საქმე №ას-1118-2020 31 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ხ.ჯ–ვა (შეგებებული სარჩლის ავტორი, ძირითად სარჩელში - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სს ,,თ.ბ–ი“ (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე), ა.ნ–ვი, კ.ნ–ვი (ძირითად და შეგებებულ სარჩელში - მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარების, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ.ბ–სა“ (შემდეგში: ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე, კრედიტორი, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) და ქ.ნ–ს (შემდეგში: გარდაცვლილი, მსესხებელი, მამკვიდრებელი) შორის, 2016 წლის 9 თებერვალს, გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0114.3242172.001 ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონში, სოფელ ...... (ს/კ .....).
2. ბანკსა და მსესხებელს შორის, 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის სახელზე 22000 ლარი 36 თვის ვადით გაიცა, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 21%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ერთჯერადად 20 ლარი, შემდგომ კი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის ან ხელშეკრულების სხვა ნებისმიერი პირობის დარღვევა განიხილებოდა, როგორც მსესხებლის მიერ მთლიანად ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმა და ბანკი უფლებამოსილი იყო, გაეგზავნა შეტყობინება და მსესხებლისგან მოითხოვა ორი კვირის ვადაში ვალდებულების შესრულება და მიმდინარე დავალიანების დაფარვა.
4. მსესხებელი 2016 წლის 28 მარტს გარდაიცვალა.
5. 2017 წლის მონაცემებით, მსესხებლის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22568.56 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 22000 ლარი, ხოლო პროცენტი - 568.56 ლარია.
6. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება მსესხებლის საკუთრებას წარმოადგენს, იპოთეკარი კი - ბანკია.
7. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში მსესხებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე საქმისწარმოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება.
სასარჩელო მოთხოვნა:
8. ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ხ.ჯ–ვას (შემდგომ - პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მსესხებლის მეუღლე, კასატორი), ა.ნ–ვისა (შემდგომ - ძირითად და შეგებებულ სარჩელში მეორე მოპასუხე, მსესხებლის შვილი) და კ.ნ–ვის (შემდგომ - ძირითად და შეგებებულ სარჩელში მესამე მოპასუხე, მეორე მსესხებლის შვილი) მიმართ და წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხეების გარდაცვლილის უფლებამონაცვლეებად ცნობა, გარდაცვლილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღიარება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება მოითხოვა, ასევე - მოპასუხეებისათვის ბანკის სასარგებლოდ 22568.56 ლარის დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
9. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 1/10 ნაწილში ბათილად ცნობა და ამ ნაწილში ქონების მესაკუთრედ აღიარება.
10. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, იპოთეკის საგნის - როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრეა.
11. მსესხებელმა მასთან შეუთანხმებლად გააფორმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. ბანკმა თანასაკუთრების უფლების შესახებ იცოდა, თუმცა ხელშეკრულება მაინც მისი თანხმობის გარეშე გაფორმდა, შესაბამისად, მის წილზე იპოთეკის ხელშეკრულების პირობები არ უნდა გავრცელდეს.
მოპასუხეების შესაგებელი ძირითად სარჩელზე:
12. ძირითადი სარჩელის მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
ბანკის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
13. ბანკმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთი მეუღლე ქონებას განკარგავს, ივარაუდება, რომ მოცემული საკითხი შეთანხმებულია მის მეუღლესთან და დამატებითი თანხმობის გაცემისა და მოთხოვნის ვალდებულება არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბანკის ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი მსესხებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრეებად (რის შესაბამისადაც ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში); მოპასუხეებს 22568.56 ლარის გადახდა ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ; დავალიანების დაფარვის მიზნით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია დადგინდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ავტორმა (პირველმა მოპასუხემ) სააპელაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც მისი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიმე გარემოება, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების ხარვეზის შესახებ იპოთეკარის ინფორმირებულობას დაადასტურებდა, აპელანტს არ მიუთითებია, შესაბამისად, იპოთეკარის არაკეთილსინდისიერება არ დასტურდება. ბანკი, უფლების კეთილსინდისიერი შემძენია, შესაბამისად, მას სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი იცავს, რის გამოც იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს.
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უძრავი ქონების 1/10 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მიმართ შეგებებული სარჩელის ავტორის იურიდიული ინტერესი უძრავი ქონების ნაწილის აუქციონზე რეალიზაციის თავიდან არიდებაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მიუღწევადია, ვინაიდან არ არსებობს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. ამასთან, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა უკავშირდება როგორც იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ასევე - სამომავლოდ სხვა მემკვიდრეებთან მიმართებით ურთიერთობის მოწესრიგებას, იმ შემთხვევაში, თუ კასატორი მეუღლის ვალს გადაიხდის.
21. კასატორის მითითებით, ყველა მემკვიდრე თანაბრად პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალების გადახდაზე, მაგრამ, თუ მამკვიდრებელმა სიცოცხლეში მეუღლის ქონება უკანონოდ განკარგა, ამ უკანასკნელს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, ვინაიდან, მამკვიდრებელი გარდაცვლილია, კასატორი ზიანის ანაზღაურებას სხვა მემკვიდრეებს - დანარჩენ მოპასუხეებს მოსთხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მისი, როგორც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, თანასაკუთრებას წარმოადგენს სადავო, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნაწილი, რაც იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მისი მესაკუთრედ აღიარების სამართლებრივი საფუძველია.
28. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს სსკ-ის 1158-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
29. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესის გამოყენების ანუ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.
30. საქმის მასალებით, უდავოა კასატორის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობა, თუმცა გასათვალისწინებელია სსკ-ის 1160 მუხლის დანაწესი, რომელიც თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას ითვალისწინებს.
31. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას, თუმცა, ამავე მუხლის მე-2 დანაწესით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის, მაგრამ მას ეს უფლება აქვს, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით, კერძოდ, სსკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის უფლება აბსოლუტური არ არის და ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირებული პირის მიერ მეუღლეთა თანასაკუთრების (მათ შორის - მეორე მეუღლის წილის) გასხვისებისას/იპოთეკით დატვირთვისას, მეორე მეუღლის საკუთრებითი უფლებამოსილების რეალიზაცია განსაზღვრულ გარემოებაზე, კერძოდ, შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტის დადგენაზეა დამოკიდებული.
33. საკასაციო პალატა სსკ-ის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე მიუთითებს (თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც) და მათი გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება, ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, რომ შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ნასყიდობის საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ ამავდროულად ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო (შდრ. სუსგ. საქმე №ას-571-879-09, 2010 წლის 10 აპრილის განჩინება). სხვა შემთხვევაში პრეზუმირებულია, რომ რეგისტრირებული მესაკუთრე მოქმედებს მეუღლესთან ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შემძენი შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი შემძენისა და თანასაკუთრებაზე დაურეგისტრირებელი მეუღლის ინტერესთა კონკურენციისას კანონმდებლობა ზემოთ მითითებულ ნორმათა ფორმულირების გათვალისწინებით, უპირატესობას კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს.
34. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორს არცერთი სამართლებრივად წონადი და ვარგისი არგუმენტი ბანკის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არ მიუთითებია, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1160-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი დანაწესთან მიმართებით გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დასკვნები საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას შეესაბამება, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
35. საკასაციო პალატა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მათ საქმისათვის მნიშვენლობა არ აქვთ, მით უფრო, როდესაც მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგენილია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები არ ვლინდება.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-723-2019, 2019 წლის 7 ივლისის განჩინება; №ას-1246-1166-2017, 2018 წლის 28 თებერვალი; №ას-397-397-2018, 2019 წლის 19 აპრილის განჩინება; №ას-87-83-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-571-879-09, 2010 წლის 10 აპრილის განჩინება).
37. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ხ.ჯ–ვას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც.დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №10046736445, გადახდის თარიღი 30.10.2020), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე