საქმე №ას-311-2021 25 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს ,,მ.ს. თ.ბ–ი’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჰ.ჰ. - H. H." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლისა და იმავე სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ჰ.ჰ. - H. H.“-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „მ.ს. თ.ბ–ის“ (სს „ე.ჰ. ე.ბ.ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის შეთანხმებით გათვალისწინებული თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 15000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 8325 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება -1738 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. მოსარჩელემ 2021 წლის 03 თებერვალს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, 23 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში; ასევე, მოპასუხისათვის მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა: ქალაქი ბათუმი, ......, ფართი N1001 (მშენებარე, სართული 10, 24.50 კვ.მ.), ს.კ. .....; ქალაქი ბათუმი, ......, ფართი N1003 (მშენებარე, სართული 10, 35.28 კვ.მ.), ს.კ. ......; ქალაქი ბათუმი, ....., ფართი N1004 (მშენებარე, სართული 10, 36.13 კვ.მ.), ს.კ. .......
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 23 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, თუმცა ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხების არაუმეტეს 50%-ისა; მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების: ს.კ. ......, ს.კ. .......,ს.კ. ......, გასხვისება.
7. მოპასუხემ საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი. მან მოითხოვა განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს და რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების: ს.კ. ........, გასხვისება.
8. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია თანაზომიერების/ პროპორციულობის პრინციპი და არ არის დაცული სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებებსა და მოპასუხის ინტერესებს შორის. მოპასუხის ანგარიშებზე გამოყენებული ყადაღა უდიდეს დაბრკოლებას უქმნის მას ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში;
8.2. გარდა მოცემულ საქმეზე გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებით მოპასუხეს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, აკრძალული აქვს შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება: ს.კ. ..... და ს.კ. .......;
8.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, ასევე, იმავე სასამართლოს მიერ სხვა, ორ დამოუკიდებელ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებით, მოპასუხეს ჯამში დაკისრებული აქვს 59 406 აშშ დოლარისა და 6016,84 ლარის გადახდა;
8.4. 2021 წლის 12 თებერვალს საჩივრის ავტორმა მიმართა საშემფასებლო კომპანიას - შპს „ქ.შ.ჯ–ს“, რათა შეეფასებინა მისი კუთვნილი უძრავი ქონების (ს.კ. ......) საბაზრო ღირებულება. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება განხორციელდა 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით. შეფასების დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა: 1 კვ.მ. – 1458 აშშ დოლარი; 35.28 კვ.მ. 51 000 აშშ დოლარი. საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ცდომილება არ აღემატება15%-ს;
8.5. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე სამივე ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავას ნეგატიური შედეგით დაასრულებს, მას დაეკისრება 59 406 აშშ დოლარისა და 6061.84 ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების: ს.კ. ......, 1 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება საექსპერტო დასკვნით განისაზღვრა 1458 აშშ დოლარით, უძრავი ქონების: ს.კ. ......, საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 35 721 აშშ დოლარით. შესაბამისად, ერთობლივად ამ ორი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სრულად ფარავს სამივე მოსარჩელის მოთხოვნებს;
8.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად სამართლიანი და ობიექტურია, რომ მოპასუხეს აეკრძალოს მხოლოდ ორი უძრავი ქონების (ს.კ. ...... და ს.კ. .......) გასხვისება. ამ გზით დაცული იქნება სამივე მოსარჩელის ინტერესი და, ასევე, საფრთხე არ შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მოპასუხის კუთვნილი ორი უძრავი ქონება, (ს.კ. ....... და ს.კ. ......), მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფდა, როგორც მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების, ასევე, სხვა სამოქალაქო დავაზე მოპასუხის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას.
11. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის კუთვნილი სამივე უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით ბანკის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად და მათზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან მიმართებით, გამოყენებული იყო ადექვატური უზრუნველყოფის ღონისძიება. მისი განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ის სამართლებრივი გარანტიებია შექმნილი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს ზემოთ მითითებული არგუმენტის საწინააღმდეგოდ რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია, მას არ წარმოუდგენია ინფორმაცია საბანკო თუ საგადასახადო ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
13. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებელად მიიჩნია საჩივრის ავტორის მითითება საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის დაყადაღებით კომპანიისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ყადაღა დაედო არა იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებს, არამედ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ამასთან, იმგვარად, რომ მოპასუხეს დარჩა ანგარიშზე არსებული ან/და ჩარიცხული თანხის 50 %-ის თავისუფლად განკარგვის უფლება. შესაბამისად, ანგარიშებზე განთავსებული მთლიანი ფულადი სახსრების ბლოკირება, რასაც სამეწარმეო საქმიანობისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, არ განხორციელებულა. მოპასუხეს გააჩნია შესაძლებლობა განკარგოს ანგარიშებზე არსებული თანხის გარკვეული ნაწილი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და მესამე პირთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არ დარღვეულა მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადექვატური და მიზანშეწონილია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს და რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების: ს.კ. ......, გასხვისება.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
22. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში დაეკისრა - 23 325 აშშ დოლარისა და 1738 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ......; ს.კ. ......; ს.კ. ......) გასხვისება, ასევე, ყადაღა დაედო საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 23 325 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში, თუმცა ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხების არაუმეტეს 50%-ისა.
25. მოპასუხე წარდგენილი საჩივრით ითხოვს მისი კუთვნილი უძრავი ქონების: ს.კ. ....., გასხვისების აკრძალვის გაუქმებას, ასევე, ყადაღის გაუქმებას მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე. მოპასუხემ წარადგინა 12.02.2021წ. შეფასების ანგარიში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად, მისი კუთვნილი უძრავი ქონების: ს.კ. ......., საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა: 1 კვ.მ. 1458 აშშ დოლარი, ხოლო 35.28 კვ.მ. ფართის სრული საბაზრო ღირებულებაა 51 000 აშშ დოლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ორი უძრავი ქონების: ს.კ. ...... და ს.კ. ......, საბაზრო ღირებულება სრულად უზრუნველყოფს არა მხოლოდ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების, არამედ მის მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასაც.
26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მითითებას და ყურადღებას მიაქცევს შედეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის კუთვნილ სამივე უძრავ ქონებაზე (ს.კ. ....; ს.კ. ......; ს.კ. .......) რეგისტრირებულია იპოთეკა სს „ტ–ისა“ და სს „ბ–ის“ სასარგებლოდ; უძრავ ქონებებზე: ს.კ. ...... და ს.კ. ......., სასამართლოს 01.10.2020წ. განჩინებების საფუძველზე, რეგისტრირებულია აკრძალვა; მოპასუხის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; როგორც საჩივრის ავტორი თავად განმარტავს, მას მოცემულ საქმეზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სხვა, ორ დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს ჯამში 59 406 აშშ დოლარისა და 6016,84 ლარის გადახდის ვალდებულება.
27. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის კუთვნილი მხოლოდ ორი უძრავი ქონებით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან გარდა სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ფულადი ვალდებულებებისა, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს გააჩნია სხვა ფინანსური ვალდებულებებიც ბანკისა და საგადასახადო ორგანოს მიმართ, რომლებიც, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებთან შედარებით უპირატესად დასაკმაყოფილებელ მოთხოვნებს წარმოადგენს (მათი აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა). ამასთან, საჩივრის ავტორს არ დაუსაბუთებია კონკრეტულად რა დაბრკოლებას უქმნის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში.
28. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისება, ხოლო საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ყადაღა დაედო მხოლოდ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ფარგლებში, თანაც იმგვარად, რომ მას დარჩა უფლება თავისუფლად განკარგოს ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხების არაუმეტეს 50%-ისა. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილია სხვაგვარად გამოიყენოს უძრავი ქონება, მაგალითად დატვირთოს სანივთო უფლებებით, ასევე, ისარგებლო მის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაწილით სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ვალდებულებების შესასრულებლად.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა და, ზოგადად, მისი ვალდებულებების გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ადექვატური ღონისძიებაა გამოყენებული და მისი გამოყენებით არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „მ.ს. თ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლისა და იმავე სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი