საქმე №ას-579-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ლ. და ტ–ები“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ტ–ძე (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2009 წლიდან დასაქმებული იყო შპს „ჯ.ლ. და ტ–ების“ (შემდგომში „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“ ან „კომპანია“) მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. გათავისუფლებამდე მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად დასაბეგრ 3125 ლარს. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება წერილობითი არ დადებულა.
2. მოპასუხე არის სს „ს.რ–გზის“ შვილობილი კომპანია და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სს „ს.რ–გზა“.
3. სს ,,ს.რ–გზის’’ 2017 წლის 20 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფი, რომელსაც დაევალა მოპასუხის საფინანსო-სამეურნეო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება. მონიტორინგის სამსახურმა შეამოწმა კომპანიის 01.01.2015-01.12.2017 პერიოდის საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლინდა რიგი დარღვევები და აისახა შესაბამის მოხსენებით მიმართვასა და აქტში.
4. დამსაქმებლის 2018 წლის 26 აპრილის GRლტ/კ-106 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან მის შეწყვეტამდე (2009-2018 წლები) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსარჩელეს რაიმე სახის გადაცდომა არ ჩაუდენია.
6. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაცდომასთნ დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევიათ.
7. მოსარჩელის მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელის განცხადებით, იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ვინაიდან არანაირი შრომის შინაგანაწესი არ დაურღვევია. მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში ასახული არცერთი საკითხი (ხარვეზი), რომელიც თითქოსდა კომპანიის მთავარი ბუღალტრის მიერ დაირღვა, არ შედიოდა მოსარჩელის კომპეტენციაში. ამასთან, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება ან რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა დასაქმებულის შრომითი ფუნქციები და უფლება-მოვალებები.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომის შინაგანაწესით მოსარჩელისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა დადასტურებულია კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, რის გამოც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2018 წლის 26 აპრილის GRლტ/კ-106 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომპანიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3125 ლარი 2018 წლის 26 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 26 აპრილის GRლტ/კ-106 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლლების შესახებ; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 37 500 (დასაბეგრი თანხა) ლარის გადახდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
11.3. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა და არც რაიმე სხვა დოკუმენტით დგინდება, თუ რა სახის სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელება ევალებოდა კომპანიის მთავარ ბუღალტერს. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ დასაქმებულმა იცოდა საკუთარი უფლება-მოვალებების შესახებ და იცნობდა შრომის შინაგანაწესს.
11.4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების უკანონობის თაობაზე. რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა
11.5. .
11.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშტატო ცნობითა და ნუსხით დგინდება, ამჟამად კომპანიაში მთავრი ბუღალტრისა და ბუღალტრის თანამდებობები დაკავებულია, რის გამოც მითითებულ თანამდებობებზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის - ერთი წლის ხელფასის - 37 500 ლარის (დასაბეგრი თანხა) მოსარჩელისთვის გადახდა.
12. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. კასატორმა მტკიცებულების მიღებისა და საქმეზე დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა.
12.2. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები, მტკიცებულებად მიიღო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი - მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა და საშტატო ნუსხა, რომელიც საფუძვლად დაუდო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. მითითებული დოკუმენტის წარდგენა მოპასუხეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისასაც შეეძლო, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა იგი. ამასთან, დამსაქმებელს არასდროს მიუთითებია, რომ თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვდა მოსარჩელე, ვაკანტური არ იყო და ამ საფუძვლით შეუძლებელი იყო სარჩელის დაკმაყოფილება (მოსარჩელის სამსახურში აღდგენა). უფრო მეტიც, მოპასუხეს არ უარუყვია ის ფაქტი, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, კომპანიას უკვე დანიშნული ჰყავდა მთავარი ბუღალტერი (მოსარჩელის გათავისუფლებიდან მალევე, აპრილში დანიშნა იგი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია ის მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოპასუხემ მითითებული სახის დოკუმენტის წარდგენა და რატომ წარადგინა იგი მოგვიანებით, სააპელაციო საჩივართან ერთად.
12.3. ამასთან, თუნდაც დგინდებოდეს აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე კანონიერად დართვის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს მაინც არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა უკანონოდ გათავისუფლებული მოსარჩელისთვის სამუშაოზე აღდგენაზე, ვინაიდან სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ კომპანიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობა დაკავებულია. სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რატომ არის უპირატესი ამჟამად კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის შრომის უფლებები მოსარჩელის დარღვეულ უფლებებთან შედარებით.
12.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ ზემოაღნიშნულის გამო შეუძლებელი იყო მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა, კომპენსაციის საკითხის განხილვამდე, მას უნდა გამოერიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, რაც არ გაუკეთებია, არ შეუფასებია საშტატო ნუსხა და არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.
12.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაჭრა კომპენსაციის მიკუთვნების საკითხიც და ისე განსაზღვრა მისი ოდენობა ერთი წლის ხელფასით, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რის საფუძველზე გამოიანგარიშა ეს თანხა. მხედველობაში არ არის მიღებული ის გარემოებები, რაც მოსარჩელის „სრულ და ჯეროვან“ კომპენსირებას უზრუნველყოფდა. მაგალითად, დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ყოფილი დასაქმებულის უმუშევრობის ხანგრძლივობა, დამსაქმებელი კომპანიის შემოსავლები და სხვა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
16. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი სადავო ბრძანების უკანონობისა და მისი ბათილად ცნობის შესახებ მოპასუხის მიერ შედავებული არ არის და, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების კანონიერება.
17. კასატორის (მოსარჩელის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ნორმები და სსსკ 380-ე მუხლის მოთხოვნთა საწინააღმდეგოდ, მტკიცებულებად მიიღო ისეთი დოკუმენტი, რომლის წარდგენა მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისასაც შეეძლო, თუმცა არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა იგი. აღნიშნული მტკიცებულება კი, სასამართლომ არასწორად დაუდო საფუძვლად საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის ცვლილებას და მოპასუხეს უკანონოდ გათავისუფლებული მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ უსაფუძვლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
18.1. 2018 წლის 25 აპრილის GRლტ/კ-106 ბრძანებით მოპასუხე კომპანიამ შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა მოსარჩელე (იხ. ტ. 1. ს.ფ 24, 38);
18.2. 2018 წლის 25 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გაცემული ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. ტ. 1. ს.ფ 2-23);
18.3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უარყო მასში მითითებული გარემოებები გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობის შესახებ. ასევე, მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას (იხ. ტ. 1. ს.ფ 276-286);
18.4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ტ. 1. ს.ფ 368-385);
18.5. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მისი გაუქმების საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის - მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის - შეუძლებლობაზე გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირის დასაქმების გამო (იხ. ტ. 1. ს.ფ 390-402);
18.6. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, 2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა (მოპასუხემ) წარადგინა კომპანიის დირექტორის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობა საშტატო განრიგთან ერთად და იშუამდგომლა საქმეზე მტკიცებულების სახით მათი დართვის შესახებ (იხ. ტ. 2. ს.ფ 39-60);
18.7. მითითებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიაში დაკავებულია მთავარი ბუღალტრისა და ბუღალტრის თანამდებობები (იხ. ტ. 2. ს.ფ 52-60);
18.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) შუამდგომლობა და კომპანიის დირექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #42 ცნობა და საშტატო განრიგი მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 39-48, სხდომის ოქმი, CD დისკი, 15:46:42);
18.9. სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციას და დაასკვნა, რომ ვინაიდან, როგორც მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული, ასევე მისი ტოლფასი თანამდებობები (მთავრი ბუღალტრისა და ბუღალტრის თანამდებობები) კომპანიაში არ იყო ვაკანტური, შეუძლებელი იყო უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. რის გამოც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის (ერთი წლის ხელფასის) გადახდის ვალდებულება დააკისრა (იხ. ტ. 2. ს.ფ 85-114. პ. 4.15).
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოპასუხის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების (კომპანიის დირექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #42 ცნობა და საშტატო განრიგი) საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად მიჩნევის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები.
20. მითითებული ნორმის დისპოზიციის შეფასებამდე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებებს იკვლევს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და, ამ მხრივ, ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1100-1057-2016, 9 ივნისი, 2017 წელი; № ას-1340-1260-2017,7 მარტი, 2018 წელი).
21. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1187-2014,08 დეკემბერი, 2014 წელი).
22. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დისპოზიციას, მოცემული ნორმით დადგენილია სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების/წარდგენის წესი და განსაზღვრულია, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა, სასამართლო არ მიიღებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
23. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
25. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
26. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და კასატორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მას სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვამდე (არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც ამავე სასამართლოში სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე) არ მიუთითებია გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობაზე (აღნიშნული თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). მას არც ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის. მოპასუხე კომპანიაში ბუღალტრისა და მთავარი ბუღალტრის პოზიციებზე სხვა პირთა დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტები (კომპანიის დირექტორის წერილი და საშტატო ნუსხა) მოპასუხემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე წარადგინა, თუმცა, მას არც სააპელაციო სასამართლოსთვის მიუთითებია რაიმე საპატიო გარემოებაზე, თუ რის გამო ვერ შეძლო აღნიშნული დოკუმენტების პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე (მოსამზადებელ ან საქმის არსებითად განხილვისას) წარდგენა. უფრო მეტიც, როგორც საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომათა ოქმების შესწავლით გამოარკვია, მოპასუხე თავადვე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჯერ კიდევ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 25 მაისი), 2018 წლის აპრილში, კომპანიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე დაასაქმა სხვა პირი (ივანე შიუკაშვილი) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 2. ს.ფ. 39-48, CD დისკი, 15:37:04). ანუ ამ დროისათვის (2018 წლის აპრილი) მოპასუხემ უკვე იცოდა, რომ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო. შესაბამისად, სარჩელის გაცნობისა და სასამართლოში შესაგებლის წარდგენისას (შესაგებელი წარდგენილია 2018 წლის 8 ივნისს, იხ. ტ. 1. ს.ფ 276-287), მისთვის სავარაუდო (და მოსალოდნელი) უნდა ყოფილიყო ის შედეგი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვებოდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და უკანონოდ გათავისუფლებული პირის გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენის გზით. ამრიგად, მას პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზევე უკვე შეეძლო წარედგინა დოკუმენტი (ან მინიმუმ, მიეთითებინა მასზე), რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას შეეფასებინა უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხი. ვინაიდან, მოპასუხეს ზემოაღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მან, სსსკ 380.2-ე მუხლის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), დაკარგა ახალი მტკიცებულების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას წარდგენის უფლება. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #42 ცნობისა და კომპანიის საშტატო განრიგის მტკიცებულების სახით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაშვების კანონიერი საფუძველი, რაც კასატორის პრეტენზიის გაზიარებისა და აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესაძლებლობას ქმნის.
27. თუმცა, თუნდაც დასტურდებოდეს სადავო დოკუმენტების (მოპასუხე კომპანიის დირექტორის წერილი და საშტატო ნუსხა) მოპასუხის მიერ სასამართლოში დროულად წარდგენის ფაქტი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ისინი მაინც არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის (სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) ცვლილებას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შრომის კოდექსის 48.8-ე მუხლისა (სადავო პერიოდში მოქმედი 38.8-ე მუხლი) და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველი ნორმა ორიენტირებულია არამართლზომიერად გათავისუფლებული დასაქმებულის ინტერესებზე და იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის ცალმხრივი ნების მართლწინააღმდეგობა დადგინდება, სასამართლომ უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კი, კანონი სამ ალტერნატივას ადგენს და ყოველ შემდგომზე გადასვლა დასაშვებია, თუკი საქმის განხილვისას დადგინდა წინა ალტერნატივის გამოყენების ობიექტური შეუძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).
28. პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობისას, სასამართლო იკვლევს, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს უზრუნველყოს დასაქმებული ტოლფასი სამუშაოთი, რისთვისაც იკვლევს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-687-687-2018 , 20 ივლისი, 2018 წელი).
29. ამ მიზნით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. აღნიშნული კი, შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის შეფასების (გამოკვლევის) შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-902-864-2014,30 მარტი, 2015 წელი).
30. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).
31. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან ირკვევა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისას, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად შრომის კოდექსის 48.8-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი 38.8-ე მუხლი) განსაზღვრული ალტერნატივის - კომპენსაციის ანაზღაურების - გამოყენების შესაძლებლობას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ იგი დაადგენს ყველა წინა ალტერნატივის გამოყენების შეუძლებლობას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, არამედ, მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობასაც (მაგალითად, თუ მოპასუხე ორგანიზაციაში გაუქმდა საშტატო ერთეული, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე, მოპასუხე კი დაასაბუთებს აღნიშნული საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ორგანიაზაციას არ გააჩნია მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა საშტატო ერთეული; ან თუ მოპასუხემ გათავისუფლებული მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე დაასაქმა სხვა პირი და დაამტკიცებს, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა იმავე ფუნქციური დატვირთვით, რასაც გათავისუფლებამდე ახორციელებდა მოსარჩელე და ა.შ).
32. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“. საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ „შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის წინაპირობა, როგორც აღსრულების საშუალების შეცვლა, დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ვაკანტური თანამდებობის არარსებობა დადგინდებოდა საქმის არსებითად განხილვისას ან კერძო საჩივრის ავტორი დაამტკიცებდა კანონიერი მიზნებიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უკიდურეს აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება“. ამრიგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).
33. ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, იმ პირობებშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო დასაშვებ მტკიცებულებად მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის სხვა პირთა მიერ დაკავების ფაქტი, კომპენსაციის, როგორც სამუშაოზე აღდგენის ალტერნატიული საშუალების, განსაზღვრამდე მას უნდა დაესაბუთებინა წინა ალტერნატივის (იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის) გამოყენების ობიექტური შეუძლებლობა და უნდა შეეფასებინა არსებობდა თუ არა სხვა პირთა მიერ დაკავებული თანამდებობების მსგავსი/ტოლფასი თანამდებობები იმავე ფუნქციური დატვირთვით, რასაც გათავისუფლებამდე ახორციელებდა მოსარჩელე (ასეთი კი, მოპასუხის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხის შესაბამისად, შესაძლოა, ყოფილიყო, მაგალითად, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, ფინანსისტი, ფინანსური მენეჯერი და სხვა). (იხ. ტ. 2. ს.ფ 53). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ უნდა ემსჯელა სასამართლოს მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების მართებულობაზე. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააპელაციო სასამართლოს მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია, რაც დამატებით, უსაფუძვლოს ხდის მის დასკვნას საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შედეგის - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების - გაუქმებისა და მისი კომპენსაციით ჩანაცვლების შესახებ.
34. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოცემულ დავაში შესაფასებელი არ არის სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება (ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში იგი შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს საქართველოს შრომის კოდექსის 48.8-ე მუხლით განსაზღვრულ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებზე. (სშკ-ს 48.8-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში,სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით)
35. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დგინდება პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
36. საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
37. ამავე კოდექის 58-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
38. ამასთან, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.
39. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და გათავისუფლების დროისთვის (2018 წლის 26 აპრილი) მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დასაბეგრ 3125 ლარს (იხ. ტ. 1. ს.ფ 25-37, 289).
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნას მოპასუხე კომპანიის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და 2018 წლის 26 აპრილიდან (გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 3125 ლარის გადახდა.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
43. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციაში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდა, ხოლო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 120 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი 20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
2.1თ.ტ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.2.თ.ტ–ძე აღდგენილ იქნეს შპს „ჯ.ა. ლ. და ტ–ში“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
2.3.შპს „ჯ.ა. ლ. და ტ–ს“ თ.ტ–ძის სასარგებლოდ, 2018 წლის 26 აპრილიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დაეკისროს 3 125 ლარის გადახდა;
3. შპს „ჯ.ა. ლ. და ტ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 9 000 ლარი;
4. შპს „ჯ.ა. ლ. და ტ–ს“ თ.ტ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი;
5. თ.ტ–ძეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის (გადახდის თარიღი 2018 წლის 25 მაისი, საგადახდო დავალება #55) სახით გადახდილი 120 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი 20 ლარი;
6. გაუქმდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა მიღებისა და საქმეზე დართვის შესახებ;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე