Facebook Twitter

საქმე №ას-729-2020

20 მაისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ი–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ა (მოპასუხე)

მესამე პირი – შპს „მ.მ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ბ.ი–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ქ–ას მიმართ და მოითხოვა მესამე პირთან – შპს „მ.მ–ასთან“ ერთად მოპასუხესაც სოლიდარულად დაკისრებოდა 28 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ი–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ბ.ი–მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ კომპანია ამჟამად გაჩერებულია და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შპს „ბ.ი–ს“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიან ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 24 სექტემბერს და 29 სექტემბერს შპს „ბ.ი–ის“ წარმომადგენელმა დ.ნ–მა წარმოადგინა განცხადებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ.ი–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა კასატორს საქმეში არსებულ მისამართზე, თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი მისამართზე ვერ იქნა მოიძებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა შპს ,,ბ.ი–ი“ (მისამართზე: - გარდაბანი, სოფელი .....) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების ჩაბარება. თუმცა ადრესტისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ამ გზითაც ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება – საჯარო შეტყობინება და აღნიშნული გზით შპს „ბ.ი–ს“ ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ.ი–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება – საჯარო შეტყობინება და აღნიშნული გზით შპს „ბ.ი–ს“ ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით, ასევე ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე7 დღეს..

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით და ასევე სსკ 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და სსსკ 78-ე მუხლიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარზე დადეგნილი ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება 2021 წლის 20 აპრილს ვინაიდან განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 13 აპრილს (იხ. ტომი - 2, ს.ფ 399, ინფორმაცია საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების შესახებ).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 21 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 25 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 25 აპრილი იყო კვირა არასამუშაო დღე, სსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2021 წლის 26 აპრილს (ორშაბათს).

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ შპს „ბ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 284-ე, 396-ე, 399-მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ბ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე