საქმე №ას-1192-2020 22 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ა. და ნ. ო–ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ჟ.ლ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და ნ. ო–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, კასატორები, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც მყიდველი ან მჩუქებელი, ხოლო, მეორე მოპასუხე _ დასაჩუქრებული) მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ.თბილისში, ..... მე-4 კორპუსში მდებარე #17 ბინაზე (ს/კ #......) პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ა. ო–მ შეიძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველმა სესხად მიიღო 70 000 ლარი, ყოველთვიურად 2.5%-ის გადახდის პირობით. თანხა სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 14 თებერვალს. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ პირველი თვის საპროცენტო სარგებელი. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
2018 წლის 25 ოქტომბერს მყიდველმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აჩუქა შვილს, მეორე მოპასუხეს, რათა თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებისათვის. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს და სესხს არ იხდის. სადავო ხელშეკრულება არ გამოხატავს მხარეთა რეალურ ნებას. არის მოჩვენებითი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ გააჩნდა ვალდებულება მოსარჩელესთან დადებული გარიგება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში, მეტიც, ნოტარიუსი ვალდებული იყო, უზრუნველეყო იპოთეკის რეგისტრაცია, ეს ფაქტი არ გადაამოწმა მოსარჩელემაც. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის ქონებაზე იყო თუ არა რეგისტრირებული იპოთეკა, ვინაიდან ასეთის არსებობის შემთხვევაშიც დასაჩუქრებულზე გადავიდოდა სესხის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იპოთეკა, შესაბამისად, 2018 წლის 25 ოქტომბერს გარიგების დადებისას მოპასუხე მოქმედებდა კეთილსინდისიერად. გარიგება არ არის მოჩვენებითი, ვინაიდან მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. მოპასუხემ განკარგა თავისი ქონება და ეს ფაქტი არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც, რეგისტრირებული იპოთეკა ახალ მესაკუთრეზე გადავიდოდა. 2018 წლის 17 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს განემარტათ, რომ იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. რეგისტრაციისთვის სავალდებულო იყო ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის საჯარო რეესტრში წარდგენა, ხოლო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაამოწმა ხელშეკრულება, იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაინტერესებული პირის განცხადების მიღების რეგისტრაცია, თუ ეს პირი არ არის ნოტარიუსის მიერ განცხადების მიღების რეგისტრაციის წინააღმდეგი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა არა მოპასუხის მხრიდან რაიმე დარღვევა, არამედ ნოტარიუსის მხრიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ბრალეული დარღვევა, რაც ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საფუძველია;
2.2. მეორე მოპასუხემ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის კუთხით ასევე მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ გარიგება შედგენილია კანონის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ.თბილისში, ..... მდებარე #17 ბინაზე და მჩუქებელი ცნობილი იქნა ამავე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2018 წლის 25 ოქტომბერს ა. ო–სა და ნ. ო–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ო–მ, „მჩუქებელმა“ ნ. ო–ს „დასაჩუქრებულს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #.....);
1.2.2. 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე;
1.2.3. მჩუქებელს ოქტომბრის თვეში უნდა გადაეხადა 2018 წლის 14 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხისთვის გათვალისწინებული სარგებელი, რაც მას არ გადაუხდია. მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, სადაც აღმოაჩინა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;
1.2.4. 2018 წლის 14 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო დავალიანება პირველი მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. დასაჩუქრებულისათვის ცნობილი იყო, რომ მამამისს შესასრულებელი ჰქონდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება;
1.2.5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-20 პუნქტის თანახმად, იპოთეკა წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, რეგისტრაციისთვის სავალდებულოა საჯარო რეესტრში შესაბამისი განცხადებით ამ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის წარდგენა, ხოლო, 26-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება შედგა ქართულ ენაზე ოთხ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, ერთი დარჩა ნოტარიუსის არქივში, ერთი განკუთვნილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისთვის, ხოლო, დანარჩენი ორი გადაეცათ მხარეებს. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნდა არა მოსარჩელეს, არამედ ნოტარიუსს, რომელმაც დაამოწმა ხელშეკრულება;
1.2.6. მოპასუხეები არიან მამა-შვილი, ცხოვრობენ ერთ ოჯახში, ეწევიან ერთ საოჯახო მეურნეობას, რეგისტრირებული არიან ერთსა და იმავე მისამართზე. მჩუქებელი კვლავ აგრძელებს გაჩუქებული ნივთის ფლობასა და სარგებლობას;
1.2.7. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე პირველ მოპასუხეს ფულადი ვალდებულება უნდა შეესრულებინა მოსარჩელის წინაშე, ხოლო მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, 2018 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იქნა შვილზე. მოპასუხეებს არ დაუმტკიცებიათ ის ფაქტი, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის მიუხედავად არსებობდა მისი საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება და დასაჩუქრებულმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ აღნიშნული ქონების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ნ. ო–მ იცოდა ა. ო–ძის ფულადი ვალდებულების შესახებ. მამა-შვილს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების განზრახვა განპირობებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილიყო, ა. ო–ძის ვალდებულება შეუსრულებელი და ამით მიეღოთ მოპასუხეებს ქონებრივი სარგებელი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, 524-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მოპასუხეს არ შეუსრულებია, ამასთანავე, მან განკარგა საკუთარი ქონება _ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა შვილს. იმ პირობებში, როდესაც ჩუქების ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, ცხოვრობენ ერთად, მათთვის ცნობილია ვალდებულების არსებობის თაობაზე და ჩუქების მიუხედავად, მჩუქებელი კვლავ ფლობს ნივთს, მართებულია იმ პრეზუმფციის დაშვება, რომ ჩუქება მხოლოდ მოსაჩვენებლად დაიდო და მიზნად ისახავდა ვალდებულების შესრულებისაგან მსესხებლის მიერ თავის არიდებას. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცება მოპასუხეს ეკისრება. რაიმე დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც ჩუქების ნამდვილი ნების და მისი არა ფორმალურ-სამართლებრივი არამედ _ ფაქტობრივი შედეგის დადგომას დაადასტურებდა, კასატორებს არ მიუთითებიათ, ამ პირობებში კი, გამართლებულია კრედიტორის იურიდიული ინტერესი ქონების მოვალის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, რათა მას შეექმნას ვალდებულების აღსრულების მატერიალური საფუძველი. რაც შეეხება იმ ფაქტს, ეკისრებოდა თუ არა მოსარჩელეს იპოთეკის უფლების რეგისტრაციის ვალდებულება, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას თუმცა, მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა პასუხისმგებლობაზე ნოტარიუსის მიერ დაშვებული დარღვევა გავლენას ვერ იქონიებს. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორები ვერ ამტკიცებენ მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოჩვენებითი გარიგების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-571-879-09; №ას-1347-1272-2012). კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ა. ო–ძის მიერ 13.11.2020წ. #10108984357 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 982,57 ლარის 70% _ 2 787,799 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. და ნ. ო–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს ა. ო–სა (პ/#.....) და ნ. ო–ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ა. ო–ძის მიერ 13.11.2020წ. #10108984357 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 982,57 ლარის 70% _ 2 787,799 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი