Facebook Twitter

საქმე №ას-222-2020 20 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძის და გ.ჯ–ის უფლებამონაცვლე ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ჩ–ძისა და გ.ჯ–ის (მოსარჩელეები, აპელანტები, დაზიანებული ქონების მესაკუთრეები) სარჩელი ჯ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 140 561.38 ლარის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების მიხედვით, აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

4. დასახელებულ განჩინებაზე 2019 წლის 11 ოქტომბერს განცხადება წარადგინა აპელანტების წარმომადგენელმა, მოითხოვა, სახელმწიფო ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული დრო გაუგრძელდათ 10 დღით.

6. აღნიშნულ განჩინებაზე, 2019 წლის 31 ოქტომბერს, აპელანტთა წარმომადგენელმა - ჯ.ქ–მა (აგრეთვე, უფლებამონაცვლის წარმომადგენელმა, იხ. მინდობილობა - ტ.3,ს.ფ.223), აპელანტთა უფლებამონაცვლის სახელით, შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა, საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენა, და აპელანტთა უფლებამონაცვლის - ლ.ჩ–ძის, შეზღუდულუნარიანობის საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება. ამავე შუამდგომლობას თან ერთვის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება და ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ მიჩნეულია ლ.ჩ–ძე. ამასთან, სააპელაციო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მოსარჩელეთა და უფლებამონაცვლეს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელეთა უფლებამონაცვლედ ლ.ჩ–ძის ჩართვაზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მოსარჩელეთა და მათ უფლებამონაცვლეს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მოჩვენებით მიზანსა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის მიღების უსაფუძვლობას ეხება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემისა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

14. საპროცესო უფლებამონაცვლეობა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლაა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

15. საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურსამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

16. სკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობაა მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. ამასთან, სკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და მიუთითებს მხარეთა შორის დადებულ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაზე (აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს არ წარმოადგენს დასახელებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში მოსარჩელეთა ნაცვლად მათი უფლებამონაცვლე ჩაერთო დავაში.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესახებ, მხარის კერძო საჩივრის მოთხოვნის გათვალისწინებით, მსჯელობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ვ. კაკაბაძე