საქმე №ას-173-2021 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.პ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.პ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 50 582 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: მოსარჩელემ განმარტა, რომ მან მოპასუხესთან დადო ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა შეეძინა გურჯაანის რაიონის სოფელ ...... ,,......“ მდებარე №..... და №..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მოპასუხის უძრავი ქონება. შეთანხმების მიხედვით მოსარჩელეს თანხა ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. ვინაიდან უძრავი ქონება ვალდებულებით იყო დატვირთული, ამიტომ გადახდილი თანხით ჯერ მოპასუხის კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა მოხდებოდა და შემდგომ, უძრავი ქონება მოსარჩელეს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცემოდა. მოსარჩელემ 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 5 550 აშშ დოლარი ჩარიცხა, ხოლო 2018 წლის 05 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე დამატებით 29 532 აშშ დოლარი ჩარიცხა. აგრეთვე, სხვადასხვა კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხეს მოსარჩელისგან 15 500 აშშ დოლარი აქვს მიღებული. საერთო ჯამში, მოპასუხეს 50 582 აშშ დოლარი გადაეცა. მოპასუხემ 2018 წლის აპრილის თვეში სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა და ორივე უძრავ ქონებაზე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა, მაგრამ მოპასუხემ პირობა არ შეასრულა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა. მართალია მოპასუხე დავალიანების არსებობას აღიარებს, თუმცა თანხის დაბრუნება არ ხდება და არც კონკრეტული ვადაა გარკვეული.
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისგან ნამდვილად მიიღო 29 532 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდ, მოსარჩელის თხოვნით, მოპასუხემ მოსარჩელის დას - ქ.პ–ს მიწის ნაკვეთები გადაუფორმა. ერთი მიწის ნაკვეთი კი, თავად მოსარჩელის სახელზე გაფორმდა. მოპასუხემ უარყო მოსარჩელისგან 5 550 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტი, აგრეთვე, დამატებით 15 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. მოპასუხემ მიუთითა, რომ ნაკვეთების შესყიდვის შესახებ შეთანხმება ნამდვილად შედგა, მაგრამ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის კი არა, არამედ მოქალაქე გ.ძ–სა და მოსარჩელეს შორის, რომლის მიხედვით გ.პ–მა აიღო მიწის ნაკვეთების შესყიდვის სანაცვლოდ 220 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. თანხის გადახდა გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო და ეს გარემოება ხელწერილით არის დადასტურებული. მიწის ნაკვეთები მოპასუხეზე იურიდიულად იყო გაფორმებული და მიწების გადაფორმებაც სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
4. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლიდან არსებობდა ურთიერთთანამშრომლობა. მოსარჩელესა და მის დაზე მიწების გაფორმება ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მოსარჩელის მხრიდან თანხის გადმორიცხვა კი, საბანკო ვალდებულებების დაფარვის და ახალი ვალდებულებების ასაღებად მოხდა და ამ გადარიცხვის დანიშნულება არ იყო მიწის ნაკვეთების შესყიდვა. მიწების გაფორმება გადარიცხული თანხის სანაცვლოდ კი არა, არამედ 2017 წლიდან არსებული უთრიეთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. მხარემ განმარტა, რომ გადარიცხვის ქვითარში მითითებული არ არის დანიშნულება. ქვითრის დანიშნულების გრაფაში მხოლოდ პირადი გადარიცხვაა მითითებული და გადარიცხვა რეალურად საბანკო ვალდებულებების დაფარვაში დახმარების მიზნით მოხდა (იხ. სასამართლოს 12.03.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:27:28-11:29:42 სთ; 11:31:20-11:31:50 სთ; 11:36:27-11:36:45 სთ; 11:39:39-11-42:31 სთ; 11:43:04-11:45:41 სთ; 11:47:13-11:50:30 სთ).
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35 082 აშშ დოლარის გადახდა.
6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. საქმის უკან განსახილველად დაბრუნების დასაბუთებისათვის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
9. მოსარჩელემ მოპასუხეს 15.07.2017 წელს ჩაურიცხა 5 550 აშშ დოლარი, ხოლო 05.04.2018 წელს - 29 532 აშშ დოლარი ე.ი. სულ 35 082 აშშ დოლარი.
10. მოსარჩელის განმარტებით, თანხის გადაცემა მოპასუხის კუთვნილი ორი მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით მოხდა. მან აგრეთვე მიუთითა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთები იპოთეკით იყო დატვირთული, გადაცემული თანხით მოპასუხეს საბანკო ვალდებულებისგან უნდა გაეთავისუფლებინა მიწის ნაკვეთები და შემდგომ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა. მოპასუხის მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების იპოთეკისგან გათავისუფლება, მაგრამ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე შემდგომ უარი განაცხადა. 2017 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად: „მე გ.პ–ი და გ.ძ–ი შევთანხმდით, რომ მისი კუთვნილი სახნავ-სათესი და ხილის ბაღი არის ყიდვა-გაყიდვის საგანი, შეფასებულია 220 000 აშშ დოლარად. მე ვიღებ ვალდებულებას გაგისტუმროთ ეს თანხა შემდეგი გრაფიკით: 1. - 70 000 აშშ დოლარი 10 აგვისტომდე, 2. – 70 000 აშშ დოლარი 2018 წლის 2 აგვისტომდე, 3. - 80 000 აშშ დოლარი 2018 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერენ: გ.პ–ი, გ.ძ–ი და მ.გ–ი.
11. 17.04.2018 წლის და 18.04.2018 წლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ......, სოფ. ...... „......“, განხორციელდა იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: №......; №....., №......, №..... და №..... საკადასტრო კოდებით, 20.04.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე აღირიცხა ქ.პ–ის საკუთრებაში.
12. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელისგან ნამდვილად მიიღო 29 532 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდ, მოსარჩელის თხოვნით, მოპასუხემ მოსარჩელის დას ქ.პ–ს მიწის ნაკვეთები გადაუფორმა. ერთი მიწის ნაკვეთი კი, თავად მოსარჩელის სახელზე გაფორმდა. მოპასუხემ მიუთითა, რომ ნაკვეთების შესყიდვის შესახებ შეთანხმება ნამდვილად შედგა, მაგრამ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის კი არა, არამედ მოქალაქე გ.ძ–სა და მოსარჩელეს შორის, რომლის მიხედვით მოსარჩელემ აიღო მიწის ნაკვეთების შესყიდვის სანაცვლოდ 220 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. თანხის გადახდა გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო და ეს გარემოება ხელწერილით არის დადასტურებული. მიწის ნაკვეთები მოპასუხეზე იურიდიულად იყო გაფორმებული და მიწების გადაფორმებაც სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აგრეთვე, მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლიდან არსებობდა ურთიერთთანამშრომლობა. მოსარჩელეზე და მის დაზე მიწების გაფორმება ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მოსარჩელის მხრიდან თანხის გადმორიცხვა კი, საბანკო ვალდებულებების დაფარვის და ახალი ვალდებულებების ასაღებად მოხდა და ამ გადარიცხვის დანიშნულება არ იყო მიწის ნაკვეთების შესყიდვა. მიწების გაფორმება გადარიცხული თანხის სანაცვლოდ კი არა, არამედ, 2017 წლიდან არსებული უთრიეთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. ქვითრის დანიშნულების გრაფაში მხოლოდ პირადი გადარიცხვაა მითითებული და გადარიცხვა რეალურად საბანკო ვალდებულებების დაფარვაში დახმარების მიზნით მოხდა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ 13.04.2018 წელს სს „თ. ბ–ის“ მიერ გაცემული იქნა თანხმობა იპოთეკის უფლების შეწყვეტის თაობაზე უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდით: ..... და .....; 16.08.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №....., 07.05.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში. 2018 წლის 20 აპრილს ქ.პ–ის წარმომადგენელ გ.პ–სა და მ.გ–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ......, სოფ. ...... „......“, საკადასტრო კოდით: ....... (..... და .....) ფართობით 11555.00 კვ.მ., 26.04.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება აღირიცხა ქ.პ–ის საკუთრებად. 10.10.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშკრულების თანახმად გ.პ–მა ქ.პ–ისგან 60 000 აშშ დოლარად იყიდა უძრავი ქონება ს/კოდით №..... (№...., №...., №51.10.61.088). 15.10.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება აღირიცხა გ.პ–ის საკუთრებად. გ.პ–მა 10.01.2019 წლის ნასყიდობის საფუძველზე უძრავი ქონება ს/კოდით №..... გაასხვისა ლ.პ–ზე და 16.01.2019 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება აღირიცხა ლ.პ–ის საკუთრებად. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის მხრიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდა საბანკო ვალდებულების დაფარვისათვის, რაც შესრულდა. მოხსნილი იქნა უძრავ ქონებებზე იპოთეკა და უძრავი ქონებები აღირიცხა გ.პ–ის და ქ.პ–ის სახელზე.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ვერცერთმა მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი განმარტება, რომლითაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნებოდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან თანხის გადარიცხვა სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთების შეძენის მიზნით განხორციელდა. ვერც ის დაადასტურა, რომ მოპასუხესთან საერთოდ ჰქონდა ასეთი შეთანხმება. საქმეში წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის ქვითრებითაც ვერ დადასტურდა რა მიზნით განახორციელა მოსარჩელემ მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვა, რადგან გადარიცხვის დანიშნულების გრაფაში მხოლოდ ,,პირადი გადარიცხვა“ არის მითითებული. სხვა რაიმე გარემოება, რაც მხარეთა შორის კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარემაც ვერ შეძლო სასამართლოსთვის დამაჯერებელი განმარტების მიცემა, რომლითაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის დადგენა შესაძლებელი გახდებოდა. თავდაპირველად, წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ მოსარჩელის დის სახელზე საერთო ჯამში 65 034 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გააფორმა, თავად მოსარჩელის სახელზე კი, ერთი მიწის ნაკვეთი გადაფორმდა. შემდგომ, წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებაში და სხდომაზე ზეპირი ფორმით მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთების გაფორმებას ჩარიცხულ თანხასთან კავშირი არ აქვს და მიწების საკუთრებაში გადაცემა 2017 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. თანხის ჩარიცხვა კი, მხოლოდ საბანკო ვალდებულებების შესრულებაში დახმარების და ახალი ვალდებულებების აღების მიზნით განხორციელდა. ეს უკანასკნელი განმარტება მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უარყო.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როცა სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია თუ რა ვალდებულებითი ურთიერთობები არსებობდა მხარეებს შორის და რის საფუძველზე განხორციელდა თანხების ჩარიცხვა, მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, ვინაიდან, მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე და იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში. აგრეთვე, მიუთითა ამავე კოდექსის 991-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული.
16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, თუ გაირკვა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ - კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული მუხლის საფუძველზე შესრულების უკან დასაბრუნებლად მოცემული უნდა იყოს შემდეგი სამი პირობა: შესრულება – შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებული მოქმედება, ვითომ - კრედიტორის გამდიდრება და შესრულების საფუძვლის არარსებობა.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პირობა სრულად არ არის გამოკვლეული და დადგენილი.
19. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა კი, სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
20. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დაადგინა რომ მოპასუხე/აპელანტი მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომლის შედეგია ფაქტების არასწორად დადგენა და სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთში შემავალი საგნების განსაზღვრის, მტკიცების ტვირთის განაწილების კვალობაზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს: რა ვალდებულების საფუძველზე განხორციელდა მიწის ნაკვეთების მოსარჩელის სახელზე გაფორმება, მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დანიშნულება მიწის ნაკვეთების შესყიდვა იყო თუ მოსარჩელის დის სახელზე გადაფორმებული უძრავი ქონების ვალდებულებების განთავისუფლება. გადარიცხული თანხები ხომ არ წარმოადგენდა მ.გ–სა და ქ.პ–ს შორის დადებული უძრავი ქონებების: №.....; №......, №......, №..... და №..... საკადასტრო კოდებით, 20.04.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფასურს.
21. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები არ შეიცავს დასაბუთებას ზემოაღნიშნულ საკითხებზე. შესაბამისად, არ არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას. განსახილველი დავის სპეციფიკის, ჩასატარებელი საპროცესო მოქმედებების, დასადგენ გარემოებათა მოცულობის და ამასთანავე დავის სპეციფიკიდან გამომდინარე ქონებრივი წონასწორობის აღდგენის პირობებში, ასეთის დადგენის შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული საკითხების გამოკვლევა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან ასეთ შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო ინსტანციაში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობას, რამეთუ მათ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუწევს პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი)
24. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასების გარეშე დატოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დასადგენი არაფერი იყო, რის გამოც, სააპელაციო სასმართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე დატოვა. არ იქნა განსაზღვრული, სადაო თანხის გადარიცხვით თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა იყო წარმოშობილი მხარეთა შორის ან საერთოდ იყო თუ არა რაიმე სახის ურთიერთობა წარმოშობილი და გააჩნდა თუ არა სადავო გადარიცხვას რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
25. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ძირითადად აღწერილია მხარეთა მიერ მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია.
26. კასატორი მიუთითებს: სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დაადგინა მოპასუხე/აპელანტი მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცების ტვირთის განაწილების კვალობაზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს: რა ვალდებულების საფუძველზე განხორციელდა მიწის ნაკვეთების მოსარჩელეს სახელზე გაფორმება, მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დანიშნულება მიწის ნაკვეთის შესყიდვა იყო თუ მოსარჩელის დის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულების საფასური ან მათი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს მითითებები, გარდა იმისა, რომ უკანონოა, ამასთანავე შეუძლებელია მისი შესრულება ფორმალური თვალსაზრისითაც, რაც სრულიად უსაფუძვლოს და გაუგებარს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას.
27. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ასევე უფლება აქვს მოთხოვნის გაქვითვის მიზნით წარადგინოს შეგებებული სარჩელი (სსსკ 188-ე, 189-ე მუხლები) პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, მესამე პირებს კი, უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე (სსსკ 88-ე მუხლი), ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ (სსსკ 89-ე მუხლი). შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ყოველი მხარე აღჭურვილია რა სათანადო უფლებებით და მოვალეობებით, რომელთა რეალიზაციის უფლებაც მხოლოდ მათი პრეროგატივაა, საპროცესო ნორმებით მხარეთათვის მინიჭებულ აღნიშნულ უფლებებში სასამართლოს მხრიდან ჩარევა და მათი იძულება, თუ როგორ უნდა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან აქვს ადგილი, დაუშვებელია, ვინაიდან ამ უფლებების მატარებლები მხოლოდ მხარეები არიან და არა სასამართლო. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია ან/და არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
28. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ წინამდებარე დავაში, მოპასუხეს პირველ ინსტანციაში ან სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება, თუ რა გარიგების/ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ქ.პ–ზე გასხვისება, ან/და განხორციელდა თუ არა ამ მიწის ნაკვეთებზე რაიმე სახის სამართლებრივი ვალდებულებების გაუქმება. ასევე სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იხილება მ.გ–ის სარჩელი ქ.პ–ის მიმართ მიწის ნაკვეთების ღირებულების გადაუხდელობის საფუძვლით ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით და ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადაო მიწის ნაკვეთებზე ს/კ ....., ....., ....., ....., ... გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.12.2019წ განჩინებით დადგენილია გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლო კი, სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და ავალებს საქმის ხელახალი განხილვისას გამოიკვლიოს, რომ ,,გადარიცხული თანხები ხომ არ წარმოადგენდა მ.გ–სა და ქ.პ–ს შორის დადებული უძრავი ქონებების: №.....; №....., №....., №...., №51.10.60.002 საკადასტრო კოდებით, 20.04.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფასურს (იხ. გად. პუნქტი 11). ეს მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ თვითონვე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ს/კ №....; №...., №...., №...., №.... ქ.პ–ის საკუთრებაში აღირიცხა სწორედ მ.გ–თან (და არა სხვა ვინმესთან) 20.04.2018წ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ. გადაწყვეტილება, პუნქტი 7.5.), ხოლო თვითონ მოპასუხე მხარე მ.გ–ი საბოლოოდ მიცემულ განმარტებაში ასეთი ფაქტის არსებობას არ ადასტურებს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს შეუსაბამო დავალების გაცემას.
29. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ უკანონოა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციისათვის არარსებულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით რაიმე სახის გარემოებების დადგენის მოთხოვნა, მით უფრო, რომ მოპასუხეს (მ.გოგიაშვილს) აღძრული აქვს დამოუკიდებელი სარჩელი ქ.პ–ის მიმართ, სადაც მისი განცხადებით, მიწის ნაკვეთების ღირებულება ქ.პ–ის მიერ არ ყოფილა გადახდილი. შესაბამისად, პროცესუალურად ყოვლად დაუშვებელია ამ დავაში დადგენილი იქნას ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარმოადგენს სარჩელის დავის საგანს სხვა სამოქალაქო დავაში. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ მოცემულ დავაში ქ.პ–ი არ წარმოადგენს მხარეს, შესაბამისად, დაუშვებელია ამ დავაში რაიმე ისეთი სახის ფაქტის/გარემოების დადგენა, რომელიც ზეგავლენას მოახდენს პოტენციური მესამე პირის (ამ შემთხვევაში ქ.პ–ის) უფლებებზე და კანონიერ ინტერესებზე.
30. იმ გარემოებების დასაბუთების მიზნებისათვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით დეტალურად განხილულ იქნა მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვით წარდგენილი მტკიცებულებები/ახსნა-განმარტებებში მითითებული გარემოებები და მათი დამატებით გამოკვლევისა და შეფასების აუცილებლობა არ არსებობდა, კასატორი ციტირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 2.1., 3., 3.2., 4. პუნქტებისა და სამოტივაციო ნაწილის 7-8 პუნქტების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2., 3.2.1., 3.2.2. პუნქტებს (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. კასატორი სადავოდ ხდის საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მართლზომიერებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილი არაა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 2012 წლის 10 იანვარი). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).
35. შესაბამისად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა, რაც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლო, სარგებლობს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნების დისკრეციით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, რათა უგულვებელყოფილი არ იყოს იყო საქმის განხილვა მხარეთა ნამდვილი შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპებით გარანტირებულ სამართალწარმოებაზე (შდრ: სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016; სუსგ №ას- 543-506-2017, 31 ივლისი, 2017; №ას-657-618-2012, 2012 წლის 10 დეკემბერი; №ას-1308-1234-2012, 2013 წლის 4 თებერვალი).
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინებული უნდა იქნეს, რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე, ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ 2012 წლის 10 იანვარი, Nას-1118-1145-2011).
37. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, თუ რა ვალდებულებითი ურთიერთობები არსებობდა მხარეებს შორის და რის საფუძველზე განხორციელდა თანხების ჩარიცხვა, ისე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში). სააპელაციო სასამართლომ განმარტა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმათა ნორმატიული დანიშნულება, რომელიც სუბსიდიარულ ხასიათის ატარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას (შედრ: სუსგ №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული და გამოკვლეული უსაფუძვლო გამდიდრებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა.
38. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას. განსახილველი დავის სპეციფიკის, ჩასატარებელი საპროცესო მოქმედებების, დასადგენ გარემოებათა მოცულობის და ამასთანავე დავის სპეციფიკიდან გამომდინარე ქონებრივი წონასწორობის აღდგენის პირობებში, მხარეები დაკარგავენ კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო ინსტანციაში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობას, რამეთუ მათ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუწევთ პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საქმის გარემოებების გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების პროცესი უნდა წარიმართოს მხარეთა ნამდვილი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს, მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746; სუსგ №ას-338-2019, 22 მარტი, 2021).
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, მოიცავს უფლებას საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას იმგვარად მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], §129). ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ამასთან, არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.
40. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.18, 20, 22), რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სწორად განსაზღვრის და ამის შემდეგ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, უნდა დაადგინოს დავის გადასაწყვეტად აუცილებელი და არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამ მოცემულობის პირობებში კი, შეუძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობა. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, არ უნდა შეიზღუდოს მხარეთა შეჯიბრებითობის თანასწორ საწყისზე რეალიზების შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო ინსტანციაში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შესაძლებლობას, რამეთუ მათ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუწევთ პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს.
41. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაში.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. გ.პ–ს უკან დაუბრუნდეს შ.დ–ძის მიერ 10.03.2021-ში საგადახდო დავალება N10574378758 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5805 ლარის) 70% – 4063.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი