენერალურ დირექტორს; გ) იზრუნოს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე; დ) შეასრულოს დამსაქმებლის ბრძანებები და მითითებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ე) ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად; ვ) აწარმოოს ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა; ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეავსოს და წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციები; თ) საბანკო ოპერაციები აწარმოოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით (ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით); ი) აწარმოოს კომუნალური მომსახურეობის (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ტელეფონი, დასუფთავების მოსაკრებელი, ინტერნეტი) აღრიცხვა და უზრუნველყოს დავალიანების დროული დაფარვა (ტ.1, ს.ფ. 203-266).
4. დამსაქმებლის 2017 წლის 28 დეკემბრის №1-781 ბრძანებით, სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, კერძოდ, კომპანიის 2014-2016 წლების პირველადი დოკუმენტების და ბუღალტრული ბაზის და დეკლარაციების ანგარიშგების შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის (ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევის, ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური მარაგების არასწორად აღრიცხვის, არასწორად დეკლარირებული საგადასახადო დეკლარაციების და ა.შ) გამო, მოსარჩელეს შეუწყდა 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული №110 შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვრიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, შინაგანაწესის მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის და შპს ,,ე -ა–ის“ დამოუკიდებელი აორული დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 91).
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 9 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს, სკოლის წინააღმდეგ, მოითხოვა:
5.1.1. სკოლის გენერალური დირექტორის 2017 წლის 28 დეკემბრის №1-781 და 2018 წლის 10 აგვისტოს №1-63 ბრძანების ბათილად ცნობა;
5.1.2. მოსარჩელის, სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენა;
5.1.3. მოპასუხისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ ხელზე ასაღები ხელფასის 1 560 ლარის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2018 წლის იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე შრომით ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებული გაეცნო სკოლის დებულებასა და მოქმედ შინაგანწესს.
9.4. სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლებზე მიუთითა და განმარტა, რომ დასადგენი იყო, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ დარღვევებს ადგილი და ასეთის არსებობის შემთხვევაში იყო თუ არა უხეში დარღვევა.
9.5. საქმის მასალებში არსებული, მოპასუხის დაკვეთით ჩატარებული, შპს „ე-ა–ის“ დასკვნის მიხედვით, რომელიც სკოლის 2014-2016 წლების საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აორულ შემოწმებას წარმოადგენდა, ირკვევა, რომ მოპასუხის სააღრიცხვო პოლიტიკა საანგარიშგებო წელს განსაზღვრული არ იყო, ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებდა საერთაშორისო სტანდარტებით, ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებდა არასრულად მემორიალური ორდერებით. აის აზრით, მოპასუხის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს საწარმოს სამეურნეო საქმიანობას, მის ფინანსურ შედეგებს 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამართლიანად ვერ ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს, შემოსავლებსა და ხარჯებს, ფინანსურ შედეგებს. აქედან გამომდინარე, აის მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხის ფინანსურ ანგარიშგებებში არსებითად შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც აის მიერ გაიცა უარყოფითი დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 193-201). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დასკვნის შემდგენი აორის განმარტებით, უარყოფითი დასკვნის გაცემა გულისხმობს მითითებულ პერიოდში შემოწმებული დოკუმენტაციის ბუღალტრული კუთხის ნაკლოვანებას.
9.6. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სკოლის მიმართ 2005-2017წ. ჩათვლით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული ჯარიმა შეადგენს 4 420 ლარს, ხოლო, იმავე პერიოდში დარიცხული საურავი შეადგენს 495.32 ლარს (ტ.2, ს.ფ. 250-464). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის 002-473 თანახმად, სკოლის გადასახდელად ერიცხება 222 680.5 ლარი, საიდანაც დარიცხული ჯარიმა შეადგენს 55 560 ლარს, ხოლო საურავი 62 084.5 ლარს (ტ.2. ს.ფ. 99-131).
9.7. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, სსიპ შემოსავლების სამსახურთან მოპასუხის სახელით მოქმედ პირს წარმოადგენდა მოსარჩელე. მოწმის სახით დაკითხული პირის - ლ.ლ–ის განმარტებითაც დგინდება, რომ იგი როგორც მთავარი ბუღალტერი ითავსებდა ფინანსური მენეჯერის საქმიანობას უშუალოდ საგადასახადო ანგარიშგებები და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება კი შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში. პალატა განმარტავს, რომ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და დამსაქმებლის შინაგანაწესის გაცნობით მოსარჩელე შებოჭილი იყო მათში გათვალისწინებული ვალდებულებებით. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მისი შრომითი უფლება-მოვალეობები და მათი დარღვევის სამართლებრივი შედეგები.
9.8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერი იყო. სააპელაციო სასამართლოს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტების მსგავსად, აღნიშნული შეფასება აორული დასკვნით იყო განპირობებული რაც რაიმე მტკიცებულებით არ გაქარწყლებულა. ამ დასკვნაში მითითებული დარღვევების სისტემური და მასშტაბური ხასიათი კი სასამართლოს შეფასებით ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ ვალდებულების ერთჯერად დარღვევად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ამ დარღვევების ხასიათი არამედ გავლენა შედეგობრივი კუთხით, რაც ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მისი სიმძიმის გათვალისწინებით წარმოადგენს იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (უხეში დარღვევა).
9.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე, მოსარჩელის იმ მოთოხვნაზე, რომლითაც რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ, სკოლის 2018 წლის 10 აგვისტოს ბრძანებაა სადავოდ გამხდარი.
9.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაციის შესახებ დასახელებული ბრძანების ფარგლებში მოპასუხის მიერ გაუქმდა ჯამში 17 საშტატო პოზიცია, მათ შორის, მთავარი ბუღალტერ-ეკონომისტისა და ბუღალტრის პოზიციები (ტ.2, ს.ფ. 144-153). საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხის 2018 წლის 19 ივნისის ბრძანების №1-48 თანახმად, სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და ორგანიზაციის მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა სკოლის რეორგანიზაცია (ტ.2, ს.ფ.140-143). ამასთან ერთად, საქმეში წარდგენილი იყო 2018 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულება ბუღალტრული მომსახურების შესახებ, რომლის 2.1.1. პუნქტის თანახმად, საბუღალტრო კომპანია შპს „ნ.თ–ი“ იღებდა ვალდებულებას სკოლისთვის გაეწია საქართველოს კანონმდებლობით და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული, ხელშეკრულების 1 მუხლის 1.4. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.
9.11. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, სკოლაში ჩატარებული რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, ამ უკანასკნელს, ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2017 წლის 28 დეკემბრის №1-781 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელეს არ გააჩნდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, რაც აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წანამძღვრები.
10. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინების 2.2 punqtSi miTiTebuli faqtobrivi garemoebis dadgenilad miCnevis fonze, saTanadod ar Seafasa saqmeSi daculi 2017 wlis 7 seqtembris #110 Sromis xelSekruleba, romlis me-3 muxlis 1.6 punqtis Tanaxmad: "damsaqmebeli valdebulia kontroli gauwios dasaqmebulis mier gaweuli samuSaos Sesrulebas." saqmeSi aseve warmodgenilia n.Z–is 2017 wlis 25 dekembris axsna-ganmarteba, romlis mixedviTac mosarCele uTiTebs, rom 2017 wlamde buRaltrul aRricxvas axorcielebda mTavari buRalteri l.l–i xolo, mosarCele buRaltrul aRricxvas Sesabamis programaSi ("orisis" programaSi") axorcielebda 2017 wlidan.
10.3. კასატორის განმარტებით, 2016 წლის 2 თებერვლის დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ №1-587 ბრძანებაზე, არ არის მისი ხელმოწერა, არც მიზეზია მითითებული ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე, რითიც დასტურდება, რომ აღნიშნულ ბრძანებას მოსარჩელე არ გასცნობია. დისციპლინური ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტი ნამდვილიც რომ იყოს, სშკ-ის მიხედვით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასულია, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტის გამოყენებას გამორიცხავს.
10.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შემოსავლების სამსახურთან, სკოლის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე, 2017 წლიდან ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამაში ახორციელებდა, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა და ფინანსური გადარიცხვების წარმოებაც ამავე პერიოდიდან იყო მისი ვალდებულება, ხოლო, მანამდე, აღნიშნულს პროცედურას მთავარი ბუღალტერი ლ.ლ–ი ახორციელებდა. აის დასკვნა, სწორედ აღნიშნულ პერიოდში ორისის პროგრამაში განხორციელებულ აღრიცხვებს ეხება, ამავე დასკვნის მიხედვით, მთავარი ბუღალტერი იყო პასუხისმგებელი მიმდინარე აღრიცხვებზე.
10.5. კასატორის ფუნქციებში შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა 2017 წლიდან შედიოდა, ბუღალტრად კი 2011 წლიდან იყო დასაქმებული, ხოლო, გასაჩივრებული განჩინებით, მისი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, სკოლის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რომელიც დაგროვდა 2005-2017 წლებში. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არაა გამიჯნული, დარიცხული ჯარიმის რა ნაწილია 2011-2017 წლების პერიოდზე, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გათავისუფლების უშუალო მიზეზი, 2014-2016 წლებში არსებული ფინანსური დარღვევები გახდა.
10.6. კასატორის განმარტებით, ვინაიდან, საქმეზე გამოკითხული, სკოლის მთავარი ბუღალტერი ლ.ლ–ი სკოლის ერთ-ერთი პარტნიორიცაა, ამასთან, კასატორის დედამ სარჩელი აღძრა პარტნიორების წინააღმდეგ, საწარმოში რეგისტრირებულ წილებში ცვლილებების შეტანი მოთხოვნით, ბუნებრივია, რომ მოწმე ობიექტური ვერ იქნება. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ კასატორის გათავისუფლების მიზეზად მითითებული გარემოების მიუხედავად, კასატორის გათავისუფლების მიუხედავად, მთავარი ბუღალტერი, მაინც აგრძელებდა სამსახურში სიარულს და ხელფასის მიღებას (გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შემდეგ, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მთავარ ბუღალტერთან შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის იანვრიდან შეწყდა, თუმცა, მარტის თვის ჩათვლით ერიცხებოდა ხელფასი). კასატორის განმარტებით, მოწმის ჩვენების შეფასებისათვის გასათვალისწინებელი იყო აგრეთვე, რომ მთავარი ბუღალტრის ძმა და მეუღლე სკოლაში მუშაობენ.
10.7. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე, მისი გათავისუფლების შემდეგ, საწარმოში ჩატარებული რეორგანიზაციის მართლზომიერებას, რის საფუძველზეც, მისი თანამდებობა გაუქმდა. აღნიშნული მოთხოვნის მოტივად კასატორი უთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შესახებ, ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში, სწორედ რეორგანიზაციის ჩატარების მართლზომიერების გარკვევაა საჭირო, მისი, როგორც უკანონოდ გათავისუფლებული პირის, უფლებრივი რესტიტუციისთვის, კერძოდ იმავე თანამდებობაზე აღდგენისთვის.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, 2020 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დასაქმებულის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის 2017 წლის 28 დეკემბრის №1-781 ბრძანებით, სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების, შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის, კერძოდ, კომპანიის 2014-2016 წლების პირველადი დოკუმენტების და ბუღალტრული ბაზის და დეკლარაციების ანგარიშგების შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის (ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევის, ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური მარაგების არასწორად აღრიცხვის, არასწორად დეკლარირებული საგადასახადო დეკლარაციების და ა.შ) გამო, მოსარჩელეს შეუწყდა 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული №110 შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვრიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, შინაგანაწესის მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის და შპს ,,ე-ა–ის“ დამოუკიდებელი აორული დასკვნა (ტ.1,ს.ფ.193).
14. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
15. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).
16. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
17. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
18. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო, ხოლო, მოსარჩელის განმარტებით, საბუღალტრო პროგრამაში 2017 წლამდე არ უმუშავია. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის აღნიშნული ახსნა-განმარტება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებასთან მიმართებით სათანადოდ არაა შეფასებული.
19. საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, აგრეთვე, რომ 2005-2017 წლებში, სკოლის დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ შეადგენდა 4 420 ლარს, ხოლო, იმავე პერიოდში დარიცხული საურავი შეადგენდა 495.32 ლარს (ტ.2, ს.ფ. 250-464). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის 002-473 თანახმად, სკოლას გადასახდელად ერიცხება 222 680.5 ლარი, საიდანაც დარიცხული ჯარიმა შეადგენს 55 560 ლარს, ხოლო, საურავი 62 084.5 ლარს (ტ.2. ს.ფ. 99-131).
20. საკასაციო სასამართლო, უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს, აორულ დასკვნასა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული დასკვნის შეფასების მართებულობაზე.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული, შპს „ე-ა–ის“ 2017 წლის 19 აპრილის დასკვნის მიხედვით, აის მიზანს წარმოადგენდა სკოლის 2014-2016 წლის საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აორული შემოწმება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულის დადგენა, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. აის შეფასებით, სკოლის ფინანსური ანგარიშგებები მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო, რის გამოც უარყოფითი დასკვნა გაიცა. დასკვნის მიხედვითვე, საბუღალტრო საქმიანობა ორად იყო გაყოფილი და სხვადასხვა ადამიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე აწარმოებდა საქმიანობას, თუმცა, თანამდებობრივად პასუხისმგებელი მთავარი ბუღალტერი იყო მიმდინარე აღრიცხვებზე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აორული შემოწმების შედეგად ცალსახად ვერ დადგინდა, რა სახის ბუღალტრულ საქმიანობას, რომელი ბუღალტერი აწარმოებდა, შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის თანახმად, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელე არ იყო მთავარი ბუღალტერი, და ამ უკანასკნელის ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოს არ შეუფასებია სათანადოდ, ირკვევა, რომ 2017 წლამდე მას პროგრამაში არ უმუშავია და შემოწმების პერიოდში, ანგარიშგებებზე სწორედ მთავარი ბუღალტერი მუშაობდა, დაუსაბუთებელია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დასახელებული დასკვნით, მოსარჩელის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს.
23. საკასაციო სასამართლო, მთავარი ბუღალტრის ახსნა-განმარტებაზეც მიუთითებს, რომელსაც, დამოუკიდებლად არ შეიძლება დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო პერიოდში თავად იყო მთავარი ბუღალტერი, ამასთან, სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც სხვა დავა აქვს, მოსარჩელის დედასთან, რომელიც, აგრეთვე, სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ სკოლას აქვს გარკვეული დარღვევები, თუმცა, დასკვნა ვერ იძლევა, რიგ შემთხვევბში, თვითონ დარღვევების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, ამასთან, ვერ განსაზღვრავს, ყოველი კონკრეტული დარღვევისთვის კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს, თუმცა, მითითება არის ორგანიზაციულად პასუხისმგებელ პირზე - მთავარ ბუღალტერზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მსგავსი დასკვნის საფუძველზე, მხარეთა ახსნა-განმარტებების არასათანადო შეფასებასთან ერთად ვერ ქმნის მოსარჩელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და საჭიროებს დამატებით კვლევას, მოსარჩელის მიერ შესაძლო უხეში დარღვევის თაობაზე, რაც შეიძლება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო.
25. საკასაციო სასამართლო, შემოსავლების სამსახურის წერილზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც 2005-2017 წლებში, სკოლის დავალიანებაზე უთითებს და განმარტავს, რომ ვერც აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნევა მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლად, ვინაიდან, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის შრომის ურთიერთობა დაიწყო 2011 წელს. გასარკვევია, რომელი წლიდან ჩაითვლება მის პასუხისმგებლობად საგადასახადო ანგარიშგებებში არსებული დარღვევები, ან საერთოდ, შესაძლებელია თუ არა მის პასუხისმგებლობაზე საუბარი.
26. საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილ ერთ-ერთ გარემოებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სადავო ბრძანება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემულია 2017 წლის 28 დეკემბერს, ხოლო, მის საფუძვლად მითითებული აორული დასკვნა მომზადებულია, 2017 წლის 19 აპრილს. აღსანიშნავია, რომ სკოლამ, მოსარჩელეს ახსნა-განმარტებისთვის, სადავო დასკვნის მიღებიდან 8 თვის შემდეგ 2017 წლის 18 დეკემბერს მიმართა, ხოლო, პასუხის მიღებიდან მალევე გამოსცა სადავო ბრძანება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონმდებლობით, მსგავსი საკითხის მარეგულირებელი ნორმა არ არსებობს, აგრეთვე მხარეებს არ მიუთითებიათ, შრომის შინაგანაწესის ისეთ ნორმაზე, რომელიც მსგავს სიტუაცია არეგულირებს, შესაბამისად, შესაძლო გადაცდომის ჩადენიდან 8 თვის შემდეგ ჩატარებული წარმოება და სანქციის სახით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არაგონივრულია, მით უფრო მაშინ, როდესაც, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული უხეში დარღვევა, არსებული სახით მტკიცებულებების შეფასებიდან არ იკვეთება (იხ.სუსგ-ები. ას-21-2020, 19.02.2020; ას-1236-1159-2015, 03.02.2016;).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის პრეტენზიას, მისი გათავისუფლების შემდეგ, ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში გამოცემული #1-62 ბრძანების გაუქმებასაც ეხება, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მოსარჩელის თანამდებობა, აღნიშნული ბრძანებითაა გაუქმებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ იყო დასახელებული ბრძანება, თუმცა, განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების ხელახლა კვლევის პირობებში, ასეთი ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევისას, მოსარჩელის, გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობაზე აღდგენის საკითხი იქნება გამოსაკვლევი, რასაც, ხელს შეუშლის რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის პოზიციის გაუქმების შესახებ. ამდენად სააპელაციო სასამართლომ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების კვლევის პარალელურად უნდა გამოიკვლიოს სადავო გადაწყვეტილება, რომელიც რეორგანიზაციის პირობებშია მიღებული და შესაძლოა ხელი შეუშალოს მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციას.
28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინება, და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე