Facebook Twitter

საქმე №ას-44-2021 31 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ნ–ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს და ნებისმიერი ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,ნ–ის’’ მიმართ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე), რომლითაც მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2018 წლის 14 მაისის №14/05 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; 1.2. მოპასუხე დაევალოს მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 14 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; 1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისროს 2018 წლის გამოუყენებელი 24 დღის ფასიანი საშვებულებო თანხის 300 ლარის ხელზე (ხელზე ასაღები) ოდენობით ანაზღაურება; 1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სამსახურში დანიშვნის დღიდან (09.09.2017წ) მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე (14.05.2018წ) ყოველ სამუშაო კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთურად შესრულებული 14 საათის სამუშაოსათვის თითოეული ნამუშევარ კვირაზე - 52.5 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა (ყოველთვიური ხელფასი 300 ლარი, თვის განმავლობაში არსებული 160=1.875X გაზრდილ საშუალო ტარიფზე 2=3.75 ლარს X ყოველი სამუშაო კვირის განმავლობაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს 14 საათზე = 52.5 ლარს); 1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ნებისმიერი ანაზღაურების და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ მხარეთა შორის 09.09.2017 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა ამავე ორგანიზაციის ბუღალტრის პოზიციაზე 4 თვის ვადით, ხოლო შემდგომში, 2018 წლის 09 იანვრიდან გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება იმავე პოზიციაზე და იმავე პირობებით 1 წლის ვადით. 2018 წლის 14 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) საფუძვლით, 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე კომპანიის დირექტორს და სშკ-ის 38-ე მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი წესით მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. 2018 წლის 18 მაისის წერილის თანახმად, დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა იმაზე მითითებით, რომ მან უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი, კერძოდ, დამსაქმებელი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ არაერთხელ დაარღვია შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დრო, ასევე, სამუშაო საათებში სარგებლობდა სოციალური ქსელებით. მოსარჩელის მითითებით, ,,დარღვევებს’’, რაზედაც მიუთითებდა დამსაქმებელი, ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სრულად გაუგებარია, თუ რატომ გათავისუფლდა თანამდებობიდან მოსარჩელე აღნიშნული საფუძვლებით. რადგან იგი ყოველთვის ზედმიწევნით და დროულად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ერთადერთი, რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, გახლავთ ის, რომ 2018 წლის მაისის თვეში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების გამოცემამდე მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსთხოვა, რომ საკუთარი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან მას აღარ სჭირდებოდა ბუღალტერი, რაზედაც მოსარჩელემ განუმარტა, რომ თუ რაიმე ორგანიზაციული ცვლილებები იგეგმებოდა და ამის გამო, უნდა წასულიყო სამსახურიდან, დირექტორს უნდა დაეწერა შესაბამის ბრძანება შესაბამისი საფუძვლებით, რადგან ასეთ დროს შრომის კოდექსი შესაბამის კომპენსაციას ითვალისწინებს. იმის გამო, რომ მოპასუხე კომპანიას მოუწევდა მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდა, რაც დირექტორს არ უნდოდა. დირექტორი დაემუქრა მოსარჩელეს, რომ მას სამსახურიდან გაუშვებდა ,,უხეში დარღვევის’’ საფუძვლით. ამ საუბრიდან რამოდენიმე დღეში მოსარჩელეს ჩაბარდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა უხეში დარღვევის გამო. მოპასუხე კომპანიის მითითებით მოსარჩელის მიმართ არაერთხელ იყო გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა, აღნიშნულს მოსარჩელე უარყოფს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილია, რეკომენდაციები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიდან, ასევე ფინკა ბანკი საქართველოდან, რომლის თანახმად მოსარჩელე ხასიათდება შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიან პროფესიონალად, რეკომენდაციების თანახმად, იგი ყოველთვის პირნათლად და დროულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

3. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოპასუხე კომპანია არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და ორიენტირებულია მოგებაზე. მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული უშუალო ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტერის მიერ, რომ სამუშაო საათებში დაკავებულიყო მისთვის განსაზღვრული სამუშაოს შესრულებით. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი შენიშვნა-გაფრთხილებებისა, მოსარჩელის მხრიდან დარღვევები არ აღიკვეთა. მოპასუხის მითითებით, კომპანიას დღემდე უწევს მოსარჩელის მხრიდან მოვალეობების არაჯეროვან შესრულების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება, რაც დროულად არ გამოვლენის შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებდა. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის დადგენილი სამუშაო გრაფიკი და რეჟიმი, სამსახურში დროული გამოუცხადებლობა, დადგენილი შესვენებისა და სამუშაო დროის განაკვეთებიც, რის გამოც, მისი დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობებისადმი იყო სრულიად უპასუხისმგებლო. მოსარჩელე უშუალო ხელმძღვანელის მიერ უკვე წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ თუ არ შეცვლიდა დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ მოპასუხე კომპანია იზრუნებდა სხვა კომპეტენტური დასაქმებულის მოძებისათვის, რასაც მოსარჩელე თურმე მუქარად მიიჩნევდა. მოსარჩელეს კანონით გათვალისწინებული წესით ჩაბარდა გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ბრძანების წერილობითი დასაბუთება.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2018 წლის 14 მაისის №14/05 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ჯამში - 2400 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების - 16 დღის ანაზღაურება, ჯამში - 200 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება, ჯამში - 1680 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი აუნაზღაურებელი თანხის 1680 ლარის - 0.07% პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 22.05.2018 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში, აპელანტს/მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ აპელანტის წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის - მოპასუხე კომპანია წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. მხარეთა შორის 2017 წლის 9 სექტემბერს დაიდო შრომის ხელშეკრულება N147, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე 4 თვის ვადით. დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად - 300 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო დრო განისაზღვრა 6 დღიანი სამუშაო კვირის მიხედვით, ხოლო სამუშაო დღის ხანგრძლივობა მოიცავდა 9 საათიან სამუშაო პერიოდს, დღის განმავლობაში 45 წთ-ის შესვენებით. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, სამუშაო დღის ანდა სამუშაო საათების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო დასაქმებულისათვის დაეკავებინა ხელფასი გაცდენილი დროის შესაბამისად, ასევე შეეჩერებინა წახალისება.

9. მოსარჩელის სამუშაო საათების ხანგრძლივობა აღემატებოდა შრომითი კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას და კვირაში ნაცვლად 40 საათისა შეადგენდა 54 საათს, შესაბამისად, მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების დროს ყოველკვირეულად მუშაობდა ზეგანაკვეთურად 14 საათს, რაც ექვემდებარება გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას.

10. შრომითი ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, დასაქმებულს ევალებოდა კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, რომელიც განსაზღვრული იყო შრომის კანონმდებლობით, ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა შრომის კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები (გაფრთხილება/რეკომენდაცია, საყვედური, ფულადი ჯარიმა ხელფასიდან დაკავებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.). ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებელს მიენიჭა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

11. შრომითი ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა, რომ შრომის შინაგანაწესი მიიჩნეოდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, 4 თვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2018 წლის 9 იანვარს მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულება გაგრძელდა 1 წლის ვადით. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის მოპასუხე კომპანიის შრომის შინაგანაწესი, რომელზეც არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი. აღნიშნული შინაგანაწესის მე-10 მუხლით განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, რომლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ხოლო ,,გ’’ პუნქტის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომაა სამუშაო საათების პერიოდში სოციალურ ქსელებში ნებისმიერი კომუნიკაციის ან/და დაკისრებული მოვალეობების ზერელე და დაუდევარი დამოკიდებულების გამოვლენა. ამავე შინაგანაწესის მე-11 მუხლით განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) ხელფასის დაკავება; ე) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ან/და უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება. მოხმობილი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის დირექტორი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეძლება გახდეს სამსახურებრივი შემოწმების შედეგები. სამსახურებრუვი შემოწმების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს მოხსენებითი ბარათი, დისციპლინური გადაცდომის შესახებ განცხადება, მონიტორინგის შედეგები და კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

12. 2018 წლის 14 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა გამოსცა ბრძანება N14/05, რომლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პიზიციიდან, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო. დამსაქმებელმა გათავისუფლების საფუძვლის წერილობით დასაბუთებაში, მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევა გამოიხატა შრომის ხელშეკრულების და შინაგანაწესის არაერთხელ უხეში დარღვევაში, კერძოდ, სოციალური ქსელებით სარგებლობა სამუშაო საათებში, ანუ არასამუშაო თემებით მოცდენა, რასთან მიმართებითაც არაერთხელ იქნა მიცემული სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილება.

13. მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სახდელი გათავისუფლებამდე გამოყენებული არ ყოფილა.

14. არც დასაქმებულის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა დასტურდებოდა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დისციპლინური სახდელის უკიდურესი ღონისძიება - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

15. ასევე, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მხრიდან სიტყვიერი ფორმით შენიშვნისა, თუ საყვედურის გამოცხადების ფაქტი.

16. მოსარჩელეს არ აქვს გამოყენებული და არც ანაზღაურებული 2018 წლის კუთვნილი ფასიანი შვებულების დღეები.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

18. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 48.8 მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია: 1) მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა (ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს ასევე შეუძლია მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება); 2) ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია. სამუშაოზე აღდგენა, ისევე, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების (უკანონოდ გათავისუფლების) შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახეს - მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გზით.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რომ არ მომხდარიყო შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტა, მისი მოქმედება გაგრძელდებოდა, რის გამოც, სარჩელის აღძვრის ეტაპზე, ერთ წლიანი ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, გამართლებული იყო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. თუმცა, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 09.01.2019 წლამდე, დღევანდელი მოცემულობით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია და შესაბამისად, ვერ განხორციელდება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს უნდა მიეკუთვნოს ის იძულებითი განაცდური, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიიღებდა ხელფასის სახით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 44-ე მუხლით (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 58-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე და მიიჩნია, შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.

21. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენდა თვეში 300 ლარს (ხელზე ასაღები). შესაბამისად, მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელისათვის გათავისუფლებიდან - 14.05.2018 წლიდან - 09.01.2019 წლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ყოვეთვიურად 300 ლარის მიკუთვნება, რაც ჯამში - 8 თვეზე შეადგენდა 2400 ლარს (ხელზე ასაღები), საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

22. რაც შეეხება მოთხოვნას საშვებულებო თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გამართლებულად იქნა მიჩნეული, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშვებულებო თანხა მხოლოდ მის მიერ ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 34-ე მუხლი), შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო, ხოლო სშკ-ის 26-ე მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელილ რედაქციით 36-ე მუხლი) თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

23. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო და დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებდა 09.09.2017 წლიდან - 14.05.2018 წლამდე (8 თვე), შესაბამისად, გამართლებული იყო მისთვის ანაზღაურებულიყო მის მიერ ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად გამოუყენებელი შვებულების თანხა, რაც შეადგენს 16 დღეს (8თვე X 2) და ყოველდღიური სახელფასო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა 12.5 ლარს (300/24 დღეზე), გამოუყენებელი შვებულებისათვის, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 200 ლარი (12.5 ლარი X 16 დღეზე).

24. სშკ-ის 31-ე მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს - 48 საათს. სშკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (სშკ-ის ამჟამინდელლი რედაქციით 27-ე მუხლი), ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

25. სარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება, ყოველი ზედმეტად ნამუშევარი საათისათვის, ტარიფით 3.75 ლარი, (ჯამში მოთხოვნილია - 1680 ლარის ანაზღაურება).

26. დადგენილია, რომ მოსარჩელე კვირაში 40 საათის ნაცვლად მუშაობდა 54 საათს, შესაბამისად, მოსარჩელეს ყოველკვირეულად უწევდა ზეგანაკვეთური შრომა 14 საათის ოდენობით, რაც თითოეულ ნამუშევარ კვირაზე წარმოუშობდა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას 52.5 ლარის ოდენობით (3.75 ლარი X 14 საათზე).

27. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის გაანგარიშება, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურებასთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოველთვიური ხელფასი განისაზღვრებოდა 300 ლარის ოდენობით, თვეში არსებული სამუშაო საათების შესაბამისად - 160 საათი, თითოეული შესრულებული სამუშაო საათი ანაზღაურდებოდა 1.875 ლარით, რადგანაც ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი განაკვეთით, მოსარჩელე მოითხოვდა ანაზღაურებას, თითოეული ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათისათვის 2-ჯერ გაზრდილი ღირებულებით, რაც შეადგენს 3.75 ლარს. შესაბამისად, თითოეული ნამუშევარი კვირისათვის აღნიშნული შეადგენს - 52.5 ლარს (3.75 ლარი X 14 საათზე), რაც ყოველი თვისთვის განისაზღვრება 210 ლარის ოდენობით (52.5 ლარი X 4 თვეზე), ჯამში კი ნამუშევარი 8 თვის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს -1680 ლარი (210 ლარი X 8 თვეზე).

28. სშკ-ის 31.3 მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41.3 მუხლი) თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობებში, მოსარჩელე წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული კი, განაპირობებდა დამსაქმებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. კერძოდ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის შესაბამისად გადაუხდელი 1680 ლარის 0.07% ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაწყებულიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან (14.05.2018წ) ერთი კვირის შემდგომ - 22.05.2018 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

29. რაც შეეხება, მოთხოვნას აუნაზღაურებელი საშვებულებო თანხასთან მიმართებით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილში იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნია მოთხოვნა, რადგანაც მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა მოთხოვნილი არც შვებულების გამოყენება და არც თანხის ანაზღაურება, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოშობილი ფულადი ვალდებულება გაუმართლებელი იყო აღნიშნულ ნაწილში დაყოვნებაზე მითითებით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.

30. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართულს ხდიდნენ მოთხოვნას, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მისი სამართლებრივად გაუმართლებლობის საფუძვლით.

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე) რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

33. დადგენილი იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 16 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 16 სექტემბრს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

34. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

35. სსსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

36. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

37. ამასთან, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

38. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საპატიო მიზეზად შეუძლია მიუთითოს ,,სხვა გარემოებებზეც’’, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზანშეწონილობაზე, ეს ორი წინაპირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

39.მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - იმ ობიექტური გარემოებით, რომ სასამართლო სხდომის დღეს, მისი მცირეწლოვანი შვილი გახდა შეუძლოდ და შესაბამისად, შეიქმნა აუცილებლობა ბავშვი სასწრაფოდ გადაეყვანათ სტაციონარში, რის გამოც, წარმომადგენელმა ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთან, ნერვიულობის ფონზე, მან ვერ მოახერხა სასამართლოს დროული ინფორმირება სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობასთან მიმართებით. საჩივრის ავტორმა, მისი მძიმე ემოციური მდგომარეობის, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობის დამატებით საფუძვლად მიუთითა ახლო ნათესავის, კერძოდ, ბიძაშვილის გარდაცვალებაზე, რომელიც სასამართლო სხდომის გამართვამდე 6 დღით ადრე - 2020 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

40. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაესაბუთებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა და ამავდროულად, გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობა.

41. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ პასუხობდა სსსკ-ს 215.3 მუხლით დადგენილ სტანდარტს და შესაბამისად, ვერ მიიჩნეოდა ავადმყოფობის დადასტურებისათვის ვარგის მტკიცებულებად. კერძოდ, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც არ არის შევსებული კანონით დადგენილი ფორმით, ასევე, სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ და ამავდროულად, მასში ასახული ინფორმაციით არ დასტურდება გარემოება, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე ან/და ეცნობებინა სასამართლოსათვის სატელეფონო კავშირის მეშვეობით მისი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე.

42. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც - მომდევნო დღეებში არ მოუმართავს სასამართლოსათვის და არ უცნობებია არსებული მოცემულობისა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.

43. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა არ აკმაყოფილებს 215.3 მუხლის მოთხოვნებს, რამეთუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შედგენილი უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით და მას ხელს უნდა აწერდეს არა მკურნალი ექიმი, არამედ სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი. საჩივრის ავტორის ზეპირი მითითება, რომ ხელმომწერი პირი არის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი არ იქნა გაზიარებული, რადგანაც წარმოდგენილი ცნობა მსგავს მონაცემს არ შეიცავდა და შესაბამისად მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ მიიჩნევა ფაქტის გაზიარებისათვის საკმარის საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცნობის შინაარსით არ დგინდება, თუ როდის მიმართა საჩივრის ავტორმა სამკურნალო დაწესებულებას და რა ობიექტურმა გარემოებამ დააბრკოლა სასამართლოსთვის სატელეფონო კავშირის მეშვეობით ცნობება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობასთან მიმართებით. ამასთანავე, წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს არც იმ მონაცემს, რომ 16.09.2020 წელს 12:00 საათზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს არ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.

44. ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დედისათვის შესაძლოა წარმოადგენდეს იმგვარ ობიექტურ მოცემულობას, რომ შეუძლებელი გახდეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, თუმცა, წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა შექმნილი მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა მისი მარწმუნებლისათვის ან/და სასამართლოსათვის. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებული იყო წარმოედგინა იმგვარი ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა უშუალოდ საავადმყოფოსთვის მიმართვის დრო და არსებული მდგომარეობის სიმძიმე, რომელიც პალატის მხრიდან შესაძლოა შეფასებულიყო საპატიო გარემოებად სსსკ-ს 215.3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

45. სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად არ მიიჩნია არც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ბიძაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რადგანაც ხსენებული პირი გარდაიცვალა პროცესის გამართვამდე ერთი კვირით ადრე და ამავდროულად, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება გარდაცვლილი პირის ნათესაური კავშირი მოსარჩელესთან.

46. ამასთან, იმ ვითარებაშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა საჩივრის ავტორის მითითება პირთან ნათესაური კავშირის არსებობასთან მიმართებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ბიძაშვილი ვერ მიიჩნევა ახლო ნათესავად და აღნიშნული ვერ მოექცევა სსსკ-ს 215.3 მუხლით განსაზღვრულ საპატიო გარემოებაში.

47. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი/მეწარმე სუბიექტი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლო წარმოების თაობაზე და შესაბამისად, დავის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოპასუხეს ევალებოდა უზრუნველეყო საკუთარი წარმომადგენლის დასწრება სასამართლო სხდომაზე.

48. უარყოფილი იქნა საჩივრის ავტორის მითითება, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა მარწმუნებლის ინფორმირება სასამართლო სხდომის თაობაზე, რამეთუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, უწყების წარმომადგენლისათვის ჩაბარება ნიშნავს უწყების მხარისათვის ჩაბარებას. ამდენად, ხსენებული ნორმით დადგენილია პრეზუმცია, რომლის შესაბამისადაც უწყების ჩაბარება წარმომადგენლისათვის, მოიაზრებს უწყების მხარისათვის ჩაბარებასაც, რაც გამორიცხავს საჩივრის ავტორის მტკიცებას, მოწინააღმდეგე მხარის არაინფორმირებულობასთან მიმართებით.

49. წარმომადგენლის ვალდებულებას წარმოადგენდა ეცნობებინა მისი მარწმუნებლისათვის სასამართლო სხდომის თაობაზე და ამავდროულად შეეტყობინებინა მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, რის შემდგომაც, კომპანიას ექნებოდა შესაძლებლობა წარმოედგინა სხვა წარმომადგენელი და ამგვარად მოეხდინა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზება.

50. აღნიშნული ვალდებულების წარმომადგენელის მხრიდან შეუსრულებლობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გახდება დავის მონაწილე მეორე მხარის ინტერესების შეზღუდვის საფუძველი, რამეთუ ორივე მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი.

51. შესაბამისად, რომელიმე მათგანის გამოუცხადებლობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ გახდება მეორე მხარისათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მარწმუნებლისათვის ცნობილი არ იყო სასამართლო სხდომის თაობაზე ვერ მიიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად და შესაბამისად, სსსკ-ს 70.1 მუხლით დადგენილი პრეზუმციის შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული პალატის მხრიდან.

52. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ამავდროულად, სამართლებრივად შეფასებულია სასარჩელო მოთხოვნა, რის შესაბამისად, პალატამ არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, იმ ნაწილში, რომელიც იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. საჩივარში მითითებული საფუძვლები კი, პალატის შეფასებით არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის წინაპირობას.

53. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) წარადგინა საკასაციო საჩივარი.

54. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო გარემოებებით, რაც ასახულია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში წარდგენილ საჩივარში, კერძოდ, მითითებულია მოპასუხის წარმომადგენლის შვილის ავადმყოფობასა და ახლო ნათესავის გარდაცვალებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სხდომის დღეს მისი მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას არ შეძლო ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მისი სხვა ნათესავის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება.

55. ამასთან, არც სასამართლოს აპარატიდან არ დაფიქსირებულა მასთან ზარი სხდომაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შესახებ, რაც მისცემდა კასატორს შესაძლებლობას, რომ დაეფიქსირებინა მოსაზრება საკუთარი პრობლემის შესახებ.

56. კასატორმა საპატიო გარემოების ამასახველი - სამედიცინო ცნობა - წარადგინა სასამართლოში, რომელიც დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის და მკურნალი ექიმის ხელმოწერით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით.

57. კასატორი მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობების სისტემტიურ დარღვევაზე და აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება მართლზომიერ საფუძველზეა გამოცემული. კასატორი აღნიშნავს, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა იმ საფუძვლით, რომ მან უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი, მოსარჩელემ არაერთხელ დაარღვია შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დრო, ასევე, სამუშაო საათებში სარგებლობდა სოციალური ქსელებით. ეს გარემოება მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უარყო. მოსარჩელე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომ სამუშაო საათებში დაკავებულიყო მისთვის განსზღვრული სამუშაოს შესრულებით, არც მიუხედავად არაერთი სიტყვიერი გაფრთხილებისა, მოსარჩელის მიერ არ აღიკვეთა.

58. კასატორი აღნიშნავს, რომ შინაგანაწესის მიხედვით დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება, არც კონკრეტულ შემთხვევაში, არის პროპორციული და შესაბამისი მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევების მიხედვით.

59. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე - პპ: 9.10-9-22 და განჩინების პპ: 4.1-4.6, 4.13-4.14. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 6-დღიანი სამუშაო გრაფიკი, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 9 სთ. 45 წთ. შესვენებით, რაც აღემატებოდა კვირაში 40 სთ.-ს და შედგენდა 54სთ.-ს. მოსარჩელე კვირაში 40 საათის ნაცვლად მუშაობდა 54 საათს. რეალურად ხელშეკრულება მორგებული იყო ცვლაში მუშაობის კატეგორიის დასაქმებულებზე და ხელშეკრულების თანახმად მისი განუყოფელი ნაწილი იყო მოპასუხე კომპანიის შინაგანაწესი, რომლითაც განსხვავებული გრაფიკი დგინდება კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რასაც, კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.

60. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც სამუშაოს შესრულების და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და მისი გაანგარიშების ამსახველი დოკუმენტი. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებს გარეშე, არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძველი.

61. მოსარჩელე არ ასრულებდა ყოველდღიურ დავალებას და თვითნებური რეჟიმით, შინაგანაწესის ნორმების უგულვებელყოფით ცდილობდა უშუალო ხელმძღვანელის პროვოცირებას, რის შედეგადაც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს ამსახველი რაიმე დოკუმენტი.

62. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დასაქმებულთან ნამუშევარი 11 თვე და არც შვებულების 11 თვემდე მიცემის შესახებ არ ყოფილა დამსაქმებელთან შეთანხმება.

63. რაც შეეხება ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირაგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, კასატორი აღნიშნავს, რომ ამისათვის უნდა არსებობდეს მისაღები შრომის ანაზღაურების, ანგარიშსწორების, გადახდის დაყოვნება, რაც განსახლველ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

65. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდგე მხარე) საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

66. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2018 წლის 14 მაისის №14/05 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ჯამში - 2400 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების - 16 დღის ანაზღაურება, ჯამში - 200 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება, ჯამში - 1680 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი აუნაზღაურებელი თანხის 1680 ლარის - 0.07% პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 22.05.2018 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში, აპელანტს/მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

67. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

68. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

69. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

70.დადგენილი იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 16 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის (დამსაქმებელი) წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე. მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

71.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

72. მხარეთა შორის 2017 წლის 9 სექტემბერს დაიდო შრომის ხელშეკრულება N147, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე 4 თვის ვადით. დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად - 300 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო დრო განისაზღვრა 6 დღიანი სამუშაო კვირის მიხედვით, ხოლო სამუშაო დღის ხანგრძლივობა მოიცავდა 9 საათიან სამუშაო პერიოდს, დღის განმავლობაში 45 წთ-ის შესვენებით. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, სამუშაო დღის ანდა სამუშაო საათების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო დასაქმებულისათვის დაეკავებინა ხელფასი გაცდენილი დროის შესაბამისად, ასევე შეეჩერებინა წახალისება.

73. მოსარჩელის სამუშაო საათების ხანგრძლივობა აღემატებოდა შრომითი კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას და კვირაში ნაცვლად 40 საათისა შეადგენდა 54 საათს, შესაბამისად, მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების დროს ყოველკვირეულად მუშაობდა ზეგანაკვეთურად 14 საათს, რაც ექვემდებარება გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას.

74. შრომითი ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, დასაქმებულს ევალებოდა კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, რომელიც განსაზღვრული იყო შრომის კანონმდებლობით, ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით. ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა შრომის კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები (გაფრთხილება/რეკომენდაცია, საყვედური, ფულადი ჯარიმა ხელფასიდან დაკავებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ა.შ.). ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებელს მიენიჭა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

75. შრომითი ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა, რომ შრომის შინაგანაწესი მიიჩნეოდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, 4 თვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2018 წლის 9 იანვარს მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულება გაგრძელდა 1 წლის ვადით. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის მოპასუხე კომპანიის შრომის შინაგანაწესი, რომელზეც არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი. აღნიშნული შინაგანაწესის მე-10 მუხლით განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, რომლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ხოლო ,,გ’’ პუნქტის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომაა სამუშაო საათების პერიოდში სოციალურ ქსელებში ნებისმიერი კომუნიკაციის ან/და დაკისრებული მოვალეობების ზერელე და დაუდევარი დამოკიდებულების გამოვლენა. ამავე შინაგანაწესის მე-11 მუხლით განისაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) ხელფასის დაკავება; ე) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ან/და უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება. მოხმობილი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის დირექტორი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეძლება გახდეს სამსახურებრივი შემოწმების შედეგები. სამსახურებრუვი შემოწმების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს მოხსენებითი ბარათი, დისციპლინური გადაცდომის შესახებ განცხადება, მონიტორინგის შედეგები და კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

76. 2018 წლის 14 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა გამოსცა ბრძანება N14/05, რომლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პიზიციიდან, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო. დამსაქმებელმა გათავისუფლების საფუძვლის წერილობით დასაბუთებაში, მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევა გამოიხატა შრომის ხელშეკრულების და შინაგანაწესის არაერთხელ უხეში დარღვევაში, კერძოდ, სოციალური ქსელებით სარგებლობა სამუშაო საათებში, ანუ არასამუშაო თემებით მოცდენა, რასთან მიმართებითაც არაერთხელ იქნა მიცემული სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილება.

77. მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სახდელი გათავისუფლებამდე გამოყენებული არ ყოფილა.

78. დასაქმებულის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა არ დასტურდებოდა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დისციპლინური სახდელის უკიდურესი ღონისძიება - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

79. მოსარჩელეს არ აქვს გამოყენებული და არც ანაზღაურებული 2018 წლის კუთვნილი ფასიანი შვებულების დღეები.

80. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

81. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 48.8 მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია: 1) მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა (ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს ასევე შეუძლია მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება); 2) ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია. სამუშაოზე აღდგენა, ისევე, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების (უკანონოდ გათავისუფლების) შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახეს - მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გზით.

82. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რომ არ მომხდარიყო შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტა, მისი მოქმედება გაგრძელდებოდა, რის გამოც, სარჩელის აღძვრის ეტაპზე, ერთ წლიანი ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, გამართლებული იყო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. თუმცა, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 09.01.2019 წლამდე, დღევანდელი მოცემულობით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია და შესაბამისად, ვერ განხორციელდება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს უნდა მიეკუთვნოს ის იძულებითი განაცდური, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიიღებდა ხელფასის სახით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 44-ე მუხლით (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 58-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

83. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენდა თვეში 300 ლარს (ხელზე ასაღები). შესაბამისად, მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელისათვის გათავისუფლებიდან - 14.05.2018 წლიდან - 09.01.2019 წლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ყოვეთვიურად 300 ლარის მიკუთვნება, რაც ჯამში - 8 თვეზე შეადგენდა 2400 ლარს (ხელზე ასაღები), საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

84. რაც შეეხება მოთხოვნას საშვებულებო თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გამართლებულად იქნა მიჩნეული, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშვებულებო თანხა მხოლოდ მის მიერ ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 34-ე მუხლი), შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო, ხოლო სშკ-ის 26-ე მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელილ რედაქციით 36-ე მუხლი) თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

85. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო და დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებდა 09.09.2017 წლიდან - 14.05.2018 წლამდე (8 თვე), შესაბამისად, გამართლებული იყო მისთვის ანაზღაურებულიყო მის მიერ ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად გამოუყენებელი შვებულების თანხა, რაც შეადგენს 16 დღეს (8თვე X 2) და ყოველდღიური სახელფასო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა 12.5 ლარს (300/24 დღეზე), გამოუყენებელი შვებულებისათვის, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 200 ლარი (12.5 ლარი X 16 დღეზე).

86. სშკ-ის 31-ე მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს - 48 საათს. სშკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (სშკ-ის ამჟამინდელლი რედაქციით 27-ე მუხლი), ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

87. სარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება, ყოველი ზედმეტად ნამუშევარი საათისათვის, ტარიფით 3.75 ლარი, (ჯამში მოთხოვნილია - 1680 ლარის ანაზღაურება).

88. დადგენილია, რომ მოსარჩელე კვირაში 40 საათის ნაცვლად მუშაობდა 54 საათს, შესაბამისად, მოსარჩელეს ყოველკვირეულად უწევდა ზეგანაკვეთური შრომა 14 საათის ოდენობით, რაც თითოეულ ნამუშევარ კვირაზე წარმოუშობდა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას 52.5 ლარის ოდენობით (3.75 ლარი X 14 საათზე).

89. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის გაანგარიშება, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურებასთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრებოდა 300 ლარის ოდენობით, თვეში არსებული სამუშაო საათების შესაბამისად - 160 საათი, თითოეული შესრულებული სამუშაო საათი ანაზღაურდებოდა 1.875 ლარით, რადგანაც ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი განაკვეთით, მოსარჩელე მოითხოვდა ანაზღაურებას, თითოეული ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათისათვის 2-ჯერ გაზრდილი ღირებულებით, რაც შეადგენს 3.75 ლარს. შესაბამისად, თითოეული ნამუშევარი კვირისათვის აღნიშნული შეადგენს - 52.5 ლარს (3.75 ლარი X 14 საათზე), რაც ყოველი თვისთვის განისაზღვრება 210 ლარის ოდენობით (52.5 ლარი X 4 თვეზე), ჯამში კი ნამუშევარი 8 თვის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს -1680 ლარი (210 ლარი X 8 თვეზე).

90. სშკ-ის 31.3 მუხლის (სშკ-ის ამჟამინდელი რედაქციით 41.3 მუხლი) თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობებში, მოსარჩელე წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. აღნიშნული კი, განაპირობებდა დამსაქმებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. კერძოდ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის შესაბამისად გადაუხდელი 1680 ლარის 0.07% ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაწყებულიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან (14.05.2018წ) ერთი კვირის შემდგომ - 22.05.2018 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

91. რაც შეეხება, მოთხოვნას აუნაზღაურებელი საშვებულებო თანხასთან მიმართებით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილში იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნია მოთხოვნა, რადგანაც მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა მოთხოვნილი არც შვებულების გამოყენება და არც თანხის ანაზღაურება, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოშობილი ფულადი ვალდებულება გაუმართლებელი იყო აღნიშნულ ნაწილში დაყოვნებაზე მითითებით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.

92. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართულს ხდიდნენ მოთხოვნას, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მისი სამართლებრივად გაუმართლებლობის საფუძვლით.

93. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიებზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას, აგრეთვე სარჩელის იურიდიულად გამართულობას შეეხება.

94. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო გარემოებებით, რაც ასახულია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, კერძოდ, მასში მითითებულია მოპასუხის წარმომადგენლის შვილის ავადმყოფობასა და ახლო ნათესავის გარდაცვალებაზე. სხდომის დღეს დამსაქმებლის წარმომადგენლის მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას არ შეძლო ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მისი სხვა ნათესავის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება. კასატორი აღნიშნავს, რომ საპატიო გარემოების ამასახველი - სამედიცინო ცნობა - წარმოდგენილია საქმეში.

95. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ( იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997,§ 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98,§ 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014,§ 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).

96. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

97. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე– მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება,ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

98. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.მაგრამ, რაუნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარისნება - სურვილზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.

99. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).

100. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.

101. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017).

102. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით.

103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, ამ ნორმაში გათვალისწინებული ტერმინები „ცვლილებებითა” და „დამატებებით” მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, რომელთა შეცვლა დაუშვებელია და მხოლოდ ამ თავისებურებების გათვალისწინებით (და არა მათი უგულებელყოფით) არის შესაძლებელი პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვა.

104. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. სსსკ-ის 372-ე მუხლი განსაზღვრავს პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების გამოყენების ფარგლებს, ე.ი. ამ წესების გამოყენება არ ატარებს შეუზღუდავ ხასიათს, არამედ შეზღუდულია სააპელაციო სასამართლოს მიზნებით, სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების თავისებურებებით. მაშასადამე, სსსკ-ის 387-ე მუხლის 3-ე ნაწილი სისტემურ-ლოგიკურ კავშირშია სსსკ-ის 372-ე მუხლთან. ( შდრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016).

105. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიძლება ორ კომპონენტად იქნეს დაყოფილი: ფაქტობრივი ნაწილი, რომელიც ივარაუდება ამ ნორმით და სამართლებრივი შედეგი, რომელიც მოჰყვება ფაქტობრივ ქცევას. განსახილველ მუხლში მოცემულია პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს იურიდიული შედეგი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პირობებს, გარემოებებს, რომელთა არსებობისასაც შეიძლება იქნეს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, წარმოადგენს საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) გამოუცხადებლობა და გამოცხადებული მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოსადმი თხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი ავსებს და არ „აუქმებს“ პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილ წესს. ის პირობები, გარემოებები, რომელიც დადგენილია პირველი და მეორე ნაწილებით (საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობა და ა.შ.), ნაგულისხმევია სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ამ ნორმაში მითითებული სიტყვები „სხვა შემთხვევაში” გაგებული უნდა იქნეს ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობასთან ერთად იწვევენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც არ არის მითითებული სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მაგალითად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას; ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები; დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ა.შ.). აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა და საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობა სხვადასხვა პირობებია, რომლებიც გათვალისწინებულია სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი სპეციალური ხასიათისაა, მის მე-3 ნაწილში მითითებული სიტყვების „სხვა შემთხვევაში” ფართო განმარტება არ შეიძლება იმ შეზღუდვების გაუთვალისწინებლად, რაც დადგენილია სსსკ-ის 372-ე მუხლით.

106. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუკი ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

107. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020წელი).

108. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).

109. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).

110. მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).

111. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.

112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, „მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას“. „გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები“. (შდრ.სუსგ №ას-914-876-2014, 19 თებერვალი, 2014; №-ას-1243-1166-2015, 09 მარტი, 2016).

113. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).

114. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017. )

115. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დამსაქმებელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას არ უცნობებია აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.

116. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორის მიერ, მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები - 8.10.2020წ-ის ცნობა და კ.ლ–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 83, 85) ვერ ადასტურებდა 2020 წლის 16 სექტემბერს ობიექტური გარემოებების გამო, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ფაქტს (იხ. ამ განჩინების პპ: 39-45);

117. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის სასამართლო სხდომის თარიღი და დრო ცნობილი იყო. იგი მიიჩნევს, რომ მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ავადმყოფობა იყო, თუმცა, საჩივარზე დართული ცნობა არ აკმაყოფილებებს იმ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება ამგვარ დოკუმენტს. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია, რომ დოკუმენტის ხელმომწერი პირი არის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი, რადგანაც წარმოდგენილი ცნობა მსგავს მონაცემს არ შეიცავს და შესაბამისად მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ მიიჩნევა ფაქტის გაზიარებისათვის საკმარის საფუძვლად. ამასთან, წარმოდგენილი ცნობის შინაარსით არ დგინდება, თუ როდის მიმართა საჩივრის ავტორმა სამკურნალო დაწესებულებას და რა ობიექტურმა გარემოებამ დააბრკოლა სასამართლოსთვის სატელეფონო კავშირის მეშვეობით ეცნობებინა პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობასთან მიმართებით. ასევე, წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს არც იმ მონაცემს, რომ 16.09.2020 წელს 12:00 საათზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს არ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.

118. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ კ.ლ–ის გარდაცვალების მოწმობას (ს.ფ. 85) საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცნობაში გარდაცვალების თარიღად მითითებულია 10 სექტემბერი ანუ, ხსენებული პირი გარდაიცვალა პროცესის გამართვამდე ერთი კვირით ადრე და ამასთან, არ დგინდება გარდაცვლილ პირსა და სხდომაზე გამოუცხადებელ მოპასუხის წარმომადგენელს შორის ნათესაური კავშირი.

119. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის საფუძვლით არ არსებობს.

120. რაც შეეხება სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობის (სსსკ-ის 230.2 მუხლი) ნაწილს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების პპ: 71-91 დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს:

121. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

122. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.)

123. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება.თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400).

124. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილებისას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.

125. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.

126. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (დადგენილად მიჩნევით) გაქარწყლდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შეად. სუსგ-ებს: N ას-330-2019, 19.11.2019წ; N ას- 656-626-2016, 27.03.2017წ; N ას- 682-648-2013, 10.03.2015წ.; №ას-662-2019, 11 დეკემბერი, 2020).

128. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დასაქმებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

129. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე