საქმე №ას-1303-2020
5 მარტი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,C.’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ჟ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,C.’’-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ჟ–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
შ.ჟ–ამ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,C.’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებით შპს ,,C.’’-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,C.’’-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ი.ჩ–ძის სახელზე გაცემული განახლებული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მითითებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 იანვირს განჩინებით შპს ,,C.’-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
2021 წლის 23 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.მ–ამ და მოითხოვა შპს ,,C.’-ისათვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრისა და 2021 წლის 26 იანვრის განჩინებების წარმომადგენელ ი.ჩ–ძისათვის გაგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
2021 წლის 23 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორისათვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრისა და 2021 წლის 26 იანვრის განჩინებები ჩაიბარა ლ.მ–ამ, ხოლო მან აღნიშნული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა ვერ მოახერხა. ლ.მ–ა ითხოვს 2020 წლის 11 ნოემბრისა და 2021 წლის 26 იანვრის განჩინებების კასატორის წარმომადგენლისათვის გაგზავნას. (განცხადებაზე თანდართულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრისა და 2021 წლის 26 იანვრის განჩინებები).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ.მ–ას განცხადება და მასზე თანდართული მასალა უნდა დარჩეს განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.მ–ას მიერ 2021 წლის 23 თებერვალს წარმოდგენილი განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე