საქმე №ას-817-2019 28 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, საჩივრის ავტორი, კასატორი, შემკვეთი ან შემსყიდველი) და შპს „მ–სს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მიმწოდებელი) შორის 2017 წლის 24 იანვარს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 412 ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება #1, #2 და #3 დანართების შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება - 12 400 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2. შეთანხმების ფარგლებში, 2017 წლის 3 მარტს შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, მოსარჩელის სერვისცენტრში მიყვანილ იქნა შემკვეთის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება „ნისან ტიიდა“. სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ფასი - 4207,36 ლარით განისაზღვრა, ხოლო დეფექტური აქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის მიმწოდებელს 2017 წლის 3 მარტიდან (აქტის შედგენიდან) 20 კალენდარული დღე მიეცა, რომელიც დამატებით 15 კალენდარული დღით გაგრძელდა. იმავდროულად, შემკვეთმა მიმწოდებელს შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დააკისრა, გასაწევი მომსახურების დასრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარი. საბოლოოდ, შემკვეთმა 2017 წლის 10 მაისს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მისი არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით (ავტომობილის წინა ბამპერი აღდგენილია, ახალი ნაწილით არ შეცვლილა) და მოსარჩელეს ჯარიმის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% - ის 11900 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. მომსახურებისათვის შემკვეთმა 4207,36 ლარის ნაცვლად შემსყიდველს 3718,36 ლარი აუნაზღაურა, რაშიც ბამპერის (289 ლარი), წინა მხარის პოლირებისა (50 ლარი) და სამღებრო სამუშაოების (150 ლარი) ღირებულება არ შესულა.
4. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.
5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ის ამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება დამატებით განსაზღვრული ვადის მიხედვითაც ვერ შეასრულა, უფრო მეტიც, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვისაც კი, არ ჰქონდა აღდგენილი წინა ბამპერი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
7. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბირს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და ამ შეთანხმების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - 16 600 (4 700+11 900) ლარი, უკანონოდ იქნა ცნობილი და მოსარჩელე გათავისუფლდა მისი გადახდისგან.
10. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, სასამართლო სხდომის პერიოდში წარმომადგენელი მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების გასაუბრებაზე, სტრესულმა გარემომ სხდომის თარიღის დავიწყება და სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა საპატიო გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმისწარმოების განახლებას.
12. 2018 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის წლის 5 აპრილის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
12.1. კასატორის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის პრეზუმფცია, რომ მხარემ დაკარგა საქმისადმი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, ვლინდებოდა შეცდომა და არა ინტერესის დაკარგვა საქმის მიმართ.
12.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, წარმომადგენლის შეცდომამ არ უნდა ხელყოს სამინისტროს უფლება სამართლიან სასამართლოზე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
15. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება,
16. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2018 წლის 14 სექტემბერს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 16. ტ. 2).
18. 2018 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე/უფლებამოსილი წარმომადგენელი. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
19. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
20. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, ანუ - არა სსსკ-ის 233-ე მუხლში მითითებული საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუქმდეს, უნდა დასტურდებოდეს: 1. ე.წ. სხვა საპატიო მიზეზი და 2. რომ საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ეს წინაპირობები კუმულაციურია და მხოლოდ ერთობლივად არსებობის შემთხვევაში ქმნის საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისთვის.
22. კასატორის განმარტებით, სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების გასაუბრებაზე, მისთვის სტრესულმა გარემომ სხდომის თარიღის დავიწყება და სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა. საჩივრის ავტორის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული ფოსტის ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე იმყოფებოდა არა სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს 2018 წლის 12 ოქტომბერს, არამედ იმავე წლის 11 ოქტომბერს. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის ინტერესებს ორი წარმომადგენელი იცავდა და ერთ-ერთი მათგანის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც კი, მეორე წარმომადგენელს შეეძლო სხდომაზე დასწრება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, მას კი, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, სასამართლოსათვის არ უცნობებია.
23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც განსახილველი დავისადმი ინტერესსა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებით გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე/უფლებამოსილი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.
24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.
25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
27. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე