საქმე №ას-222-2020 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ვლადიმერ კაკაბაძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ჯ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძის და გ.ჯ–ის უფლებამონაცვლე ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის (მოსარჩელეები, აპელანტები, დაზიანებული ქონების მესაკუთრეები) თანასაკუთრებას წარმოადგენს ქ. ბათუმში, ...... ქუჩა N104/106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (ტ.1,ს.ფ.21-22), რომლის მიმდებარედ, კერძოდ, ქ. ბათუმი, ....... ქუჩა N108-ში განთავსებულია მოპასუხე ჯ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
2. მოპასუხემ, მის საკუთრებაში არსებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე, მესამე სართულის დაშენების მიზნით 2007 წელს ჩაატარებინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. 2007 წლის 13 სექტემბრის, შპს „ა–ის“ ინჟინერ-გეოლოგის ს. მ–ის მიერ შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული რეკონსტრუქციისთვის, საინჟინრო-გეოლოგიური პირობები არ იყო ხელსაყრელი, რაც დაკავშირებული იყო საძირკველთა საფუძველში ძალზე დაბალი მზიდუნარიანობის ძლიერ დატორფიანებული თიხნარის არათანაბარი სიმძლავრის შრის განლაგებით. რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლოა საფუძველში განვითარებულიყო მნიშვნელოვანი სიდიდის დამატებითი ჯდენები, რითაც საფრთხე შეექმნებოდა აგრეთვე, უშუალოდ, მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებსაც. შესაძლოა მომხდარიყო მათი „ჩათრევა“ და მაშინ, მომიჯნავე საცხოვრებელი სახლების კედლებზე შეიძლება თავი ეჩინა ბზარებს (ტ.1,ს.ფ.12-14).
3. მოპასუხემ, 2009 წელს, დაიწყო მის საკუთრებაში არსებული სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა, სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას და შენობის უკანა ფასადის მხრიდან, ორსართულიანი ნაწილის მიშენებას.
4. ექსპერტიზის დასკვნებით, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, წარდგენილი ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების თანახმად, 2009-2012 წლების განმავლობაში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულის მზიდ კედლებზე გაჩენილია 1-4 მმ გახსნილობის ჰორიზონტალური და დახრილი ბზარები, ადგილობრივად გრძივი და განივი კედლების შეუღლების კუთხეებში გაჩენილია ვერტიკალური ბზარები, გ.ჯ–ის ბინაში გარე კედელი მოცილებულია ზეძირკველს და მათ შორის გაჩენილია ჰორიზონტალური ნაპრალი, ორივე სართულზე გადახურვები გადახრილია მოპასუხის ნაკვეთისკენ, შიდა ეზოში ბეტონის იატაკზე მეზობელ ნაკვეთზე აშენებული სახლის პარალელურად გახსნილია ნაპრალი, სველ წერტილებში დაბზარულია კერამიკული ფილები.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2012 წლის 5 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნის მიხედვით „ქ. ბათუმში, მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის პროექტის, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ასევე კონსტრუქციული ნაწილი არ არის შესრულებული სამშენებლო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი შენობის, ქუჩის მხრიდან მარჯვნივ მდებარე გრძივი კედლის მხარეს არსებული დეფორმაციების და განვითარებული ბზარების ძირითად მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ არასრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ქვაბულის გამაგრების არ არსებობა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული უნდა ყოფილიყო რეალური საწყისი მონაცემებით შესრულებულ ნაგებობების ურთიერთგავლენის ამოცანის გაანგარიშებით მიღებულ შედეგებზე, ასევე არსებული შენობის უშუალოდ მომიჯნავედ, მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების დროს, ქვაბულის ამოღებამდე, მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების ჩაუტარებლობა, ან არასრულყოფილი ჩატარება.“ (ტ.1,ს.ფ.68-74).
6. ექსპერტიზის ბიუროს 2012 წლის 7 ნოემბრის დასკვნის მიხედვით „ქ. ბათუმში, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე განვითარებული ჯდენითი დეფორმაციები გამოწვეულია მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, მოპასუხის სახლზე, 2009-2011 წლებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3-მე-4 პუნქტები), რომელიც ჩატარდა საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევით და არ ითვალისწინებდა 3-3,5 მ სიღრმის ქვაბულის ამოჭრას. დასკვნის შედგენის დროისთვის, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, 2012 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობასთან შედარებით გაუარესებული იყო, თუმცა მზიდ კედლებში წარმოქმნილი ბზარები საფრთხის შემცველი არ იყო (ტ.1,ს.ფ.13-18).
7. კომპანია - „დ. ი–ის“ 2013 წლის 25 მაისის კონსტრუქციული კვლევის მიხედვით, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სახლის კედლებზე, ჭერში და იატაკზე ყოფილი ბზარები განაგრძობენ ინტენსიურ ზრდას და ისინი უკვე წარმოადგენენ ძალიან საშიშ ბზარებს. მოპასუხის საცხოვრებელი სახლის მიშენება-დაშენების პროცესში პროექტიდან გადახვევის და მშენებლობის ტექნოლოგიის დარღვევის გამო, მოსარჩელეთა სახლი საგრძნობლადაა გადახრილი, მოპასუხის სახლის მიმართულებით, აღდგენას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად უვარგისია (ტ.1,ს.ფ.19-20).
8. ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის დამატებითი საინჟინრო დასვნის მიხედვით „მოსარჩელეთა, დაზიანებული შენობა აღდგენას ექვემდებარება. დეფორმირებული კონსტრუქციების გამოსწორების საკითხები კი გასათვალისწინებელია გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციულ პროექტში. აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დროს დამატებითი კონსტრუქციების მოწყობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შესაძლებელია უმნიშვნელოდ შემცირდეს, რაც სავარაუდოდ შეამცირებს სახლის ღირებულებას. აღდგენითი სამუშაოების ღირებულების ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს, მხოლოდ გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციული პროექტით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. კონსტრუქციული პროექტი უნდა დამუშავდეს შენობის დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. რაც შეეხება მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის იდენტური სახლის აშენების ღირებულებას, იგი სრულფასოვნად შესაძლოა დადგინდეს, მხოლოდ შესაბამისი პროექტის მიხედვით დამუშავებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული შენობის დემონტაჟის ხარჯებიც“(ტ.1,ს.ფ.136-148).
9. მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე, შპს „ა–ის“ სპეციალისტების მიერ, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილას ახალი იდენტური (დაზიანებამდე არსებული) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემულ დასკვნასა და პროექტის მიხედვით შედგენილ ხარჯთაღრიცხვებში, ასევე ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის -თ.ტ–ის მიერ გაკეთებულ განმარტებით ბარათებში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 99 643.78 ლარს, ხოლო ამ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მთლიანი ღირებულება შეადგენს - 140 561.38 ლარს (ტ.3,ს.ფ.2-63).
10. ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 1 მაისის დასკვნის მიხედვით „ვინაიდან მოსარჩელეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეზღუდული სამშენებლო პირობებიდან გამომდინარე დაკავშირებულია მნიშვნელოვან სირთულეებთან და ამასთანავე, მათი განხორციელებისათვის აუცილებელია პირველ სართულზე მასშტაბური სადემონტაჟო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესრულება, შენობის გამაგრება-გაძლიერება გაუმართლებელია (ტ.2,ს.ფ.1-28).
11. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი კომპანია - „დ. ი–ის“ სპეციალისტების დ. ზ–ძის, რ. კ–ძისა და ვ. ვ–ძის მიერ შედგენილ 2018 წლის 19 მაისის დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება, რის გამოც მიზანშეწონილია სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ანალოგიური ფართის, კერძოდ 418 კვ.მ ახალი სახლის მშენებლობა. მოსარჩელეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საპროექტო სამუშაოებთან ერთად შეადგენს 215 270 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. (ტ.2,ს.ფ.63) იმავე ექსპერტებმა განმარტეს, რომ დასკვნაში მითითებული თანხა გამოანგარიშებული იყო, ზოგადად, ბაზარზე არსებული ფასებიდან.
12. მოსარჩელეთა მოთხოვნა
12.1. დაზიანებული სახლის მესაკუთრეებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვეს, მოპასუხისთვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით 215 270 აშშ დოლარის დაკისრება.
13. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 140 561.38 ლარის გადახდა.
15. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
15.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს:
15.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, დაზუსტებული მოთხოვნის (ტ.2,ს.ფ.87) დაკმაყოფილება, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის, ახლის აშენებისა და საპროექტო სამუშაოების ღირებულების, სულ 215 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
15.1.2. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მტკიცებულებათა დართვისა და სპეციალისტების დაკითხვის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმება, აღნიშნული განჩინებების საფუძველზე დართული მტკიცებულებების საქმიდან ამოღება;
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
16.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, ლ.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელეთა უფლებამონაცვლე, იხ. მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ტ.3,ს.ფ. 219-220) სასარგებლოდ დაეკისრა 215 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
16.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დამატებით წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-11 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ აპელანტის პრეტენზია, მოპასუხის მიერ წარდგენილი, იმ მტკიცებულების, სასამართლოს მიერ გაზიარებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა - 99 643.78 ლარს, ხოლო ამ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მთლიანი ღირებულება შეადგენდა - 140 561.38 ლარს, საპირისპიროდ კი, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა, მის მიერ წარდგენილი დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც მიზანშეწონილი იყო სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ანალოგიური ფართის, კერძოდ 418 კვ.მ ახალი სახლის მშენებლობა. მოსარჩელეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საპროექტო სამუშაოებთან ერთად შეადგენდა 215 270 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია აგრეთვე გარემოებას, რომ აპელანტმა, სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და 215 270 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ნაცვლად 215 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.
16.3. სააპელაციო სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა, რომ მოპასუხე არ შედავებია, საცხოვრებელი სახლის 1 კვ.მ ფართის დემონტაჟის, ახალი მასალებით აშენებისა და პროექტის საბაზრო ფასებთან დაკავშირებით, კომპანია „დ.ი–ის“ სპეციალისტების დ. ზ–ძის, რ. კ–ძის, ვ. ვ–ძის მიერ შედგენილ, 2018 წლის 19 მაისის დასკვნას. სააპელაციო შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ სახლი აშენებული იყო დაახლოებით 80 წლის წინ, განიცადა ცვეთა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით - ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის, თ.ტ–ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ახალი სახლის აშენებისას ძველი მასალების გარკვეული ნაწილის გამოყენება გამართლებული იყო (მაგ. მუხის პარკეტი, რომელიც არის ძვირადღირებული, რატომ უნდა მოხდეს ახლის შეძენა, თუ შესაძლებელია მისი ნაწილის გამოყენება).
16.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, მოსარჩელემ, სადავო გახადა ახალი სახლის აშენებისას, უკვე დაზიანებული სახლის დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო მოპასუხეს სათანადო მტკიცებულება (სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნა), მეორადი მასალების გამოყენების მართებულობის შესახებ არ წარუდგენია, ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის - თ.ტ–ის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი და ხარჯთაღრიცხვა, რაც მხოლოდ ფასების დაანგარიშებას ემსახურებოდა და ახალი სახლის აშენებისას მეორადი მასალების გამოყენების მიზანშეწონილობაზე რაიმე სახის დასაბუთებას არ შეიცავდა, ვერ ჩაითვლებოდა ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სათანადო მტკიცებულებად.
16.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას გამოიყენა კომპანია „დ. ი–ის“ 2018 წლის 19 მაისის დასკვნა და მოსარჩელეების დაზიანებული 418 კვ.მ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო თანხა (საპროექტო სამუშაოებთან ერთად), ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით განსაზღვრა - 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
16.6. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოთხოვნის პასუხად, საოქმო განჩინებების გაუქმებისა და ამავე განჩინებების საფუძველზე დართული მტკიცებულებების საქმიდან ამოღების შესახებ, განმარტა, სარჩელი წარდგენილი იყო 2013 წლის 19 აგვისტოს, რა დროსაც, ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელეებმა 171 644 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოითხოვეს. მოსარჩელეებმა, ზიანის ოდენობის შესახებ, 2018 წლის 19 მაისის დამატებითი დასკვნა, წარადგინეს 2018 წლის 14 ივნისს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), რომლის მიხედვითაც, ზიანის ოდენობა განსაზღვრული იყო 215 270 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ამავე მტკიცებულების საფუძველზე, მოსარჩელეებმა, 2018 წლის 3 აგვისტოს სასარჩელო მოთხოვნა გაზარდეს. დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ, სასამართლოში წარდგენილი ახალი მტკიცებულება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის საფუძველი გახდა, მოპასუხისათვის არ გადაუციათ.
16.7. დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ ახალი მტკიცებულებები - მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დაცული მასალები, ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით, სპეციალისტის მიერ 2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის წარდგენიდან 5 წლის შემდეგ) შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და ზიანთან დაკავშირებით დასკვნის შემდგენი სპეციალისტების სასამართლო სხდომაზე დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობები წარადგინა 2018 წლის 13 სექტემბერს და 30 ოქტომბერს.
16.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს, სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ ჰქონდა ახალი მტკიცებულებების წარდგენისშესაძლებლობა.
17. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, სპეციალისტთა ჩვენებები, აგრეთვე, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის ჩართვისა და მისი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საკითხი.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი ეფუძნება ორ ძირითად პრეტენზიას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის საქმეში ჩართვის, მისი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებისა და საქმეზე დადგენილი ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
22. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლოში, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძვლებსა და შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას:
22.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 30 აპრილს, სადაც შესაბამის ფორმაში, აპელანტის ველში მითითებულია მოსარჩელეთა სახელები და გვარები;
22.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების მიხედვით, აპელანტებს (ორივე მოსარჩელეს), სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
22.3. დასახელებულ განჩინებაზე 2019 წლის 11 ოქტომბერს განცხადება წარადგინა აპელანტების წარმომადგენელმა, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება;
22.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 10 დღე;
22.5. აღნიშნულ განჩინებაზე, 2019 წლის 31 ოქტომბერს, აპელანტთა წარმომადგენელმა - ჯ.ქ–მა (აგრეთვე, უფლებამონაცვლის წარმომადგენელმა, იხ. მინდობილობა - ტ.3,ს.ფ.223), აპელანტთა უფლებამონაცვლის სახელით, შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა, საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენა და აპელანტთა უფლებამონაცვლის შეზღუდულუნარიანობის საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება. ამავე შუამდგომლობას თან ერთვის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება და ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე;
22.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ მიჩნეულია ლ.ჩ–ძე. ამასთან, სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში;
23. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 368.5-ე „თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება“ მუხლზე მიუთითებს და იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ სააპელაციო სასამართლოს, საქმეზე მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის ჩართვამდე, აპელანტებისთვის ხარვეზი ჰქონდა დადგენილი, ხოლო, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების, როგორც უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლის წარმომშობი დოკუმენტის მიღების შემდეგ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო.
24. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემისა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
25. საპროცესო უფლებამონაცვლეობა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლაა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
26. სკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობაა მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. ამასთან, სკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო, აპელანტებმა აღნიშნულის შემდეგ ლ.ჩ–ძეს დაუთმეს მოთხოვნა.
28. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობა განხორციელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის და ხარვეზისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემდეგ, აღნიშნული განჩინების შესრულება სავალდებულო იყო უფლებამონაცვლისთვისაც, როგორც მოთხოვნის შემძენისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მოთხოვნის მიმღებმა იცოდა რა სახის უფლებები გადავიდა მასზე, ამასთან, მოთხოვნის დამთმობთა და მიმღების საპროცესო წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია (შდრ. სუსგ-ები ას-720-2019, 28.06.2019; ას-957-899-2012, 23.07.2012).
29. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ პირველ რიგში უნდა შეაფასოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობებში, მისი განუხილველად დატოვების საფუძვლები.
33. საკასაციო სასამართლო დამატებით ასევე აღნიშნავს, რომ კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად, სასამართლოს მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების არასწორ შეფასებაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებით უტყუარად დგინდებოდა, ზიანის არსებობის ფაქტი, რომელიც მოპასუხის მიერ დაწყებული სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებით იყო გამოწვეული, თუმცა, ზიანის ოდენობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ, სათანადოდ ვერ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიაკუთვნა მხარეს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა ან რამდენად გონივრული იყო თანხის მიკუთვნება და არა დაზიანებული შენობის აღდგენის დავალება მოპასუხისთვის.
34. საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისე დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები და ზიანის ოდენობა, აგრეთვე, ზიანის აღმოფხვრის ფორმა (ფულადი თანხით კომპენსაცია, დაზიანებული ნივთის ფაქტობრივი აღდგენა და ა.შ). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავა მოპასუხის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანებას ეხება, შეუძლებელია ზიანის ოდენობის დადგენის გვერდის ავლით, ან არსებული ზიანის აღმოფხვრის ფორმის, განსაზღვრის გარეშე, დავის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით გადაწყვეტა. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (შედარებისათვის იხილეთ სუსგ #ას-345-345-2018, 11.09.2018 წ.; ას-1127-1047-2017, 18.10.2017; ას-824-790-2016, 23.12.2016 წ.;).
35. სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. რაც შეეხება ისეთ მტკიცებულებას, როგორიც ექსპერტის დასკვნაა, იგი მთლიანად სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას განეკუთვნება და მისი სარწმუნოობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვან გარემოებებზე, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალაზე, კვლევით მეთოდოლოგიაზე და ა.შ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს არამარტო მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, არამედ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ-ები №ას-406-383-2014; ას-945-895-2015; №ას-824-790-2016; № ას-388-361-2017; ას-190-190-2018, 18.05.2018);
36. საკასაციო სასამართლო, კვლავ მიაქცევს ყურადღებას, საქმეში, მხარეთა მიერ წარდგენილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნების ერთობლივი ანალიზი, მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) დაზიანება, ხოლო, რა სახით შეიძლება ამ ზიანის აღმოფხვრა - კონკრეტული ღირებულების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით თუ არსებული, დაზიანებული შენობის, დემონტაჟითა და ახლის აშენებით, აგრეთვე, უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა არსებული შენობის სამშენებლო მასალების ხელმეორედ გამოყენება, თუ, მთლიანად ახალი მასალებით უნდა მოხდეს აშენება, ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი ან ზიანის აღმოფხვრისთვის ჩასატარებელი სხვა სამუშაოები კონკრეტულად რა ღირებულების იქნება, დამატებით კვლევას საჭიროებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჯ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ვ. კაკაბაძე