Facebook Twitter

4 მარტი, 2021 წელი,

საქმე №ას-143 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან თავდები) ნაწილობრივ ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებას სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ.თ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, კრედიტის ამღები ან მსესხებელი), მეორე მოპასუხესა და მ.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან თავდები) (თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 6500 ლარის ფარგლებში) - 5651.59 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, რაიონული სასამართლოს მიერ მოთხოვნა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მისი არაგონივრულობა ნათელია, შესაბამისად, 227 ლარამდე უნდა შემცირდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. ბანკს, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2015 წლის 13 ოქტომბერს დაიდო თავდებობაზე წერილობითი შეთანხმება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მომავალი სასესხო ვალდებულებები. სახელდობრ, თავდებობა უზრუნველყოფდა სამომავლოდ, თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი თვის ვადაში პირველ მოპასუხესთან 5000 ლარის სესხად გაცემაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, მათ შორის მასზე დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ჯამურად - 6500 ლარს (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 24;26, ტ.1).

5.4. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა თავდებობით უზრუნველყოფილი თანხა - 5 000 ლარი 12 თვით 2016 წლის 1 ნოემბრამდე. კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეადგენდა 2,33%-ს, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირითადი თანხის 5%-ს, არანაკლებ 2 ლარს, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირითადი თანხის 0.27%-ს, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. კრედიტის მოქმედების პერიოდში მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 20-21, ტ.1).

5.5. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, 2017 წლის აპრილის მდგომარეობით დავალიანება - 7471.59 ლარია, კერძოდ, ძირითადი თანხა - 5 000 ლარი, პროცენტი - 174.52 ლარი, დაზღვევა - 22.07 ლარი და ჯარიმა - 2275 ლარი.

6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სესხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობით ვალდებულებებისათვის), 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892.1. მუხლი მიიჩნევს თავდების წერილობით განცხადებას (თანხმობას) და შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ნორმის მიზანი თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის გაზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ-ის 898.1 მუხლი).

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ის 464-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება, ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებაში რაოდენობრივადაა გაწერილი თავდებების პასუხისმგებლობის ზღვარი და მისი ჯამიც.

9. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და 227 ლარამდე ითხოვს მის შემცირებას.

9.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ამ პრეტენზიას, მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

9.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირგასამტეხლო - 455 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით; შესაბამისად, მისი დამატებით შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარისა (საგადახდო დავალება #9167896046, გადახდის თარიღი 09.03.2020წ) და 250 ლარის (საგადახდო დავალება #24100711, გადახდის თარიღი 20.08.2020), ჯამურად 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.მ–ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარისა (საგადახდო დავალება #9167896046, გადახდის თარიღი 09.03.2020წ) და 250 ლარის (საგადახდო დავალება #24100711, გადახდის თარიღი 20.08.2020), ჯამურად 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე