საქმე №ას-157-2021 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ი, მ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ლ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (სარჩელში), ზიანის ანაზღაურება და მოძრავის ნივთების დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს.ლ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ნ.ლ–ისა და მ.ლ–ის მიმართ მამკვიდრებლის მოვლისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
ნ.ლ–მა და მ.ლ–მა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს ს.ლ–ის მიმართ და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება და მოძრავის ნივთების დაბრუნება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ნ. და მ.ლ–ებს ს.ლ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მამკვიდრებლის ნ.ლ–ის უკანასკნელი მოვლისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, 3 500 ლარის ოდენობით. ს.ლ–ს უარი ეთქვა 12740 ლარის ანაზღაურებაზე, უსაფუძვლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, მ. და ნ.ლ–ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.ლ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და მ. და ნ.ლ–ებს გადაეცათ ყვარლის რაიონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელ სახლში (ს/კ .......) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სამზარეულოს ერთი კარადა; 6 სკამი; დივანი და სავარძლები; ერთი ტანსაცმლის საკიდი; ერთი გარდერობი; ერთი ჟურნალის მაგიდა. მ. და ნ.ლ–ებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნაზე 1) ს.ლ–ის უკანონო მფლობელობიდან საძინებელი ,,დიანას“ გამოთხოვის თაობაზე და 2) 18 200 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის დაკისრების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და მ.ლ–ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ.ლ–ისა და მ.ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და მ.ლ–ებმა და მოითხოვე მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლლის განჩინებით კასატორებს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების მიერ თ.მ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან კასატორების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების დამოწმებული ასლი კასატორებს ორჯერ გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებებიდან გაირკვა, რომ გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაბარდათ.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 16 აპრილს განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ლ–ისა და მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინების დამოწმებული ასლი კასატორებს ორჯერ გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებებიდან გაირკვა, რომ გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაბარდათ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ითვლება მე-7 დღეს – 2021 წლის 23 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 24 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 28 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ლ–ისა და მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი