№ას-386-2021 27 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „თ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „თ.ბ–ი“, შპს „თ.ბ–ი ი.ჯ–ი“
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ.ჭ–ა, თ.ბ–ა, ხ.ქ–ა, მ.ც.ა, გ.გ–ძე, ე.ჯ–ა, დ.გ–ი, ა.ს–ვა, დ.მ–ა, მ.გ–ა, ს.კ–ა, გ.ა–ძე, ი.ჯ–ა, მ.მ–ვა, ლ.კ–ა, ლ.ფ–ა, ნ.ტ–ძე, თ.მ–ა, თ.გ–ა, მ.ყ–ი, გ.ბ–ი, ა.ჟ–ა, ვ.ქ–ა, რ.ნ–ა, ნ.გ–ა, დ.ფ–ა, ლ.მ–ა, ფ.ი–ა, ნ.ჩ–ა, ლ.ღ–ა, ლ.წ–ა, ე.შ–ა, ბ.ტ–ა, დ.ჭ–ა, ე.ქ–ა, მ.ჯ–ა, ი.კ–ა, ე.წ–ა, ნ.ხ–ა, ა.გ–ა, ი.გ–ა, ლ.შ–ა, ა.ი–ა, ლ.ს–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,თ.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,თ.ბ–ისა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს ,,თ.ბ–ი ი.ჯ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ მიმართა სარჩელით, რომლითაც მოპასუხეთა შორის 2014 წლის 30 იანვარს დადებული საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, კასატორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო მოპასუხეთა შორის 2014 წლის 30 იანვარს დადებული საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, მეორე მოპასუხისათვის გადაცემული იმ გაუსხვისებელი ფართების ნაწილში, რომელზეც დავის პროცესში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადის დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ბ) 8 000 (რვა ათასი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადის დაცვით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
10. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 19 აპრილს (ტ. 6, ს.ფ. 485).
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 20 აპრილს და ამოიწურა 2021 წლის 26 აპრილს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენის ბოლო დღე - 24 აპრილი დაემთხვა უქმე დღეს). ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გ.მიქაუტაძე