Facebook Twitter

საქმე №ა-1800-შ-46-2021

19 აპრილი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.თ–ძე

განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსარჩელე მ.თ–ძესა და მოპასუხე თ.ტ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.თ–ძემ და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.თ–ძეს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვეობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის (შუამდგომლობის ავტორის) იურიდიული ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების ცნობასთან დაკავშირებით სამართლებრივი ინტერესის არსებობის შესახებ არ უთითებს და მას ვერ ასაბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს (შუამდგომლობას) უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით: უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილია მინდობილობა, რომლითაც მ.თ–ძემ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადასცა კ.თ–ძეს, კ.თ–ძესა და ა.თ–ძეს. აღნიშნული მინდობილობით მ.თ–ძის მარწმუნებლებს მინიჭებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირებზე გადანდობის უფლებაც.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ორდერი, რომლითაც ადვოკატი გ.ძ–ი უფლებამოსილია იყოს მ.თ–ძისა და კ.თ–ძის წარმომადგენელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებებულ ორდერში სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილება სარჩელის აღძვრის შესახებ აღნიშნული არ არის და შესაბამისად ორდერის შინაარსიდან არ იკვეთება სარჩელის (შუამდგომლობის) აღძვრის უფლებამოსილება კ.თ–ძემ, როგორც მ.თ–ძის მარწმუნებელმა, გადასცა თუ არა გ.ძ–ს. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით წარმოდგენილი ორდერის საფუძველზე გ.ძ–ი არაა უფლებამოსილი მ.თ–ძის სახელით აღძრას განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

მ.თ–ძის შუამდგომლობა ასევე ხელმოწერილია კ.თ–ძის მიერ, თუმცა ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე კ.თ–ძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს, რადგან იგი არ არის ადვოკატი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის მოთხოვნებს, მ.თ–ძეს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.თ–ძეს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე ეთქვას უარი;

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე