Facebook Twitter

საქმე №ას-457-2020 29 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. და ი. მ–ები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქობულეთში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, სადავო უძრავი ქონება ან საზიარო საგანი), რეგისტრირებულია მ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი), დოდო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) მ–ების თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონების 1/2 წილი მოსარჩელეს, ხოლო, ჩუქების ხელშეკრულებით, 1/4-1/4 წილი მოპასუხეებს ეკუთვნით (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 28 მაისის #003603519 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონებიდან 1/2-ისა და 1/4-1/4-ის ერთგვაროვანი ნაწილების იზოლირებულად გამოყოფა, უძრავი ქონების ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია (იხ. ექსპერტიზის დასკვნა).

3. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2018 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, ამასთან, იშუამდგომლა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოთხოვნის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა საზიარო უფლება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 311-ე, 312-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე და 964-ე მუხლები.

6. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი უარყოფილ იქნა;

7.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და დაადგინა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგები თანხის განაწილებით, მაშინ, როცა მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ საზიარო საგნის ნატურით გაყოფით გაუქმება იყო.

8. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლო მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდენია, რადგან მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების დაცვის მიზნით საზიარო უფლების გაუქმება იყო და, ვინაიდან ნატურით გაყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა, სასამართლომ მატერიალურსამართლებლივ ნორმებზე დაყრდნობით, მის მიერ ტრანსფორმირებული მოთხოვნის საფუძველზე, დაადგინა უფლების გაუქმება აუქციონის წესით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ/კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საზიარო უფლების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 964.1 (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

12. ზემოაღნიშნული ნორმებით, განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება და ამისთვის ამ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.

13. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნაც, რაც მას ნებისმიერ დროს შეუძლია. ამასთან, როცა მხარე მოითხოვს საზიარო საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმებას, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი მთავარი წინაპირობა: საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უნდა გამოირიცხებოდეს. საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა/შეუძლებლობაზე დათქმას შეიცავს სსკ-ის 963-ე მუხლი (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე). აქედან გამომდინარე, საზიარო უფლების ნატურით გაყოფის წინაპირობა მაშინ იარსებებს, როცა შესაძლებელი იქნება საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო, თუ ამგვარი გაყოფა შეუძლებელია, მაშინ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა გამორიცხულია. შესაბამისად, ასეთ დროს საზიარო უფლება შეიძლება, გაუქმდეს საზიარო საგნის გაყიდვით და თანამესაკუთრეთა შორის ამონაგების განაწილებით.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებმა საქმეში დაცული ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ვერც საკუთარი ახსნა-განმარტებით, ვერ გააქარწყლეს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 961-ე, 964-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას, საქმის მასალებით კი, დადასტურებელია, რომ სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია (იხ. ექსპერტიზის დასკვნა). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სსსკ-ის 248-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლების გაცდენად ვერ მიიჩნევა მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგები თანხის მათ შორის წილების შესაბამისი განაწილებით. ამასთან, მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (იხ. სუსგ 2016 წლის პირველი მარტის საქმე №ას-39-39-2016, 2014 წლის 31 ივლისის საქმე Nას-67-65-2014, 2015 წლის 20 ივლისის საქმე №ას-774-741-2014, 2015 წლის 29 ივნისის საქმე №ას-59-58-2014).

16. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: “სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.

17. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმებისა და საკუთრებაში კუთვნილი წილის კომპენსაციის მიღების თაობაზე და იგი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (საქმე #ას-1148-1194-2014, 19.03.2015 წ.).

18. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას.

ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით.

მას შემდეგ რაც სასამართლო სარწმუნოდ დაადგენს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას, მოსარჩელის მოთხოვნის დაზუსტება იმგვარად, რომ ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობის პირობებში საზიარო უფლების გაუქმება მოხდეს ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, არ წარმოადგენს სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლას. აღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნის დაზუსტება, უფრო მეტიც, მითითებული მოთხოვნის დაზუსტებაზე უარი ანუ მითითებული მოთხოვნის სასარჩელო მოთხოვნის შეცვლად დაკვალიფიცირება გამოიწვევს სამართალწარმოებათა დუბლირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე ნაცვლად იმავე სამართალწარმოებაში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა, ვალდებული იქნება, აღძრას ახალი სარჩელი იმავე მოთხოვნით არა ნატურით გაყოფის, არამედ ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

პალატას მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა ერთია - საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო მისი განხორციელების მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებებია ნატურით გაყოფა და რეალიზაცია. შესაბამისად, ერთსა და იმავე მოთხოვნის პირობებში მოთხოვნის დაკმაყოფილების წესის დაზუსტება სასარჩელო მოთხოვნის შეცვლად ვერ ჩაითვლება. (საქმე #ას-1653-1550-2012, 15.04.2013 წ.)

ზემომოხმობილი მსჯელობის და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით, ვინაიდან, როგორც ითქვა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია.

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 210 ლარის გადახდა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ქობულეთში, ............. #169-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით #..... გაუქმდეს საზიარო უფლება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდეს წილების შესაბამისად - მ.მ–ძეს მიეკუთვნოს თანხის 1/2 ნაწილი, დ. და ი. მ–ებს 1/4-1/4 ნაწილი.

5. დ. და ი. მ–ებს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 210 ლარის გადახდა;

6. მ.მ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მ.ყ–ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 31.07.2018წ), შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300713150;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე