საქმე №ას-1202-2020 31 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ჯ.შ–ძე, ც.შ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ.ბ–სა“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) და ჯ.შ–ძეს (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, მოვალე ან მსესხებელი) შორის 2012 წლის 13 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/47294 (შემდგომ - ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც 40000 ლარის კრედიტი გაიცა. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, სარგებელი წლიური 18%-ით, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ით.
2. 2012 წლის 13 დეკემბერს ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა და იპოთეკით დაიტვირთა ც.შ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ......).
3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეოდა (ხელშეკრულების 10.4. პუნქტი).
4. 2017 წლის 27 ნოემბრის მონაცემებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე 47 429.24 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 36 434.00 ლარი, პროცენტი - 45.24 ლარი და პირგასამტეხლო - 10 950.00 ლარია.
სარჩელის საფუძვლები:
5. კრედიტორმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მსესხებლისათვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 47 429.24 ლარის დაკისრება (საიდანაც ძირითადი თანხა - 36 434.00 ლარი, პროცენტი - 45.24 ლარი და პირგასამტეხლო - 10 950.00 ლარია). მოსარჩელემ, ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა მოითხოვა, ხოლო, თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი - მოპასუხეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა. მოსარჩელემ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც მოითხოვა.
მოპასუხეების პოზიცია:
6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა 2007 წლიდან მომდინარეობს და 2012 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულება ფორმალურად გაფორმდა.
7. მოპასუხეთა განმარტებით, 2007 წლის 12 ნოემბერს სს „ს.ბ–სა“ (დღევანდელი მოსარჩელე ბანკსა) და სს „დ–ს“ (შემდგომ - კომპანია) შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბანკი აგროსესხით დააფინანსებდა იმ ფერმერებს, რომლებიც კომპანიის პირობებს დააკმაყოფილებდნენ. თავის მხრივ, კომპანია ფერმერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კისრულობდა ვალდებულებას, აეღო იმდენი პროდუქცია, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ფერმერის მიერ ბანკიდან აღებული ვალდებულების დასაფარავად.
8. კომპანია შეძენილი საქონლის ღირებულების პირდაპირ გამსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულებას იღებდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაარღვევდა ვალდებულებას და ხელშეკრულების შესაბამისად არ შეიძენდა პროდუქტს, ბანკის მიმართ ფერმერის ვალდებულების დაფარვას კისრულობდა. სწორედ აღნიშნული პირობებით გაფორმდა კომპანიასა და მსესხებელს (შპს „დ–ას“ დირექტორი) შორის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა მიზნობრივი აგროსესხი 40 000 ლარი.
9. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა, ხოლო კომპანიამ - არა. ვინაიდან სესხი მიზნობრივი იყო და დაიხარჯა, მსესხებელმა ვერ შეძლო ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების გადახდა. ამის შემდეგ, ახალი ხელშეკრულება დაიდო, რაც ფაქტობრივად გამომდინარეობდა ზემოაღნიშნული გარიგებიდან. მოპასუხეს თანხა რეალურად არ მიუღია.
10. მოპასუხეების განმარტებით, მსესხებელმა 2011 წლიდან დღემდე გადაიხადა 46 000 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან ეს სესხის ღირებულებაზე მეტია, ბანკის მოთხოვნა უკანონო და დაუსაბუთებელია.
11. მოპასუხეთა მტკიცებით, ბანკის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებაც დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მსესხებელს 40 479.24 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხა - 36 434 ლარი, პროცენტი - 45.24 ლარი და პირგასამტეხლო - 4 000 ლარია) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მსესხებლის სხვა ქონების რეალიზაციის გზით. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
15. სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 867-ე, 873-ე, 868-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 429-ე, 301-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა ბანკის მოთხოვნის კანონიერებაზე.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსესხებელი სახელშეკრულებო ვალდებულებას სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად 2015 წლის 31 მარტამდე ასრულებდა, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 361-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), საფუძველს აცლის მსესხებლის განმარტებას, რომ სესხის თანხა მას რეალურად არ გადასცემია.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებმა, მათი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარუდგინეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც საკასაციო პრეტენზიას ამ ნაწილში დაუსაბუთებელს ხდის.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 268-ე მუხლის 11 ნაწილზე და განმარტა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც აპელანტთა პრეტენზიას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილშიც დაუსაბუთებელს ხდის.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
20. კასატორები შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ და დამატებით განმარტავენ, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა რეალურად 2007 წელს წარმოიშვა. ვინაიდან მსესხებელმა მოთხოვნილი სესხის თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა ახალი სესხის აღება შესთავაზა, რათა ძველი სესხი დაფარულიყო და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება არ გაყიდულიყო. მსესხებელი იძულებული გახდა, ბანკის წინადადებას დასთანხმებოდა, შესაბამისად, 2012 წლის ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს 2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
21. მსესხებლის განმარტებით, ფულადი ვალდებულება სრულად გადაიხადა, რაც სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია.
22. კასატორთა მტკიცებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების (№1/4/6/675.68.1.10.2016) თანახმად, უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
28. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
29. მოსარჩელის მოთხოვნის - სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებლისათვის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია. კერძოდ, სააპლაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული თანხა პირველ მოპასუხეს სრულად არ დაუბრუნებია და მისი დავალიანება მეოთხე პუნქტში მითითებული თანხას შეადგენდა. ამასთან, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკით. მხარეთა შეთანხმებით, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, აღსრულება მიექცეოდა მსესხებლის სხვა ქონებაზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი სესხით სარგებლობისათვის, ხოლო ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის - პირგასამტეხლო.
24. მოცემულ შემთხვევაში, კასატორთა საკასაციო პრეტენზიების თანახმად, 2012 წლის ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს 2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამასთან, მსესხებელმა ფულადი ვალდებულება სრულად შეასრულა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია.
25. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში სავსებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მსესხებლის სახელზე სესხის სახით 40000 ლარი გასცა, რომლისთვისაც გათვალისწინებულ იქნა როგორც პროცენტი, ასევე - პირგასამტეხლო (ვალდებულების შეუსრულებლობისათვის).
26. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებითაც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, საკასაციო პალატა მიუთითებს რომ როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).
27. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს“ (იხ. საქმე №ას-517-490-2014, 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესაბამისად, ვინაიდან მათთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლიეს, კანონიერად დაეკისრათ წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული თანხა.
29. კასატორთა პრეტენზიას, რომლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს 2007 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს მხარეთა შორის 2012 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა და ვერც რეფინანსირების საკითხი.
30. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებს დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სსსკ-ის 268 მუხლის 11 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
31. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შეთანხმება და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, კანონმდებელმა გაითვალისწინა ასეთი შესაძლებლობა სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცია.
32. კასატორთა მიერ მითითებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანი იყო სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც მოცემულ დავაზე გამოყენებულ სამართლებრივ ნორმას (სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილი) არაფრით უკავშირდება.
31. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორთა საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მართებულია.
32. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. №ას-773-773-2018, 2019 წლის 14 იანვრის განჩინება, №ას-312-2020, 2021 წლის 8 აპრილის განჩინება; №ას-1699-2018, 2020 წლის 30 აპრილის განჩინება).
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 2023,96 ლარის 70% – 1416.77 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.შ–ძისა და ც.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ჯ.შ–ძესა (პ/ნ .....) და ც.შ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2023,96 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 16.12.2020), 70% - 1416,77 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე