17 მაისი, 2021 წელი,
საქმე№ას-1456-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - მ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ.ჟ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 18 ივლისს პ.ჟ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, დაზარალებული, მოწინააღმდეგე მხარე) შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდეგში - მსესხებელი ან მსესხებელი კომპანია) სესხის ხელშეკრულებით გადასცა 35 000 აშშ დოლარი, 12 თვით, 33% სარგებლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის მიხედვით, მსესხებელი კომპანიის დამფუძნებელი თ.მ–ი, დირექტორი თ.ლ–ძე და ფაქტობრივი მმართველი მ.ფ–ძე (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, ხოლო მ.ფ–ძე მოხსენიებული, როგორც: მოპასუხე, კასატორი, ზიანის მიმყენებელი) მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი თანხების მითვისების გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182.2 მუხლის „დ“ ქ/პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3. დასახელებული განაჩენის თანახმად, მსესხებელი კომპანიის დირექტორმა თ.ლ–ძემ (რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი კომპანიის საქმიანობაზე), მოპასუხის წაქეზებით და თ.მ–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები უკანონოდ გასცა სესხის სახით მოპასუხეზე, რაც მან გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დააბრუნა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი) მითითებულია, რომ, მართალია, ოფიციალურად მოპასუხეს არც ერთ და არც მეორე საფინანსო კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი. მოპასუხემ ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც დაადასტურა.
5. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, ზიანის - 35 000 აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
5.1. 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მსესხებელს ასესხა 35 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 12 თვის ვადით და საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით. გამსესხებელს ეს თანხა არ დაბრუნებია, რის გამოც მოპასუხეებს მოსარჩელისათვის მისი გადახდის ვალდებულება გააჩნდათ. მოსარჩელის მიერ შეტანილი თანხები შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის. მიუხედავად ამისა, თ.ლ–ძემ (რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი მსესხებელი კომპანიის გამართულ საქმიანობაზე), მოპასუხის ორგანიზებით და თ.მ–თან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები, როგორც თავად მოპასუხეზე, ასევე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელისათვის 35 000 აშშ დოლარის გადახდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 30920 მუხლი და განმარტა, რომ ეს ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე სარჩელის განხილვის წესს. დასახელებული მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ამასთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ხოლო სხვა შემთხვევაში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (იხ. სუსგ: №ას-937-888-2012, 13.12.2012; №ას-1322-2018, 4.04.2019).
8.2. საქმეზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელით იყო მოთხოვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე მუხლი.
8.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემომითითებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან იკვეთებოდა, რომ, მართალია, ოფიციალურად მოპასუხეს მსესხებელ კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი. როგორც დგინდებოდა, მოპასუხე კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, მოპასუხეზე გაცემული სესხები და ხელშეკრულებს პირობები დგებოდა მოპასუხის მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება ამ უკანასკნელთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ მოპასუხის მოქმედება თ.ლ–ძის მეშვეობით უკავშირდებოდა დაზარალებულებისათვის მიყენებულ ზიანს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემეობები საფუძველს აცლიდა აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ის მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა.
8.4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეების ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მიადგა. მოსარჩელის მიერ მსესხებლის ანგარიშზე 35 000 აშშ დოლარის შეტანის ფაქტის დადგენისას საასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე წარდგენილი სალაროს ორდერი და სესხის ხელშეკრულება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა არგუმენტირებული:
9.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოსეული დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს განეკუთვნება. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ სტანდარტს, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთის არარსებობისას კი, დელიქტური ნორმებით გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არაა ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას ადგენს. მოსარჩელეს ზიანი მიადგა მსესხებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო. სწორედ ხსენებული ხელმძღვანელობის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო მოხდა მსესხებელი კომპანიიდან კრედიტორებისათვის ფულადი თანხის მასობრივად დაბრუნება, რამაც მსესხებლის გადახდისუუნარობა გამოიწვია. მოპასუხის მიერ ამავე კომპანიისგან ფულის სესხება არაა მსესხებლის გაკოტრების მიზეზი, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე სარევიზიო აქტებით და ასახულია განაჩენში.
9.2. რაკი სასამართლომ საქმე სსკ-ის 992-ე მუხლზე დაყრდნობით გადაწყვიტა, ამიტომ მოპასუხეთათვის პროცენტის დაკისრება დაუშვებელი იყო. გაუგებარია, თუ რამ შექმნა იმის მყარი გარანტია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში მოსარჩელე მსესხებლისგან სარგებელს მაინც მიიღებდა. ამდენად, დელიქტური ურთიერთობისას პროცენტის დაკისრება არასწორია, რადგან აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. სესხზე დარიცხული პროცენტი დელიქტით მიყენებულ ზიანად ვერ მიიჩნევა.
9.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსესხებელი კომპანიის დირექტორი თ.ლ–ძე სრულად იყო პასუხისმგებელი კომპანიის გამართულ საქმიანობაზე და მოპასუხეზე სესხი უკანონოდ გასცა. ამით სააპელაციო სასამართლო აღიარებს, რომ სრული პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა გათვალისწინებული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მოპასუხის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრა.
მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა ვეძიოთ სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებში.
სსკ-ის 992-ე მუხლი ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობის არსი ისაა, რომ იგი არასახელშეკრულებო ზიანის საფუძველზე წარმოიშობა, განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამ მუხლის გამოყენების წინაპირობებია შემდეგია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).
როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019).
14. მოსარჩელემ სარჩელის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა:
ა) 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი;
გ) 2018 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი;
დ) 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებული განჩინება, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად;
ე) მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2016 წლის 18 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება და მსესხებელი კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი N12327 სალაროს შემოსავლის ქვითარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლი 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენში მითითებული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული, მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (სუსგ Nას-203-2020 , 24.12.2020).
სსსკ-ის 30920 მუხლი (ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით) ადგენს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებულ წესს. ეს იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ე.ი. ისინი დადგენილად მიიჩნევა (სუსგ, საქმე №ას-638-605-2014, 22.04.2016). ასეთი კატეგორიის საქმეები, სსსკ-ის XXXIV3 თავის შესაბამისად, შესაძლებელია განხილულ იქნეს გამარტივებული წესით.
დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა. ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით დასტურდება (შდრ. სუსგ, საქმე №ას-937-880-2012, 13.12.2012). დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (შდრ. სუსგ, საქმე №ას-1322-2018, 4.04.2019).
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მყარი საფუძველი შეიქმნა შემდეგი დასკვნისათვის: მოპასუხეს ბრალი იმ დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდა, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასაც მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს.
სადავო საკითხის შეფასებისას, საგულისხმოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები:
1) 2016 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ მსესხებელ კომპანიას სესხის ხელშეკრულებით გადასცა 35 000 აშშ დოლარი, 12 თვით, 33% სარგებლით.
2) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის მიხედვით, მოპასუხე, როგორც მსესხებელი კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, ამავე კომპანიის დამფუძნებელი თ.მ–ი და დირექტორი თ.ლ–ძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი თანხების მითვისების გამო.
3) დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად შემდეგში გამოიხატა: მსესხებელი კომპანიის ძირითად საქმიანობა, მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება იყო. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ.მ–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ.ლ–ძე. კომპანიის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ.მ–ის მეუღლე - მოპასუხე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, კომპანია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ, 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა კომპანიას შემოსავალი მიეღო და მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება უზრუნველეყო. მიუხედავად ამისა, მსესხებელი კომპანიის დირექტორმა თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მოპასუხის წაქეზებით და თ.მ–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მოპასუხემ პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2 343 მოქალაქეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
საყურადღებოა ზემოაღნიშნული განაჩენის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხე „კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი; მ.ფ–ძეზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მ.ფ–ძის მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება თანხმდებოდა ამ უკანასკნელთან“. გარდა ამისა, ყურადსაღებია განაჩენში ასახული სასამართლოს შემდეგი დასკვნა: „მ.ფ–ძე იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, რომელიც როგორც თავისი ქონებით, ასევე გადაწყვეტილებების მიღებით აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მისი ინტერესების პრიორიტეტულობით ახორციელებდა კომპანიის საქმიანობას, რაზეც იყოლიებდა კომპანიის დირექტორს - თ.ლ–ძეს“. „როგორც მ.ფ–ძე, მისი დაყოლიების შედეგად ასევე თ.ლ–ძეც, მხოლოდ მ.ფ–ძის ინტერესების გათვალისწინებით და გამსესხებელთა ინტერესების საზიანოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს“; მ.ფ–ძემ ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად დაიყოლია თ.ლ–ძე, ჩაედინა კომპანიის კუთვნილი თანხების ხარჯვა მ.ფ–ძის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მ.ფ–ძის მოქმედება თ.ლ–ძის მეშვეობით არის დაკავშირებული დაზარალებულებთან და მათთვის ზიანის მიყენების ფაქტთან.
მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი განაჩენის ზემოთ დასახელებული ნაწილები (რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა) იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოპასუხისა (მ.ფ–ძე) და თ.ლ–ძის ერთობლივი მოქმედებები დაკავშირებულია მოსარჩელისათვის (სხვა დაზარალებულებთან ერთად) მიყენებულ ზიანთან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ, მოპასუხე, განაჩენში მითითებულ სხვა პირებთან ერთად, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეს გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში მოპასუხე მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელი პირია.
16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმაზე აპელირება, რომ არ დგინდება ზიანის მიყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული განაჩენით დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელეს 35 000 აშშ დოლარის ზიანი მიადგა, თავისთავად ასაბუთებს ამგვარი მიზეზობრივი კავშირის არსებობას. ამდენად, მოცემული კუთხით ზიანის მიყენების გამომრიცხველი გარემოება არ არსებობს.
17. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არაა ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას ადგენს. მისი მოსაზრებით, მოსარჩელეს ზიანი მიადგა მსესხებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო, ხოლო კასატორის მიერ ამავე კომპანიისგან ფულის სესხება არაა მსესხებლის გაკოტრების მიზეზი. საკასაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს. ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებისა და ზიანის ოდენობის ფაქტები კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე დაყრდნობით დაადგინა და არა - სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა ამისა, ამავე განაჩენში გარკვევითაა მითითებული, რომ მოსარჩელეს ზიანი მარტო მსესხებელი კომპანიის ხელმძღვანელობის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო არ მიდგომია, მითითებული ზიანის დადგომაში ბრალი მოპასუხესაც მიუძღვის, რის გამოც დანარჩენ მოპასუხეებთად ერთად ისიც სწორად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირად.
პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის არაა აუცილებელი, რომ იგი მოსარჩელესთან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფილიყო. აქ ამოსავალი ისაა, რომ მოსარჩელეს ზიანი მოპასუხეების (მათ შორის, კასატორის) ქმედების შედეგად მიადგა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით, არსებობს დელიქტური ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
18. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხისა დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა უნდა ჩაითვალოს. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები (იხ. სუსგ, საქმე №ას-203-2020, 24.12.2020).
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ფ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის - 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე