Facebook Twitter

3გ-ად-131-კ-02 14 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.10.02წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის, ფ. ლ-ას, აგრეთვე სს “თ-ის” და მისი ფილიალის საკასაციო საჩივრები; სს “თ-ის” და სს “თ-ის” ქუთაისის ფილიალისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდის და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს “საგანგებო ლეგიონისათვის”, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს “საგანგებო ლეგიონის” იმერეთის რეგიონალური განყოფილებისათვის, სს “თ-ისა” და სს “თ-ის” ქუთაისის ფილიალისათვის სოლიდარულად მორალური ზიანის 20 ათასი ლარის მოსარჩელე გ. ხ-ის და ფ. ლ-ას სასარგებლოდ გადახდის და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.02.02.წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს “ც-ის”, გ. ხ-ის, ფ. ლ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეების გ. ხ-ისა და ფ. ლ-ას სასარგებლოდ სს “თ-ს” და სს “თ-ის” ქუთაისის ფილიალს დაეკისრათ 2164 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეებს ეთქვათ უარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.02.02წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

შპს “ც-ის” დამფუძნებლებმა გ. ხ-ემ და ფ. ლ-ამ 01.04.03წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართვეს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნიეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობა და ქუთაისის საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის გ. ქ-ის წერილი. განმცხადების ავტორებმა ასევე მიუთითეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ცრუ მოწმის ა. ა-ის ჩვენებებს, რომლის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ზ” პუნქტის იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ გადაწყვეტილება გამოტანილია იგივე მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ სასამართლომ კანონმდებლობის დარღვევით საქმე განსახილველად არ გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ც-ის” დამფუძნებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მითითებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას განმცხადებლის მიერ სსკ 394-ე მუხლის “ზ" ქვეპუნქტზე მითითება მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან აღნიშნული ქვეპუნქტი ეხება მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში ერთი და იგივე საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობას, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი, საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის “ვ" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვა დასაშვებია, თუკი მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექპსერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის ¹254117 ცნობა დათარიღებულია 20.07.01წ., ხოლო ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გ. ქ-ის მიმართვა 02.07.01წ., საქმეზე კი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 04.10.02წ., ამდენად, ამ მტკიცებულებების ახლად აღმოჩენილ გარემოებად ცნობისათვის სავალდებულო იყო ამ დოკუმენტების საქმის განხილვის დროს წარუდგენლობის მიზეზების განმარტება. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ შეიცავს რაიმე მითითებას აღნიშნულის თაობაზე. გარდა ამისა, მითითებული დოკუმენტაციის შინაარსი არ იძლევა საქმის წარმოების განახლების საფუძველს, ვინაიდან ექსპერტის ცნობა არის სარეკომენდაციო ხასაითის და არ ცვლის საქმეზე დადგენილ გარემოებებს, ხოლო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიმართვა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან წინააღდმეგ ბრძოლის განყოფილების უფროსისადმი წარმოადგენს შპს “ც-ებთან" დაკავშირებით საგადასახადო ინსპექციის მიერ გაწეული სამუშაოს აღწერას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული დოკუმენტები საქმის განხილვის დროს რომც ყოფილიყო ცნობილი იქნებოდა სასამართლოსათვის, არ გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება მოწმის ა. ა-ის ცრუ ჩვენებას და რომ მის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოში იხილება სისხლის სამართლის საქმე, აღნიშნული არგუმენტი არ პასუხობს სსკ-ს 423-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენებას, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, არ მოჰყოლია საქმეზე უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება საქმის დიდი პალატის სხდომაზე განხილვისათვის გადაცემას, აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არ წარმოადგენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ხ-ის და ფ. ლ-ას განცხადება არ აკმაყოფილებს სსკ-ს 422-ე, 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.02წ. გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ამდენად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ხ-ისა და ფ. ლ-ას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.