საქმე №ას-919-2020 26 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.ლ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ–ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 31 მაისს გაცემულ #190620792 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ძირი თანხის 21 600 ლარით განსაზღვრა, პროცენტის _ 840 ლარის გაუქმება და პირგასამტეხლოს სესხის ძირი თანხის 0.1%-ით განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 28 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის #171268906 ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკარმა ნ.ჯ–ამ მოსარჩელეს ასესხა 33 600 ლარი, რის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ქონება (ს/კ #.....). მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს - 840 ლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი ვალდებულებას შეასრულებდა 2019 წლის მაისში. აღნიშნული შეთანხმება მოიცავდა ასევე დათქმას 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის მაისამდე ყოველთვიურ შენატანზე 1 000 ლარის ოდენობით, რომლითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა. აღნიშნული შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო წერილობით, თუმცა დაიდო ზეპირსიტყვიერად. ერთი წლის მანძილზე, შეთანხმებისამებრ, მოსარჩელე კრედიტორს ხელზე უხდიდა 1 000 ლარს. 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 28 აპრილის ჩათვლით მოვალემ საერთო ჯამში გადაიხადა 12 000 ლარი.
2019 წლის მაისში კრედიტორმა მოითხოვა 33 600 ლარისა და 2019 წლის მაისის სარგებლის - 840 ლარის გადახდა. მან მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა 2019 წლის 31 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი #19062072, სადაც ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა განისაზღვრა 33 600 ლარით, სარგებელი - 840 ლარით, ხოლო 2018 წლის 28 აპრილიდან მის აღსრულებამდე პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2019 წლის 5 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს ძირი თანხის 5 თვის ყოველთვიური სარგებელი 2.5%, 840 ლარი, ჯამურად _ 4 200 ლარი. მხარეებს შორის ზეპირი ფორმით რაიმე შეთანხმება არ ყოფილა. სესხის ძირი თანხის 33 600 ლარის ყოველთვიური 0,05% ვადაგადაცილებულ 402 დღეზე (2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულების დაწყებამდე - 2019 წლის 5 ივნისამდე) მთლიანობაში შეადგენს 6 753,6 ლარს, რასაც ცნობს მოპასუხე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2019 წლის 31 მაისს გაცემულ #190620792 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 0,05%-ით ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2017 წლის 28 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 33 600 ლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,5% სარგებლის დარიცხვით. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #......);
1.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დაუბრუნებლობის შემთვევაში) მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით;
1.2.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო, მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად;
1.2.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 31 მაისს ნოტარიუსმა გასცა #190620792 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროა 2018 წლის 28 აპრილი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით _ 33 600 ლარით, დარიცხული ერთი თვის სარგებლით _ 840 ლარით, პირგასამტეხლოთი _ 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე. აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
1.2.5. კერძო აღმასრულებლის ერეკლე ღვინიანიძის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით (A19088466-..) მოვალეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და კრედიტორის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად კრედიტორის მოთხოვნა შეადგენდა 48 074,64 ლარს;
1.2.6. მოვალეს კრედიტორისათვის გადახდილი აქვს 4 200 ლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელი წარმატებულია, თუკი დადგინდება მხარეთა შორის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად აქვს შესრულებული მოვალეს და სწორედ შესრულების პროპორციულად შეწყდა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობაზე, სესხის ვადაზე, დაბრუნების წესზე, სარგებელსა და უზრუნველყოფის საშუალებაზე მხარეები შეთანხმნენ, თუმცა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს და აიღო სააღსრულებო ფურცელი. სწორედ ამ სააღსრულებო ფურცელში სურს მოვალეს ცვლილების შეტანა და განმარტავს, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მან ნაწილი შეასრულა, რითაც შეწყდა ვალდებულება. საკასაციო პალატა, უპირველესად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია სანოტარო ფორმით, სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე და 328-ე მუხლების თანახმად, ამ გარიგებაში ცვლილების შეტანა ამავე ფორმით უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ფორმადაუცველია და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილად მიიჩნევა. ასეც რომ არ იყოს, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებაში ცვლილების ზეპირად შეთანხმებას უარყოფს მოპასუხე, მოსარჩელე ვალდებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სარწმუნოდ დაამტკიცოს იგი. გარდა ამისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ ის ხელზე უხდიდა თანხას კრედიტორს, რასაც არ ეთანხმება ეს უკანასკნელი, შესაბამისად, მოვალეს ეკისრება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სავალო საბუთის წარდგენის ვალდებულება. ამგვარი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს, ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია, რომ იგი ემყარება არა მტკიცების პროცესს, არამედ _ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობას და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რის გამოც ხსენებული გავლენას ვერ მოახდენს ვალდებულების სადავო ნაწილის შესრულებულად მიჩნევის საკითხზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწოფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი