საქმე №ას-1345-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.კ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში: „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ის (შემდგომში: „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დასაქმების შეზღუდვის პერიოდში 6 თვის ხელფასის სახით მოპასუხისთვის გადახდილი თანხის, 5400 ლარისა და პირგასამტეხლოს, 28 106.87 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მისთვის 3451.3 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების ბათილად ცნობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის, 5 302 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის შესახებ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფლებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის თანხის დაკისრებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო, თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) და განმარტა შემდეგი: მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მის მიმართ წარდგენილი სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ ცნო ნაწილობრივ, 3451.3 ლარის ნაწილში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებით მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5302.16 ლარის გადახდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 1851.3 ლარზე (5302.16-3451.3=1851.3), რაც სსსკ 365-ე მუხლით განსაზღვრულ 2000 ლარზე ნაკლებია და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ერთობლივად უნდა შეეფასებინა მოპასუხის როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი მოთხოვნა (რომელიც მიღებულია განსახილველად) და ისე უნდა ემსჯელა დავის გარშემო არსებულ ყველა გარემოებასა და არგუმენტზე. საკითხის მსგავსი გადაწყვეტა შექმნის არასწორ სამართლებრივ პრეცედენტს და საზიანო იქნება მსგავს დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქმის სააპელაციო წესით განხილვის აუცილებლობა და დავა ამოწურული არ არის, სწორედ აქ უნდა უნდა ჩაერიოს სასამართლო იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას ყოველგვარი ნიუანსი დავის საგანთან მიმართებით.
9. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და მართლსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია. როგორც უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკით დადგინდა, მართალია, აღნიშნული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად არ განიხილება ქონებრივი ტიპის დავებზე ქვედა ზღვრის დადგენა მათი ფასის მიხედვით, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურობა ყოველ ახალ შემთხვევაში განხილული უნდა იქნას სწორედ აღნიშნული ლეგიტიმური ინტერესის და შეზღუდვის ინტენსიურობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სწორედ, ამგვარი სამართლებრივი შინაარსის მიხედვით უნდა შეფასდეს სსსკ 365-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. მითითებული ნორმით განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების ქვედა ზღვარი - 2000 ლარი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დავას გააჩნია მხოლოდ ქონებრივი ხასიათი და შესაბამისად, არსებობს მისი „ნაკლები ღირებულების მქონედ“ მიჩნევის წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა აპელანტის როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი მოთხოვნები და არაქონებრივი მოთხოვნების საფუძლიანად განხილვისთვის უმნიშვნელოვანესია დავის ქონებრივ-სამართლებრივი ასპექტის სრულად აღქმაც, რაც შეუძლებელი იქნება სსსკ 365-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში.
10. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უნდა გადაწყდეს მოცემული კატეგორიის დავაში თანხის დაბრუნების საკითხი და ვის მიმართ გააჩნია თანხის დაბრუნების მოთხოვნა შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის დამდგენს. ამ საკითხზე არ არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა და მოხმობილი ფორმალური საფუძვლით საპელაციო საჩივარზე უარის თქმა განხილვის მიღმა ტოვებს მას, რაც ბევრად აღემატება ერთი პირის დავას და შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ბალანსის დადგენას უშლის ხელს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, საჩივრის ღირებულება გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა ფარგლებში ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი).
15. წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ 5 400 ლარის გადახდის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი, მოპასუხემ ნაწილობრივ, 3 451.3 ლარის ნაწილში, ცნო, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხიდან, 5302.16 ლარიდან სადავოა 1851.3 ლარი (5302.16-3451.3=1851.3).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგან მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romaniaდა სხვა).
18. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.) 1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ წარდგენილი სააპელაციო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში არ აღემატება 2000 ლარს, თუმცა იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს დავის საგნის მიხედვით სააპელაციო მოთხოვნათა გამიჯვნის ფაქტს და თვლის, რომ ვინაიდან ქონებრივთან ერთად წარდგენილი იყო არაქონებრივი მოთხოვნაც (ხელშეკრულების პირობების ბათილობის შესახებ), ქონებრივი დავის მცირე ღირებულების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეშვა მათი ცალ-ცალკე განხილვის შესაძლებლობა.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას და ზემოაღნიშნული მსჯელობისა და უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში ასახული განმარტების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-92-2020,10 ივნისი, 2020 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ქონებრივსამართლებრივ ნაწილში ვერ სცდება მოცემული კატეგორიის დავისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად სსსკ 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული კი, თავისთავად, არ უზღუდავს მხარეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მის მიერ წარდგენილი სხვა სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში დავის გაგრძელებისა და დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემული კატეგორიის დავებზე არ არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, თუ ვის მიმართ გააჩნია თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შეზღუდვის დამდგენს, აღნიშნული საკითხის განხილვა სცდება წინამდებარე დავის საგანს (სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა) და განსახილველი საქმის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე