Facebook Twitter

საქმე №ას-1435-2020 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ბოლნისის რაიონის სოფ. ....... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: .......) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლი არ წარუდგენია.

3.საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

3.1. შესაგებლის წარუდგენლობის გამო 2019 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

4.მოპასუხის საჩივარი

4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5.საქალაქო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7.სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით;

7.2.2. სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოპასუხეს გაეგზავნა მისამართზე ქ. თბილისი, ...... (იხ. ტ. 1. ს.ფ 51-52);

7.2.3. ზემოაღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი კორესპოდენცია 2019 წლის 28 ივნისს ჩაიბარა მოპასუხის სრულწლოვანმა შვილმა, თ.გ–ძემ (იხ. ტ. 1. ს.ფ 52)

7.2.4. სარჩელზე წერილობითი პასუხი (შესაგებელი) მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

7.2.5. დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-73-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე გზავნილის მიტანის მომენტში მისამართზე არ იმყოფებოდა, კორესპოდენციის სრულწლოვანი წევრისთვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისთვის ჩაბარებას უთანაბრდება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხეს კორესპოდენცია არასწორ მისამართზე გაეგზავნა. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის პრეტენზია გზავნილის სათანადო წესით ჩაუბარებლობის თაობაზე.

7.4. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 230-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, სარჩელის თანახმად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, რომელსაც არამართლზომიერად ფლობდა მოპასუხე. შესაბამისად, არსებობდა უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისი მოსარჩელისთვის გადაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

7.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო ქონება მის მფლობელობაში არ იმყოფებოდა, იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების შესაგებელში მითითების მოვალეობა ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მითითება ვერ მოახდენდა გავლენას სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

8.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ვინაიდან სარჩელი თანდართული მასალებით თავად მოპასუხეს არ ჩაბარებია, იგი ვერ წარადგენდა შესაგებელს.

8.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ის პრეტენზიაც, რომ იგი საქმეში არასათანადო მხარეა, ვინაიდან სადავო ქონებას არ ფლობს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

8.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა აპელანტის მოთხოვნა საქმის განხილვის ფორმასთან დაკავშირებით და არასწორად განიხილა იგი ზეპირი მოსმენის გარეშე.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ. სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა სადავო.

14. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;

გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ საქმე #ას-ას-538-511-2014 , 24 დეკემბერი, 2015 წელი).

17. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

18. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

19. განსახილველ დავაში კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან მას პირადად არ ჩაბარებია სარჩელი თანდართული მასალებით, ვერ წარადგენდა შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა აპელანტის მოთხოვნა საქმის განხილვის ფორმასთან დაკავშირებით და არასწორად განიხილა იგი ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მხარის მითითება მისი არასათანადო მოპასუხეობის შესახებ, რაც კასატორის მოზარებით, წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

20. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბრების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ქ. თბილისში, ...... მოპასუხისთვის გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით ჩაიბარა მისმა სრულწლოვანმა შვილმა, თ.გ–ძემ. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ გზავნილში მითითებული მისამართი მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.

22. კასატორის მითითება, რომ ვინაიდან მას უშუალოდ არ ჩაბარებია სარჩელი, შესაგებელსაც ვერ წარადგენდა, ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინებებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად. როგორც ზემოთ აღინიშნა სსსკ 74-ე მუხლის დანაწესი სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადრესატის არყოფნისას მისი ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება ჩათვალოს ადრესატის ინფორმირებად, შესაბამისად, ვინაიდან თავად კასატორი სადავოდ არ ხდის მის სახელზე გაგზავნილი კორესპოდენციის მისი ოჯახის სრულწლოვანი პირის (შვილის) მიერ მიღების ფაქტს, საფუძველი ეცლება შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობის მითითებასაც.

23. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა ასევე მოპასუხის განცხადება, რომ სასამართლოებმა არ გაიზიარეს საჩივარში მითითებული მსჯელობა მისი არასათანადო მოპასუხეობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან მოპასუხეს ამ გარემოების შესაგებელში მითითების მოვალეობა ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მასზე აპელირება გავლენას ვერ მოახდენდა სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე.

24. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხე სათანადო მხარეს საქმეში, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

25. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ბოლნისის რაიონის სოფ. ....... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: .......), რომელსაც უსაფუძვლოდ ფლობს მოპასუხე. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო ფლობელობიდან მისი უძრავი ქონების გამოთხოვა.

26. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სსკ 170-ე-172-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

28. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის მესამე ნაწილი და ადგენს, რომ თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-1809-2019, 31 იანვარი, 2020 წელი; საქმე №ას-1924-2018, 17 იანვარი, 2019 წელი; საქმე №ას-1608-2018, 30 ნოემბრი, 2018 წელი).

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე № ას-473-441-2017, 3 ივლისი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 (ას ხუთი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი.გ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ა–ძის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N10342592834, გადახდის თარიღი 2021 წლის 12 იანვარი), 70% – 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე