Facebook Twitter

საქმე №ას-718-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.გ–ი, გ.ჭ–ი, ლ.ჭ–ი, რ.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.უ–ძე, დ.უ–ძე, ვ.უ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.გ–ის, გ.ჭ–ის, ლ.ჭ–ისა და რ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.უ–ძის, დ.უ–ძისა და ვ.უ–ძის (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი მოპასუხეთა მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე ქ. ბოლნისი, ...... (საკადასტრო კოდი: ……)) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) გამოთხოვისა და მათთვის თავისუფლად მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.

2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე, მოპასუხეებმა ერთ-ერთი მოსარჩელისგან, დ.უ–ძისგან შეიძინეს სადავო უძრავი ქონება და გადაიხადეს მისი ღირებულების ნაწილი, 3500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის მიღებაზე გამყიდველმა განაცხადა უარი და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება. შესაბამისად, კასატორების მოსაზრებით, მათ სადავო ბინაში დაჩენის უპირატესი უფლება აქვთ.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

11. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი წარდგენილია სადავო ქონების მესაკუთრისა (გ.უ–ძისა) და მისი ოჯახის წევრების (დანარჩენი მოსარჩელეები: დ.უ–ძე, ვ.უ–ძე) მიერ. მოსარჩელე გ.უ–ძის საკუთრების უფლება დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 18), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

15. აღნიშნული გარემოების (უძრავ ნივთზე მფლობელობის მართლზომიერების) დასადასტურებლად კასატორები მიუთითებენ მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებულ მორიგების აქტზე და აცხადებენ, რომ მითითებული აქტის საფუძველზე მათ შეიძინეს სადავო ბინა მოსარჩელე დ.უ–ძისგან და ნაწილობრივ გადახდილი აქვთ ნასყიდობის საფასური, ხოლო ვინაიდან დარჩენილი თანხის მიღებაზე გამყიდველმა (დ.უ–ძემ) თქვა უარი, არსებობდა სადავო ბინაში მათი კანონიერად დარჩენის საფუძველი.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელია ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა, შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, გადახდილია თუ არა მყიდველის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური, ან/და მიღებული აქვს თუ არა გამყიდველს თანხა სრულად, წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ შეფასდება. ამასთან, თუნდაც მოცემული საქმის მასალებით დასტურდებოდეს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ თანხის მიუღებლობის ფაქტი, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს საკუთრების უფლების მართლზომიერებაზე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) დადგენილია სადავო ქონებაზე ერთ-ერთი მოსარჩელის, გ.უ–ძის საკუთრების უფლება. საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებს ეკისრებოდა, რაც მათ სათანადოდ ვერ გასწიეს.

17. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეებს უფლება აქვთ, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მათთვის გადაცემა მოითხოვონ.

18. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-599-2020, 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-25-23-2017, 2017 წლის 30 ივნისის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.გ–ის, გ.ჭ–ის, ლ.ჭ–ისა და რ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე